"ბავშვური" თამაში დრამატული სასამართლო ფინალით - "კუდიანებზე ნადირობა" მოზარდ მაყურებელში

"ბავშვური" თამაში დრამატული სასამართლო ფინალით - "კუდიანებზე ნადირობა" მოზარდ მაყურებელში

პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი "ბავშვური" თამაში საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზრდა... ეს ამბავი 1692 წელს მასაჩუსეტსის პატარა ქალაქ სეილემში მოხდა...

ორად გახლეჩილ საზოგადოებას, "კუდიანებზე ნადირობას" და ადამიანთა ბედით თამაშს, სიყვარულსა და შურისძიებას, უფლის სახელით ჩადენილ ცოდვასა და ცხოველურ ვნებებს ხალხი მასობრივ ისტერიკამდე მიჰყავს...

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილსის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ცოტა ხნის წინ უფროსი თაობის მაყურებელს ისტორიული დრამა, არტურ მილერის "სეილემის პროცესი" შესთავაზა, პიესა, რომელიც ნებისმიერი რეჟისორისთვის სასურველი სამუშაოა და უამრავ თემას სთავაზობს... თარგმანი ქეთევან ლორთქიფანიძეს და თემურ ჩხეიძეს ეკუთვნით.

დამდგმელი რეჟისორი და ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, სპექტაკლის რეჟისორი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- "სეილემის პროცესი" მხოლოდ ჩემი საქები პიესა არ გახლავთ, არაერთი გამოკითხვით, XX საუკუნის საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული. ჩემთან მიმართებაში კი მას უცნაური ისტორია აქვს: როდესაც მარჯანიშვილის თეატრის მსხიობი ვიყავი, ქალბატონმა ლილი იოსელიანმა ასისტენტად ამიყვანა. რეჟისორობა რომ დავაპირე, ბატონმა თემურ ჩხეიძემ მითხრა - თუ ამ მიმართულებით ფიქრობ საქმიანობის გაგრძელებას, მოდი, მოვსინჯოთო და "სეილემის პროცესზე" (1994 წელი) ასისტენტად ამიყვანა... მას მერე 23 წელი გავიდა...

იყო ასეთი ეპიზოდიც - 2002 წელს პედაგოგიკაში დისერტაცია დავიცავი, ნიმუშად სწორედ ეს პიესა ავიღე და მსახიობებთან მოვსინჯე (ეს იყო თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების ჯგუფი, რომელშიც სწავლობდნენ - ლევან ხურცია, ტატო ჩახუნაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ქეთი ხიტირი, ნინო მითაიშვილი, თეონა მაისუარძე და სხვა). მას მერეც 15 წელი გავიდა... სხვათა შორის, მაშინ აჩიკო სოლოღაშვილი და ქეთი ხიტირი დააჯილდოვეს - მათი შრომა წლის ყველაზე კარგ სტუდენტურ ნამუშევრად აღიარეს, თუმცა იმ სპექტაკლს დღევანდელთან საერთო არაფერი აქვს არც მხატვრული, არც მუსიკალური და ქორეოგრაფიული გადაწყვეტით.

- ე.ი. 15 წელი ემზადებოდით "სეილემის პროცესის" დასადგმელად...

- ასე გამოვიდა... ამ თეატრში 5 წელია ვმუშაობ. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამ ნაწარმოებით სათქმელი გვეთქვა? ამას მნიშვნელობა აქვს, რადგანაც "სეილემის პროცესი" პოლიტიკურ პიესად არის აღიარებული, ისევე, როგორც "კუდიანებზე ნადირობა" (ეს თემა XX საუკუნის 50-იანი წლების ამერიკაში გაჩნდა, რასაც მილერმა "სეილემი" მიუძღვნა).

მაგრამ არ მომწონს მოზარდმაყურებელთა თეატრის პოლიტიკაში გარევა, არადა, იმდენად მძლავრად არის პიესაში ეს თემა, რომ ვერ ავცდით, თუმცა უმეტესად ადამიანის ღირსებისა და ზნეობის შენარჩუნების საკითხზე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა. ოღონდ, ერთი ცდუნებაც იყო - რელიგიური თემა, რომელიც თუ თანამედროვე საქართველოს გადავხედავთ, აქტუალურია და არც ამის აქცენტირება მინდოდა...

- თუმცა პიესა ამისკენ დიდ ბიძგს იძლევა…

- დიახ, რადგანაც სპექტაკლში 2 პერსონაჟი სამღვდელო პირია. მათი უშუალო მონაწილეობით სერიოზული ტრაგედია ხდება - ერთი მოტყუებულია, მეორე თავისი ოჯახიდან გამომდინარე, თვითგადარჩენისთვის იბრძვის. სინამდვილეში, ღმერთის და ეკლესიის სახელით, უდანაშაულო ადამიანები იწირებიან. ეს თემები კაცობრიობას მარადიულად აწუხებს ალბათ მას მერე, რაც არსებობს სახლმწიფო და ეკლესია... მაგრამ კიდევ უფრო მარადიული თემებია - ადამიანის ღირსება, ზნეობა, რაც ჩვენს თეატრს მეტად შეესაბამება და უმეტესად ამ მიმართულებას დავადექით.

- სპექტაკლი რა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი?

- ის საღამოს რეპერტუარშია და ვისაც აინტერესებს, ნახვა ყველას შეუძლია. უბრალოდ, ვაპირებთ, რომ თვეში ერთი ან ორი წარმოდგენა ვითამაშოთ, როგორც ერთგვარი საკულტო სპექტაკლი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენს თეატრში არსებობს ისეთი რეპერტუარი, რაც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც მაყურებელს, ასვევე მსახიობებს, საკუთარი თავი ნებისმიერ როლში გამოსცადონ. მაგალითად, მსახიობი თამარ მამულაშვილი "სეილემის პროცესში" თუ ერთ-ერთ სერიოზულ როლს თამაშობს (ელისაბედ პროქტორი), პარალელურად თაგვსაც წარმოადგენს "თაგუნებსა და ყველში", რადგანაც ვიმეორებ, თეატრის რეპერტუარია ასეთი. მოზარდმაყურებელთა თეატრის მიმართულებაც ხომ ეს არის? ასეთი მარავლფეროვნება კი მსახიობის შემოქმედებითი ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- მგონი, უნიკალური მსახიობის ერთგვარ მოდელს ქმნით.

- კი, ასეა, რომ მსახიობმა და სპექტაკლმა ყველა ასაკის მაყურებლისთვის თანაბარი სიძლიერით და ენერგიით იმუშაოს... რაც შეხება აბონემენტს, მოთხოვნაა მაღალ კლასელებისგან, სტუდენტური კავშირებისგან... თუმცა თეატრს სალაროს მაყურებელიც აქტიურად ჰყავს...

- ვფიქრობ, რომ ამჯერადაც გაგიმართლეს მსახიობებმა?

- დიახ, მაგალითად, მსახიობმა თამარ მამულაშვილმა ვფიქრობ, ყველა ამოცანა, რაც იყო მის წინაშე დასახული, თავისი ნიჭიერებით, პროფესიონალიზმით განახორციელა. ძლიერი მსახიობია... სპექტაკლზე მუშაობისას ცოტა უცნაური რამ მოხდა - პრემიერამდე ერთი თვით ადრე, 2 საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟის შემსრულებელი შეიცვალა, ხოლო ძირითადი ბირთვი განაწილებიდან მოყვება, მაგრამ ვფიქრობ, ამას არ უმოქმედია წარმოდგენაზე.

მინდა, შევჩერდე ნუგზარ ყურაშვილზე (რომელთანაც 4 სპექტაკლზე ვიმუშავე), ვხედავდი, როგორი ენერგეტიკით მოდიოდა ყოველ რეპეტიციაზე, მთელი ზაფხულის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ თეატრი შვებულებაში იყო, რამდენჯერმე კონკრეტული კითხვებით შემეხმიანა. ერთი წუთი არ შეუწყვეტია როლზე მუშაობა.

ვახო ჩაჩანიძესთან პირველად მომიწია მუშაობამ (თუ არ ჩავთვლით პატარა ეპიზოდს ერთ საბავშვო სპექტაკლში, სადაც უცხოპლანეტელს თამაშობდა). რაც ვახომ მოახერხა ის არის, რომ გარდატეხა შეძლო - რადგანაც ის კინოხერხით თამაშის ოსტატია, კარგად იცის კამერასთან მუშაობა, სცენაზე ყველაფერი სხვაგვარადაა, ამიტომ ეს მართლაც გადასალახავი პრობლემა პერსონაჟიდან გამომდინარე დაძლია. ემოციურ და ძალისმიერ გმირს თამაშობს... ვახოს ერთი საოცარი თვისებაც აქვს - თეატრში ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა. არ მეგულება ადამიანი, რომელიც მას პატივს არ სცემდეს, რაც დაიმსახურა - საოცარი კეთილგანწყობის ადამიანია, მისთვის უცხოა ყოველგვარი შური, მითქმა-მოთქმა, ინტრიგა, ამ ყველაფერზე ზემოთ დგას...

ვახო ჩაჩანიძე:

- საოცნებო როლია და ამავე დროს რთულიც. ცუდი ის იყო, რომ ერთი თვე ცოტა იყო მასზე სამუშაოდ - დრო არ მეყო. ამ პიესას აშკარად მეტი დრო სჭირდება, ახალა მესამე სპექტაკლი ვითამაშეთ, მეათე უკეთესი იქნება.

მოკლედ, რთულია, თითოეულ გმირს იმდენი ხაზი აქვს, ამის დაკარგვა საცოდაობა იქნება, ანუ პიესა იმის საშუალებას გაძლევს, რომ ბევრი ფერი შექმნა და აჩვენო...

სპექტაკლზე მუშაობისას, ჩემთვის მთავარი სირთულე იყო, კინოხერხით არ მეთამაშა, რადაგან ბოლო დროს უმეტესად, კინოში მიწევს საქმიანობა...

- ვფიქრობ, რომ თავი გაართვი...

- თუ გამოვიდა, მაგას რა სჯობია?.. ახლა დამთავრდა სპექტაკლი და სცენაზე ბევრი ტკივილი დავტოვე... როგორც მომღერლისთვისაა სიმღერა, მსახიობისთვის არის სპექტაკლი. ემოციებისგან იცლები.

- გიყვარს შენი გმირი?

- კი, ვუთანაგრძნობ ჩემს პერსონაჟს...

ძალიან ტრაგიკულია - ერთი რამ შეეშალა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა...

- რაც შეხება თეკლა ჯავახაძეს?

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- სპექტაკლში არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლი. მადლიერი ვარ ყველასი... მინდა, აღვნიშნო მხატვარ ლომგულ მურუსიძის ღვაწლიც - უკვე მერამდენედ გამაოცა კოსტიუმებით, დეკორაციებით, ყოველ ახალ წარმოდგენაზე შესანიშნავი ნამუშევარი აქვს...

მოკლედ, ახლა ველოდებით მაყურებელს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება