რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში - "არ მჯეროდა, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა"

რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში - "არ მჯეროდა, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა"

ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი. მაშინ წყვილი ერთად ცხოვრობდა. AMBEBI.GE გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "სარკის" ინტერვიუებიდან, რომელიც სანდრო თაქთაქიშვილსა და ლიკა ქავჟარაძესთანაა ჩაწერილი:

სანდრო თაქთაქიშვილი:

- როგორც მეუღლე, ლიკას შემოქმედებას დადებითად ვაფასებ. ვთვლი, რომ მას აქვს თავისი ადგილი ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიკა განსაკუთრებით "ნატვრის ხესა" და "პეპელაში" მომწონს, "ბორბალშიც" კარგია…

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ხელოვანი არ ვარ, მის გარეშე ცხოვრება ჩემთვს მართლაც შეუძლებელი იქნებოდა. კინო და სამსახიობო ხელოვნება ჩემთვისაც ძალზე ახლობელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მამაც რეჟისორი გახლდათ. მართალია, მხატვრულ ფილმებს - არა, მაგრამ ტელეფილმებს იღებდა. ამას ისიც დავუმატეთ, რომ ოპერატორი ლომერ ახვლედიანი ჩემი ნათლიაა. ბებიაც მსახიობობდა.

ჩემს ოჯახში ყოველთვის კინოსთან დაახლოებული ადამიანები იყრიდნენ თავს. ლანა ღოღობერიძეც ჩემი ახლობელია და ხშირად ვიყავით ერთად. ლანა ბებიაჩემს იღებდა ცნობილ ფილმში "აურზაური სალხინეთში". მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ბებიას ვახლდი გადაღებებზე. ჩემი სამეგობრო წრე და ამხანაგები რეჟისორები არიან...

ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით... შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე. ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით... ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა...

დედამისი ლიკას სულ თან დაჰყვებოდა. შესაბამისად, მკაცრიც იყო. თუმცა ლიკა მაშინ პატარა იყო და ეს სიმკაცრეც ალბათ საჭირო იყო. მერე, როცა გაიზარდა, გამოვიდა დედის კალთიდან და რაღაცნაირად ვახერხებდით შეხვედრას, თუმცა არც არავინ გვიშლიდა...

"ნატვრის ხის" შემდეგ მარიტა ბევრს უყვარდა. მარიტა მეც ძალიან მიყვარდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი.

საერთოდ, შინაგანად უკომპლექსო პიროვნება ვარ, მაგრამ რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ, აი, ასეთი ლამაზი და პოპულარული გოგო მიყვარდა. იმედიც არ მქონია მაინცდამაინც და არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მასაც გაუჩნდა მერე გარკვეული გრძნობა ჩემ მიმართ...

ვერ გეტყვთ, ლიკა რითი მოვხიბლე, თანაც, საკუთარ თავზე ხომარ ვიტყვი საქებარ სიტყვებს და ტრაბახს ხომ არ დავიწყებ, ასეთი მაგარი ბიჭი ვარ-მეთქი?!

ვიტყოდი, რომ ლიკა კი არ განსხვავდება მარიტასგან, რაღაცით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. რაღაც საერთოა მათ ხასიათში. ურთიერთობებში ლიკაც ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც მარიტა, ისეთივე თბილი და სათუთი.

არა მგონია, ოჯახს რაიმეში ხელი შეეშალა ლიკასთვის. პირიქით, როცა ჩვენი შვილი დაიბადა, მაშინაც დადიოდა გადაღებებზე... ლიკას ჩემი მხრიდან შეზღუდვა არ ჰქონია, თუმცა იყო გარკვეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ლიკას ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინა გადაღებებისთვის.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული სურვილისა და მოთხოვნისა, ლიკა თავს მაინც არ ანებებდა. როგორც ჩანს, მას კინო ძალიან უყვარდა. ის პერიოდი, ვიტყოდი, რაღაც გაურკვეველ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ მერე, დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ვცდებოდი და შემდგომ მოვუწონე კიდეც თავისი რომ გაიტანა...

ლიკას ძალიან დიდი ხნით უწევდა წასვლა, ოჯახის, ბავშვის დატოვება და ა. შ. მეც ძალიან ბევრს დავდიოდი, ამიტომ მაინც ვცდილობდი და ვაიძულებდი კიდეც თავს, ლიკასთვის როგორმე გამეგო. ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, ლიკაზე ოდნავ ცუდად არც კი გამიფიქრებია არასოდეს... ლიკა ლამაზი ქალია, ლამაზი ქალი კი ყოველთვის ვიღაცას მოსწონს, ეს სავსებით ბუნებრივი რამაა.

ლიკა კარგი დედა და კარგი მეუღლეა. ქალისთვის ალბათ ეს უმთავრესი რამაა. ბუნებით ძალზე მოსიყვარულეა. რაც შეეხება მზარეულობას, აქ ცოტათი მოიკოჭლებს. შეიძლება ითქვას, საშუალო მზარეულია...

ეს პრობლემა ნამდვილად არ მაწუხებდა, რადგან ხან ლიკას დედასთან ვცხოვრობდით და ხან ჩემს მშობლებთან. ხშირად კი ვეუბნებოდი, მიდი, მიდი, შენც ისწავლე-მეთქი, მაგრამ ლიკა ამ მხრივ თავს არ იწუხებდა. ბოლოს მივხვდი, რომ ლიკა ქავჟარაძის ადგილი სამზარეულოში არ იყო... ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მეც შემიძლია საჭმლის გაკეთება...

ჩვენი შვილი, ლევანი, ნიჭიერი პიროვნებაა, ვთვლი, რომ მეც და ლიკაც სწორად ვზრდით. უბრალოდ, განსხვავება ისაა, რომ შეიძლება ჩვენ უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ლევანს, ვიდრე ჩემი და ლიკას მშობლები იჩენდნენ ჩვენთან დამოკიდებულებაში.

ამავე ინტერვიუში ლიკა ქავჟარაძე სანდრო თაქთაქიშვილთან ურთიერთობასა და თავის ცხოვრებაზე საუბრობს. ამბობს, რომ მისი სანუკვარი ოცნება იყო, კარგი დედა, მეუღლე და დიასახლისი გამხდარიყო:

"მე და სანდროს ახლობლური და თბილი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი სიყვარულიც უფრო ლაღი იყო და უფრო თავისუფალი ფორმალური რაღაცებისგან... თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი თაყვანისმცემელი სულაც არ მყოლია, თუმცა ისიც შეიძლება, რომ არ ვაქცევდი ყურდღებას. სანდროზე იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ ალბათ ყველაზე უფრო ყურადღებიანი, ჭკვიანი და განათლებული იყო, რაღაცით მავსებდა.

ხშირად ყოფილა, რომ მიწვევა მქონია, მაგრამ უარი მითქვამს იმის გამო, რომ დიდი ხნით მომიწევდა სახლიდან გასვლა და ვიცოდი, არ გამიშვებდნენ, ვთვლი, რომ ოჯახი მართლაც მძიმე ჯვარია მსახიობისთვის.

იყო ისეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემსა და სანდროს შორის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა და არ ვიყავი კარგად. სწორედ მაშინ იმდენი შემოთავაზება იყო, ისეთი მოზღვავება ამ მიწვევების, რომ უკვე აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ არც ერთ მიწვევას დავთანხმდი და არჩევანი ოჯახსა და სანდროზე გავაკეთე.

სანდრო კარგი მამა და მეუღლეა, მაგრამ ვერ იტყვი, ოჯახის კაციაო. ამ ბოლო დროს დაიწყო ბაზარში სიარული, საყიდლებზეც დადიოდა. როცა რამის გაკეთება მეზარებოდა, სანდრო აკეთებდა ყოველთვის. ყოფილა შემთხვევა, სანდროს საქმე მე გამიკეთებია, ოჯახში ფუნქციები კატეგორიულად გადანაწილებული არ გვქონია. მე სანდროს მიმართ ყოველთვის ვეჭვიანობდი. საერთოდ ბავშვობიდან ეჭვიანი ვარ. ეს ალბათ ჩემი ბუნებიდანაცაა გამომდინარე", - ყვებოდა ლიკა ქავჟარაძე "სარკესთან".

შემოკლებული ვერსია, ვრცლად ჟურნალ "სარკის" ოთხშაბათის ნომერში