სევდიანი ბგერები

სევდიანი ბგერები

როდესაც ქვეყანას უსუსური მთავრობა მართავს, ხალხი აღარ ენდობა მას და იწყება სრული ქაოსი. თავს იჩენენ უმართავი პროცესები - შიდა ომები, არასწორი პოლიტიკის გამო დაკარგული ტერიტორიები, ადამიანებში ჩაბუდებული მანკიერებანი. საერთო უიმედობის ფონზე ნადგურდება მატერიალურთან ერთად სულიერი საზრდო- კულტურა, ხელოვნების დარგები თეატრი და კინემატოგრაფი. გასული საუკუნის 90- ანი წლების გაპარტახებულ საქართველოში ყველგან ისმოდა მფრინავი გამოთქმა- ქართული კინო მოკვდა, კინო აგონიაშია! მიუხედავად ტოტალური უსახსრობისა, იმ პერიოდში მაინც ხერხდებოდა ფილმების გადაღება. ეკრანი წალეკა (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა)არფრის მთქმელმა, მდარე ხარისხის, უსახური ფილმების კასკადმა. თითქოს ქვეყანასთან ერთად კინოც უფსკრულში ეშვებოდა. უამრავი ისტორია ეკრანზე ხორცშესხმას ელოდა. სამოქალაქო ომის და ლტოლვილების თემა, გაჭირვებულ- გაღატაკებულ, დაუძლურებულ ქვეყნაში მცხოვრები ადამიანების ისტორიები. რატომღაც ყველაზე აქტუალური ნარკომანების თემა აღმოჩნდა. იღებდნენ და იღებდნენ მხოლოდ ამ თემატიკით დატვირთულ ფილმებს, თითქოს ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ არსებობდა. ყველაზე პრიორიტეტული ეს თემა, ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა (ნებისმიერ სოციუმში) და ქართული კინოს საზრდო გახდა. ამ თემატიკით შედარებით ახალგაზრდა რეჟისორები ინტერესდებიან, რადგან მათთვის უფრო შეხებად მოვლენასთან აქვთ საქმე. ასაკოვანი, სახელოვანი რეჟისორები კი საერთო ისტერიას, პოლიტიკურ ვნებებს აყოლილნი ვეღარ ახერხებენ მათთვის დამახასიათებელ სტილში მუშაობას. ამიტომაც იმ პერიოდში მოარული ფრაზა, რომ კინო მოკვდა, სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდა.

21-ე საუკუნის დასაწყისშიც ანალოგიური სურათი გვხვდება, თითქოს არავის არაფერი არ ადარდებს, ჩვენს მაყურებელს ურჩევნია შელამაზებული უხამსობით დატკბეს, ვიდრე შიშველ რეალობას უყუროს და ამით შეწუხდეს. და კინოვაკხანალიაც გრძელდება. მხოლოდ ნულოვანი წლების შუა პერიოდიდან ეროვნული კინო იწყებს გამოცოცხლებას, მართალია, თემატიკა დააახლოებით იგივეა, მაგრამ გადაღების სტილი განსხვავებული, ბევრად უფრო დახვეწილი, კარგად ნაფიქრი.

2005 წელს ეკრანზე გამოდის ლევან ზაქარეიშვილის 8 წლის მანძილზე უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად შექმნილი ფილმი "თბილისი- თბილისი". ფილმი, რომელმაც საზოგადოებას თვალნათლივ დაანახა, რომ ქართული კინო ცოცხალია და თავაწეული განაგრძობს გზას გამარჯვებებისკენ. ფილმი რეჟისორიდან დაწყებული კომპოზიტორით დამთავრებული, ყველა კომპონენენტით იქნა დაჯილდოვებული სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ კინოფესტივალებზე.

ჩაბნელებული,გაუგებარი ნივთებით ჩახერგილი, მიმქრალი კოცონის მბჟუტავი სინათლით ოდნავ განათებული შავ-თეთრი კადრით დაწყებული ფილმი,თავიდანვე მიგვანიშნებს ქალაქში ჩაბუდებულ გამოუვალ მდგომარეობაზე. რომ ქალაქი, რომელიც რეჟისორს ეამაყებოდა, მასში მცხოვრები კეთილი, ლაღი ადამიანებით -აღარ არსებობს. მისი სახე უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღდასმულ, თვალებში ცრემლ ჩამდგარ, მიუსაფარ ადამიანს დამსგავსებია. მათი სახეები იდენტურია, ისევე, როგორც მახინჯ სხეულში მახინჯი სულია (იშვიათი გამონაკლისის გარდა). ფილმი მოგვითხრობს დაუსაქმებელი ახალგაზრდა რეჟისორის შესახებ, რომელიც სცენარის დაწერას ცდილობს არსებულ რეალობაზე. მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ფერშია გადაწყვეტილი, დანარჩენი კი შავ-თეთრ ფერებშია წარმოდგენილი, რაც უფრო ამძაფრებს გამოსახულებას. რადგან შავ-თეთრის კონტრასტი, მათი სპექტრი უფრო მეტ მრავალფეროვანებას და სიღმისეულობას იძლევა, ვიდრე კონკრეტული ფერი. მთავარი გმირი ცდილობს სცენარი მიუძღვნას ქალაქში არსებულ ახალ მოვლენას- ბაზრობას- სადაც სრულიად ახალი სოციუმი ჩამოყალიბდა და სამუდამოდ ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდა. უფრო სწორად თბილისი გახდა ჯიხურებისა და ბაზრობის ნაწილი, ბაზრობა კი თბილისის მოდელი. აქ ცხოვრება ტალახიან, მიხვეულ- მოხვეულ ლაბირინთებში მიედინება, სადაც ცხოვრებისგან გარიყული ადამიანები მაწანწალები, მათხოვრები, ქურდები, მეძავეები, ფუნქცია შეცვლილი ადამიანები,რომლებიც ოდესღაც რაღაცას წარმოადგენდნენ ვაჭრებთან და პოლიციელებთან ერთად სახლობენ ამ ახლად ათვისებულ ტერიტორიაზე. ეს არის ადგილი, სადაც ცა არ სჩანს, უმზეო, ნახევარ ტონებით განათებული ადგილია. გადაჭრილი კადრები სივრცის უჰაერობის, შეზღუდულობის მანიშნებელია. რეჟისორი გადაღების ამ მიგნებით ხაზს უსვამს არსებული რეალობის გამოუვალ მდგომარეობას, საიდანაც გამოსავალი ალბათ უფრო სიკდილშია, ვიდრე იქიდან გაცლაში. ფილმის ნარატივი არაორდინალურად არის გადაწყვეტილი. ოთხ ნოველად დაყოფილი,ოთხი მთავარი მთავარი გმირის ისტორიას შეიცავს, რომელნიც ბაზრობის, ქვეყნის ამ მიკრომოდელის ბინადარნი არიან და მათი დრამატული ისტორიებიც იქ ვითარდება.

ყოფილი დრამატურგი, მთავარი გმირის სათაყვანებელი პროფესორი, ბატონი ოთარი გაჭირვების გამო, ბაზრობის ჯიხურიდან იაფიანი სანოვაგით ვაჭრობს. ის იმდენად ვერ ერგება სამუშაოს, რომ მუდამ ზარალშია. ყველა ეცოდება, ცდილობს თავისზე უფრო გაჭირვებულს დაეხმაროს. ხშირად გაქურდულიც რჩება, ფილმის ბოლოს იგი ტოვებს იქაურობას. მისთვის მიუღებელი და გაუსაძლისი ხდება ამ ანტურჟში არსებობა.

ჯიბგირი თედო, თავის ამფსონებთან ერთად, ბაზრობაზე მოსულ მყიდველებს ქურდავს, თუმცა რაინდულო სულის მატარებელიცაა, არ ემორჩილება კორუმპირებულ პოლიციელს, იცავს თავის დას მისგან, ბაზრობაზე დაჩაგრული მედოლე გავროშაც (რომელსაც მეოთხე ნოველა ეძღვნება) მას მიმართავს დასახმარებლად, რასაც თედო ეწირება კიდეც.

ყველაზე ძლიერმომქმედი მესამე ნოველაა- ყრუ-მუნჯი ნონა, აფხაზეთიდან დევნილი და-ძმის შესახებ,რომლებიც მათხოვრობით ირჩენენ თავს. ისინი ლიანდაგებზე გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობენ . გოგონა ავადმყოფ ძმას ვაგონში ჩაკეტავს და მარტო გაეშურება საშოვარზე. უკან გვიან დაბრუნდებულს ბაზრობის ქურდი ბიჭები აყაჩაღებენ . გაძარცვული ნონა მირბის უკვე დაძრული მატარებლისკენ, რომელსაც ის ვაგაონი ჩააბეს,სადაც პატარა ძმაა ჩაკეტილი . ლიანდაგზე წაქცეული ნონა ცრემლიანი თვალებით ამაოდ გასცქერის მიმავალ ვაგონს.

ამ შემზარავი ეპიზოდის გამოხატვის ფორმა იტალიური ნეორეალიზმისათვის დამახასიათებელი გადაღების სტილისტიკას გვახსენებს. ისეთივე სიმძაფრის მქონეა, როგორც ამ მიმდინარეობის რეჟისორების ფილმები. მთლიანად ფილმსაც ნეორეალიზმის ელფერი გასდევს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, ეს ხომ ქართული ახალი რეალიზმია. ოღონდ იტალიელებისგან განსხვავებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუჩაში გავიდნენ,რათა დროის დოკუმენტალური ასახვა შეძლებოდათ მხატვრული ფილმის მეშვეობით, ამ შემთხვევაში ბაზრობა გახდა ის კონკრეტული დრო და სივდრცე სადაც ახალი სოციუმი ჩამოყალიბდა, რომელმაც ასოციალური პიროვნებები მოიცვა. ეკრანული სივრცე კი რეალური ცხოვრების გამგრძელებელი გახდა.

ბოლო ეპიზოდებში ახალგაზრდა რეჟისორი , რომელსაც ფილმის სცენარი მზად აქვს ხვდება, რომ ამ ფასეულობა დაკარგულ გულცივ სამყაროში შემოქმედების ადგილი აღარ არის. ის სცენარს გამყიდველ ქალს უტოვებს, რომელიც ამ ფურცლებს მზესუმზირის ჩასაყრელად მაინც გამოიყენებს.

ფილმი რეზო ლაღიძის "თბილისო"-ს ნიაზ დიასამიძისეული ინტერპრეტაციით მთავრდება. ასე გულშიჩამწვდომად ეს სიმღერა არავის არასოდეს არ შეუსრულებია. ნიაზი ამ ფილმის კომპოზიტორია და მისი მელოდიებით და სიმღერებით შემკულია მთელი ფილმი. მაგრამ ფინალური სიმღერა, თავისი ინტონაციითა და შესრულების მანერით ზუსტად გამოხატავს ფილმის არსს, იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რაშიც ჩვენი ქალაქი აღმოჩნდა. მისი სევდიანი ბგერები თან მიჰყვება მაყურებელს დიდი ხნით.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება