"რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო

"რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო

16 ოქტომბერს "იმედზე" "ნიჭიერის" პირველი გადაცემის პრემიერა შედგა.

"რუსთავი 2"-ის პროექტების, მათი ხელმძღვანელების და თანამშრომლების "იმედზე" გადასვლის შემდეგ, მაყურებელი მოუთმენლად ელოდა, როგორ აიღებდა სტარტს ახალ არხზე ყველაზე სახალხო და ქვეყნის ყველაზე რეიტინგული შოუ. რეიტინგებს, რა თქმა უნდა, ელოდნენ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებიც და პირველი გადაცემის შემდეგ, შეიძლება ითქვას "რეიტინგებით ომი" გაიმართა "ფეისბუქში".

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერენ, რომ გადაცემამ დაბალი რეიტინგი აჩვენა, თუმცა "ნიჭიერის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანები და "იმედის" თანამშრომლები საპირისპიროს ამტკიცებენ.

"ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი 2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას. მე მიყვარს ნიჭიერი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნიკა გვარამია კი ასე გამოეხმაურა მისი არხიდან კონკურენტ ტელევიზიაში გადასულ მეგაშოუს პრემიერას: "ნიჩიერი" - რეიწინგ დვადცატ დვა პრაცენტა. ა მი ნაჩინალი ს ტრიდცატი პიწი, ნაძეჟდა, მოი კომპას ზემნოი" - წერს გვარამია.

ფეისბუქის პირადი გვერდებიდან უპასუხეს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების კრიტიკას და ცინიზმს "ნიჭიერის" ჟიურის წევრმა სტეფანე მღებრიშვილმა და მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ: "მადლობა "იმედის" გუნდს იმისთვის რომ რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო. რეიტინგის ყველა ოფიციალური დამთვლელით, ნიჭიერის პირველმა სერიამ სატელევიზიო სეზონის რეიტინგის რეკორდი მოხსნა. ნიჭიერი ყველგან ნიჭიერია და ყველგან ნომერი პირველი!" - წერს გიორგი ხაბურზანია "ფეისბუქზე".

სტეფანე მღებრიშვილმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა ყოფილი თანამშრომლების სტატუსების პასუხად: "...და პირველი არხი როცა შეიქმნა და ორი საათი მაუწყებლობდა, ბაბუაჩემი რომ დაიბადა... რა მაღალი რეიტინგი ჰქონდა იცით?!" - წერს მღებრიშვილი.

ამავე პოსტში წამყვანი ნანიკო ხაზარაძე რეიტინგების შედეგებსაც აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ "ნიჭიერმა" ორშაბათს ყველა სხვა გადაცემას გაუსწრო რეიტინგით, მათ შორის "რუსთავი 2"-ის "არჩევანსაც", რომლის სტუდიაშიც გუშინ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები იმართებოდა. ამ მონაცემების მიხედვით, "ნიჭიერის" რეიტინგი 21 - 26,61%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო "არჩევანის" - 4,90 - 5,31% ფარგლებში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს