"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კომასთან

"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კომასთან

იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, დიდ წარმატებას რომ მიაღწევს და იოტისოდენადაც არ იცვლება. ამიტომაც მეამაყება განსაკუთრებულად - მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერი და პარიზის ტიერი მიუგლერის სამოდელო სახლის ქალის ხაზის კრეატიული დირექტორი, ჩემი მუდამ ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე ნათლული, 32 წლის დევიდ კომა - დავით კომახიძე. მასთან ბოლო ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ, მიუგლერის სახლის დირექტორობამდე ჩავწერე და მას შემდეგ სალაპარაკოდ ვეღარც მოვიხელთე. ამჯერად ერთმანეთის პირისპირ კვლავ საქართველოში აღმოვჩნდით და მართალია, ათასი რამის კითხვა მინდოდა, მხოლოდ შემოქმედებით ცხოვრებაზე, ბოლო ოთხი წლის ამბებზე, მიუგლერსა და საქართველოზე საუბარი გადავწყვიტეთ.

დევიდ კომა:

- 14 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი, ერთმა ჟურნალისტმა რომ მკითხა, როცა გაიზრდები, რის გაკეთებას აპირებო? ვუპასუხე, - მინდა, საკუთარი ბრენდი მქონდეს და, პარალელურად, მიუგლერის სამოდელო სახლის კრეატიული დირექტორი ვიყო-მეთქი. როდესაც ოცნება ამისრულდა, იმ ჟურნალისტმა სტატიის ფოტო გამომიგზავნა და კითხვაც მოაყოლა: ნათელმხილველი ხომ არ ხარო?

- ხანდახან ოცნებები სრულდება...

- ასეცაა, რადგან თუ რაღაც ძალიან გინდა, მიზნადაც დაისახავ და მიელტვი, დიდი შანსი გაქვს, აგიხდეს. მაგრამ ის უბრალოდ ოცნება კი არა, რეალური ოცნება, უდიდესი სურვილი უნდა იყოს, რის გარეშეც ვერ იცხოვრებ, რაც ადამიანად გაქცევს და ჰაერივით გჭირდება, ხოლო მის "შესასუნთქად" მთელ დღეს ლოგინში კი არ გაატარებ, მის მოსაპოვებლად თავს არ დაზოგავ. ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცხოვრებაში ერთი, დიდი, შორეული და რეალური მიზანი უნდა დაისახონ, მაგრამ მეორე დღესვე კი არ უნდა ეცადონ მის მიღწევას? ყველაფერი ვიზუალურად უნდა წარმოიდგინონ და დაჰყონ შედარებით პატარა და იოლ ეტაპებად. საქმეს რომ შეუდგებიან, ნელ-ნელა იგრძნობენ, როგორ მიიწევენ იმ მთავარი მიზნისკენ...

ასე თუ არ მოიქცევი და თავიდანვე ნახტომით ეცდები მიზანთან მისვლას, მხოლოდ და მხოლოდ განიხიბლები, რადგან მიზანს ვერაფრით მიაღწევ. დღეს უკვე დიდი ვარ და შემიძლია ყველაფერი ეტაპებად და პუნქტებად ჩამოვაყალიბო, ეგებ, ვინმემ გამოიყენოს კიდეც ცხოვრების გზაზე, მაგრამ მაშინ ამ კანონზომიერების შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. შეიძლება ინტუიციით ვხვდებოდი რაღაცას ან სხვა, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების რჩევებს ვუგდებდი ყურს, ერთი კი ფაქტია, რომ მიზანს მივაღწიე, ოღონდ მერე, თითქოს, აღარ ვიცოდი, რით გამეგრძელებინა - ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ვმუშაობდი და ვმუშაობდი, ახალი მიზნებისა და პროგრამების მოსაფიქრებლად დროც არ მქონდა. მთავარი იყო, ყველა საქმე მომესწრო, რადგან ერთდროულად ორ ქალაქს, ორ სახლსა და ორ "გუნდს" შორის ვიყავი გაბმული. ეს იოლი სულაც არ არის. ბევრს ვმოგზაურობდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი, ვეცნობოდი ადამიანებს და მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან ურთიერთობას.

როდესაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე აღმოვჩნდი, სხვა პასუხისმგებლობები დამეკისრა - გუნდურად სამუშაოდ ადამიანებისთვის შთაგონება და მოტივაცია უნდა მიმეცა. ეს არც მოდას უკავშირდებოდა, არც ნიჭს და არც ხელოვნებას, მას სხვა უნარი სჭირდებოდა, რასაც თავად უნდა მიაგნო. იოლი არაა, კორპორაციაშიც იმუშაო და თავისუფალ ხელოვნადაც დარჩე; შენს ხელქვეითებთან დისციპლინაც დაამყარო და შთაგონებაც მისცე; ერთდროულად, მკაცრიც იყო და ლმობიერიც, ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დავძლიე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ესეც იმ საქმისა და პროფესიის ნაწილია, რაც ავირჩიე და თუკი მინდა, იმ დონეზე ვიყო, რაც ჩავიფიქრე, შესაბამისი თვისებებიც უნდა მქონდეს, ყველაფრის თავისუფლად მართვა რომ შევძლო. ამიტომაც ვამბობ, რომ ბოლო 4 წელიწადი, ერთდროულად, მუშაობის წლებიც იყო და - სწავლისაც.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება