"მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის" - როგორი მამა და მეუღლეა ლევან ყოჩიაშვილი

"მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის" - როგორი მამა და მეუღლეა ლევან ყოჩიაშვილი

უკვე ექვსი წელია, ლევან ყოჩიაშვილი "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლისთვის ერთ-ერთი სყვარელი გმირია, დათო გოცირიძის სახით. ამ წლების განმავლობაში დათო მრავალშვილიანი მამა გახდა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, მსახიობს ორი შვილი ჰყავს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან "თბილისელებს" მისცა:

- ლევან, მეთორმეტე სეზონის დასაწყისში როგორი შემართება გაქვთ? თან, ამ სეზონზე უკვე დიდი ბიჭის მამა ხართ, ახალი პრობლემებით.

- როგორც ყველა სეზონის წინ, ახლაც დიდი სტიმული გვაქვს. კი, ამ ჯერად ეს ხაზი იქნება რამდენიმე სერია აქტუალური თემა, მოზარდი ჯეკოს ამბები ძალიან საინტერესოა. ჩემი ნამდვილი შვილი ჯეგოზე ცოტა პატარაა, ათი წლის, ასე რომ, მსგავსი პრობლემები ჩვენ ჯერ არ შეგვქმნია. ეს პერიოდი სინამდვილეში, მე წინ მაქვს. ჯერ სერიალში გამოვცდი და მერე – რეალურ ცხოვრებაში. იმედია, სერიალის გამოცდილება დამეხმარება ჩემს შვილთან სამომავლოდ, მოზარდის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების გადალახვაში.

- აქ მრავალშვილიანი მამაც ხართ. რეალურ ცხოვრებაში არ გქონიათ ბევრი შვილის ყოლის სურვილი?

- მე მხოლოდ ორი შვილი მყავს. ადამიანი იმდენ შვილს აჩენს, რამდენის მოვლის თავიც აქვს. ბავშვების გაზრდა მარტივი ხომ არაა? ამიტომ, რამდენის თავიც მქონდა, იმდენი მყავს.

- შვილები რას გეუბნებიან, როგორი მამა ხართ?

- კმაყოფილები არიან ჩემით, პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. მე და ჩემი ძმებიც ასე გავიზარდეთ. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, წინააღმდეგობები არ შეგვხვედრია. მე და ჩემი შვილებიც ვმეგობრობთ. უფროსი, კესო, უკვე დიდია – 19 წლის ხდება.

- ბიჭი არ არის ჯერ იმხელა, რომ მოზარდობისთვის დამახასიათებელი პრობლემები გქონდეთ, მაგრამ 19 წლის გოგო სმამობა მარტივია?

- სხვათა შორის, არაა რთული. კესუნა თვითონ ძალიან მშვიდი ბავშვია. ყოველთვის ასეთი იყო. კარგი შვილია, ჭკვიანია და კარგადაც სწავლობს. ამ ასაკში ადამიანს, რაც ევალება, ყველაფერს აკეთებს მეც, შეძლებისდაგვარად, ვუგებ და არანაირი უთანხმოება არ გვაქვს. სკოლა კარგად დაამთავრა, წარმატებულად ჩააბარა უნივერსიტეტში. თან, ძალიან პატარა, 19 წლის ვიყავი, როცა ის გაჩნდა და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ზუსტად ოცი წლით დიდი ვარ მასზე, როცა შენც შვილთან ერთად იზრდები, სხვანაირი ურთიერთობა გიყალიბდება მასთან. მამაჩემმა მითხრა, შენ და კესუნა ერთად გაგზარდეთო. მესამე კურსელ ბავშვს მყავდა ბავშვი. სტუდენტისთვის, თან იმ პერიოდში, ძალიან რთული იყო ამხელა პასუხისმგებლობა. რა ბავშვზეა ლაპარაკი, როცა თვითონ ვერ გაგიგია, რა გინდა. ამიტომ, მშობლები გვეხმარებოდნენ.

- მამებს უჭირთ ხოლმე ქალიშვილები სთაყვანისმცემლებთან შეგუება.

- რა თქმა უნდა, გოგოს თაყვანისმცემელი უნდა ჰყავდეს. მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის. რას ჰქვია, არ გაათხოვებ? გოგოს თაყვანისმცემლებიც უნდა ჰყავდეს და მერე ოჯახიც უნდა შექმნას. ვმეგობრობთ, მაგრამ პირად ისტორიებს მიყვება-მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩვენც ხომ არ ვუყუებოდით ყველაფერს ჩვენს მშობლებს?!

- ურჩევთ ხოლმე, როგორი უნდა იყოს ბიჭი?

- მთავარია, ნორმალური და პასუხისმგებლიანი კაცი იყოს, დანარჩენს, წინასწარ ვერ განსაზღვრავ. როცა ადამიანს პასუხისმგებლობა აქვს და სხვაზე ზრუნვა შეუძლია, თუნდაც პატარა იყოს ასაკით, ეს უკვე კარგი თვისებაა. არ შეიძლება, ადამიანი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდე. ასეთი კაცები მომწონს და რა თქმა უნდა, მინდა, ჩემი შვილის გვერდითაც ასეთი იყოს.

- სად სწავლობს კესო?

- სამართალზე. მერვე კლასიდან მოყოლებული, ეს პროფესია უნდოდა. სხვათა შორის, მსახიობობის სურვილი არცერთს არ გასჩენია. ჩემი შემყურე, ხედავენ, რომ ცოტა უმადური საქმეა, კარგია, რომ არ უნდათ.

- თქვენი შვილის ტოლი იყავით, როცა ოჯახი შექმენით, რა რეაქცია გექნებათ, ახლა კესომ რომ გითხრათ, გათხოვებას ვაპირებო?

- ამას გააზრება და წინასწარ შემზადება სჭირდება. არ მიფიქრია ამაზე და არ ვიცი, რას ვიზამ. მაგრამ, ალბათ, კედლებზე სირბილს არ დავიწყებ. ასე ვუთხარი მეც ჩემს მშობლებს და არავის გაუწევია წინააღმდეგობა. ასე ვიზამ მეც, სხვანაირად რომ მოვიქცე, უსინდისო უნდა ვიყო, როცა მე ასეთი გამოცდილება მაქვს. თუმცა, ჯერ არ აპირებს.

- როგორი მეუღლე ხართ?

- სულ ვცდილობ, მეუღლეს ყოფა შევუმსუბუქო და მასზე ვიზრუნო. ოცი წელია, ერთად ვართ. როცა შვილები იზრდებიან, საზრუნავი იმატებს და მეტი ყურადღება ბავშვებზე გადადის, მაგრამ ვცდილობ, მეუღლესაც არ მოვაკლო ყურადღება და არ ვაწყენინო.

- ორივე დაკავებულები ხართ, ეხმარებით საოჯახო საქმეებში?

- როგორ არა, შემიძლია, მეუღლეს ყველაფერში დავეხმარო. ყოველთვის ასე იყო. ძალიან პატარები ვიყავით, ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ და როცა მშობლები არ იყვნენ ჩვენთან ერთად, საოჯახო საქმეები მხოლოდ მეუღლეზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. სახლის დალაგებაშიც ვეხმარებოდი და ბავშვის მოვლაშიც. ახლა კი დამავიწყდა, მაგრამ მაშინ ყველაფერს ვაკეთებდი. ბავშვს ვაბანავებდი და ასე შემდეგ.

- კერძების მომზადება თუ გეხერხებათ?

- დიდად არა, მაგრამ აი, როცა საქმე ხორცს ეხება, მაშინ მეუღლემ იცის, რომ სამზარეულოს არ უნდა გაეკაროს. ეს ჩემი ძლიერი მხარეა. იცით, რატომ გამოსდით მამაკაცებს უფრო გემრიელი კერძები? იმიტომ, რომ მათ მომზადების ვალდებულება არ აქვთ და სიამოვნებით აკეთებენ. მე ხორცს ვაკეთებ და სხვა დანარჩენს, მეუღლე ამზადებს. ძალიან გემრიელად. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, მას ვერ მოუხერხებია და მე გამიკეთებია. სახლი და ოჯახური გარემო ძალიან მიყვარს. არ მესმის, რომ ამბობენ, კაცი ვარ და ეს რატომ უნდა გავაკეთოო. დამილაგებია კიდეც, ჭურჭელიც გამირეცხავს და ყველაფერი გამიკეთებია, რაც საჭირო ყოფილა. თუ ქალს იმ მომენტში არ სცალია და სხვა საქმითაა დაკავებული, რა პრობლემაა. მე აბსოლუტურად მომხრე ვარ, რომ ქალი სოციალურად აქტიური და დაკავებული იყოს. დააკვირდით, სადაც ქალებს შეზღუდული უფლებები აქვთ, იმ ქვეყნებში გაუთავებელი ომებია. იმიტომ რომ, ქალს დიდი ძალა აქვს.

(შემოკლებული ვერსია)

ქეთი კაპანაძე

"თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება