"აღსარება" - "მანდარინების" რეჟისორის ახალი ფილმი ჩიკაგოსა და ვარშავის კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება

"აღსარება" - "მანდარინების" რეჟისორის ახალი ფილმი ჩიკაგოსა და ვარშავის კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება

სასულიერო პირი იმ სოფელში ჩადის, სადაც ეკლესიაში დიდი ხანია, წირვა არ შესრულებულა. მოძღვარს აფრთხილებენ, რომ წინ რთული გზა ელის, რადგან სოფელში არცთუ კარგი ხალხი ცხოვრობს...

24 ქტომბერს, კინოთეატრ "ამირანში" ცნობილი რეჟიოსრის, ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის "აღსარება", დახურული ჩვენება გაიმართა. ფილმი ადამიანურ სისუსტეებზეა და მღვდელზე, რომელიც დიდ გამოცდას გადის... მთავარ როლს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმი "მანდარინები," "ოსკარის" ხუთეულში, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოხვდა. ჯილდო ვერ მიიღო, მაგრამ თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის წარმატებულ ნაბიჯად შეფასდა. სწორედ ამიტომ, რეჟისორი საქართველოს კულტურის სამინისტრომ თანხით დააჯილდოვა - ახალი ფილმის გადაღების საშუალება მისცა. ვინაიდან "მანდარინები" კოპროდუქციაა და ესტონელებთან ერთად გადაიღეს, "აღსარების" პროექტშიც ესტონელები ჩაერთნენ და დააფინანსეს (თუმცა მათი წილი ამ საქმეში მცირეა). ახალ ფილმის პროდიუსერი ისევ ივო ფელტია, ''მანდარინების'' ესტონელი პროდიუსერი. 

ზაზა ურუშაძე:

- გადავიღე დრამა... ვფიქრობ, მსახიობებმა საინტერესო სახეები შექმნეს, დამაჯერებელად ითამაშეს. მთავარ როლში არიან: დიმა ტატიშვილი, სოსო ხვედელიძე, ნატო მურვანიძე, სოფია სებისკვერაძე და ასევე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი მსახიობი...

"აღსარება" არ არის ეკლესიაზე, ან რელიგიაზე, ფილმის მთავარი აზრი ადამიანური სისუსტეებია, რაზეც მინდოდა, ყურაღება გამემახვილებინა, რაც გავაკეთე. დანარჩენი, მაყურებელმა შეაფასოს.

გადაღებები კახეთის ორ სოფელში - ზემო ალვანსა და საბუეში მიმდინარეობდა, მოსახლეობა დიდად დაგვეხმარა. დაგვეხმარნენ მეუფე და რამდენინე მღვდელი, რადგანაც ეკლესიაში ვიღებდით. ამ ყველაფერს 41 დღე დასჭირდა.

- მსახიობები როგორ შეარჩიეთ?

- კინოში თამაში ყველას არ შეუძლია, ამიტომ ყველასთან მუშაობას რეჟისორები ერიდებიან... მსახიობები ნიჭიერების მიხედვით შევარჩიე...

დიმა ტატიშვილი, მამა გიორგი:

- ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო იყო... წარმოიდგინეთ, მთელი ფილმის მანძილზე მაყურებელი შენ გიყურებს. ძალიან საინტერესო უნდა იყო, რომ გაგიძლოს...

- გამოგივიდათ... რა მოგცათ ზაზა ურუშაძესთან მუშაობამ?

- პროფესიონლია, მაქსიმალისტია, მაქსიმუმს ითხოვს. რაც მანამდე ვიცოდი, მაგრამ დავიწყებული მქონდა, ის ზაზამ გამახსენა (პროფესიაში არის რაღაცები, რაც იცი, მაგრამ შეხსენება, ხელისკვრა გჭირდება). მიუხედავად ამისა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. მანამდე, რაც გაგიკეთებია, უნდა დაივიწყო და ახალი ააშენო. შენების პროცესი საინტერესო იყო...

თბილი, ადამიანური, ნატურალური ფილმია, ყოველგვარი ეფექტების და ფოკუსების გარეშე. ამიტომ ჩემთვის ძვირფასი ნამუშევარია. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არც კინოში და არც თეატრში ჯერ არაფერი გამიკეთებია. ძალიან მინდა, მაყურებელს მოეწონოს.

სოფია სებისკვერაძე, მუსიკის მასწავლებელი:

- ზაზასთან მუშაობა საინტერესოა, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია და მაგარი რეჟისორი. ასევე დიდი ფუფუნებაა მის გუნდთან ერთად საქმიანობა. მათგან ბევრი რამ ვისწვალე. უბრალოდ, მე მოვხვდი კინოში!

- თქვენი გმირი მაცდური და ბოროტმოქმედი ქალია, მეტსახელად მერლინ მონრო...

- მუსიკის მასწავლებელია, რომელსაც გარეგნულად მერლინ მონროს ამსგავსებენ. მას საინტერესო თემები უკავშირდება, რომლებიც დღეს აქტუალურია. თემა, რომელიც ფილმშია წამოწეული, ტაბუდადებული კი არა, პირიქით, წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული, მასზე ბევრმა უნდა ილაპარაკოს, რომ მსგავსი რაღაცები არ მოხდეს...

- როგორი პარტნიორია დიმა ტატიშვილი?

- საოცრად კარგი. მასთან პირველად არ მიმუშავია, მაგრამ ეს სამუშაო განსხვავებული იყო, აქ ბევრი რამ ვისწავლე და ამასთან ვისიამოვნე.

სოსო ხვედელიძე, მორჩილი:

- ეს როლი ჩემთვის მოულოდნელობა იყო... დიდი გამოცდილებაა ზაზასთან მუშაობა. რთულია მოძებნო რეჟისორი, რომელიც დისკომფორტს იმიტომ შეგიქმნის, რომ საკუთარი თავისგან შორს ეძებო სხვა. ზაზამ მყარად იცოდა, რა უნდოდა ჩემგან. რეჟისორი დამეხმარა, ჩემი თავისგან შორს მომეძებნა ადამიანი, რომელიც განვასახიერე. ამას ჩემს პროექტს ვერ დავარქმევ, ზაზას პროექტია - მე შევასრულე.

ფილმი ადამიანურ შეცდომებზეა და არა რელიგიაზე, მაგრამ ზოგჯერ რელიგიურ თემას ცხოვრებაში ვერ ეხები, რადგანაც ჩაკეტილია. არადა, ხელოვნებას დოგმები არ უნდა ჰქონდეს! დოგმის და ჩარჩოების რღვევა ამ ფილმში კარგად ჩანს. თუმცა ძალიან სუბიექტური ვარ, მიყვარს ''აღსარება''!

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- ძალიან მომეწონა - უმაღლესი კინემატოგრაფიული კულტურა ვიხილეთ. ასევე მსახიობების მაღალი კლასი. ძალიან აღელვებული ვარ... მიხარია, რომ აქ ასეთი პროდუქტი შეიქმნა!

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი:

- როგორც მაყურებელი, ვიტყვი - ძალიან მომეწონა, ღრმა და დასაფიქრებელი ფილმია, ზომიერი იუმორით, რაც ძალიან უხდება. ზაზასგან სხვას არც ველოდი. წარმატებები მინდა, ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, წარმატებული პროექტი იქნება.

- გაიზიარებს თუ არა "მანდარინების" ბედს?

- სურვილია, ასე იყოს, თუმცა ვნახოთ.

მანანა ბერიკაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე:

- ვგიჟდები, როცა ქართველები კინოს აკეთებენ! ჩემთვის მძიმე ფილმია, მაგრამ ახლავს თვითირონია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია დიდი ტრაგიზმის ცოტა იუმორში გადატანა, მაგრამ ეს ალბათ ის არის, რაც დღემდე გვაცოცხლებს და ქართველებს გვაარსებებს. მაგარია ზაზა!

ფილმი ჩიკაგოს და ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარსადგენად ემზადება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება