ავტორი:

დაუვიწყარი სილამაზის ქალი "ქართული სახით" - დოდო ჭიჭინაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

დაუვიწყარი სილამაზის ქალი "ქართული სახით" - დოდო ჭიჭინაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

დოდო ჭიჭინაძე ქართული კინოსა და თეატრის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მისი გარეგნული და შინაგანი სილამაზე, როგორც ამბობენ, ერთმანეთს ერწყმოდა. მაყურებელმა უმეტესად ქართული ფილმებიდან - "დავით გურამიშვილი", "ბედნიერი შეხვედრა", "ჭრიჭინა", "ციკარა", "ბაში-აჩუკი," "შეწყვეტილი სიმღერა" და სხვა, გაიცნო და შეიყვარა.

გასაოცარი სილამაზის ქალბატონი იყო, ერთხელ როდესაც რომის პაპმა იოანემ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა), მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: "ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთი! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია!"

AMBEBI.GE სწორედ ამ ქართული სახის, მშვენიერ ქალბატონსა და მსახიობზე მოგითხრობთ. საუბარს დოდო ჭიჭინაძის ძმისშვილთან, დირიჟორ გოგი ჭიჭინაძესთან ვაგრძელებთ:

- თავისი ბუნებით, ყველაფრით ნამდვილი მსახიობი იყო, პროფესიაზე გადამკვდარი გახლდათ... საკმაოდ დიდხანს, მარჯანიშვილის თეატრში დოდოს მთელი კლასიკური რეპერტუარი მიჰყავდა. ვერიკო ანჯაფარიძის მერე, ვერიკოს და თავის როლებს ერთდროულად თამაშობდა... ლეგენდებთან მოუწია სცენაზე და კინოში მუშაობამ. ყველას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდა... წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ ხდებოდა თეატრში და არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვა, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, მისთვის ყველა კარგი და არაჩვეულებრივი იყო...

ბოლოს, ხანში რომ შევიდა, გული ატკინეს თეატრში, არასწორად მოექცნენ, მაგრამ ვერც მაშინ ვათქმევინეთ ვინმეზე ცუდი. ადამიანების არანორმალური სიყვარული შეეძლო... ლეგენდები დადის იმაზე, როგორ ეხმარებოდა უამრავ ადამიანს. ყველას საქმეზე დარბოდა საკუთარი საქმის გარდა, არ მახსოვს, თავისთვის ვინმესთან რამე ეთხოვოს...

პატაობისას მოსკოვში ვიზრდებოდი, თბილისში რომ ჩამოვდიოდი და მასთან ერთად გარეთ გასვლა მიწევდა, ვბრაზდებოდი, დაკომპლექსებული ვიყავი, დოდოსთან ერთად ქუჩაში მშვიდად ვერ დავდიოდი, საათობით აჩერებდნენ, ეფერებოდნენ, კომპლიმენტებს უძღვნიდნენ, ჩვენი სალოცავი ხარო ეუბნებოდნენ... კოლმეურნეობის მოედანზე, ბაზარში რომ შევიდოდით, იქ ყოველთვის საოცრება ხდებოდა, მემწვანილე საყვარელი ქალბატონები, მწვანილებით მოსდევდნენ, ლამის თავზე აყრიდნენ, - წაიღეთო. საოცარი ჟივილ-ხივილი იყო. პროდუქტს უფასოდ ატანდნენ. მერე ამას განიცდიდა, ამბობდა, - ტაქსიში ვერ ვჯდები, ფულს არ მახდევინებენ, ბაზარში ვერ შევდივარ, რომ რამე მშვიდად ვიყიდო. რას იფიქრებს ხალხი, სპეციალურად დადის აქ, რომ პროდუქტი უფასოდ წაიღოსო. ამაზე სერიოზულად ნერვიულობდა და წუხდა.

- საოცარი სილამაზის პატრონი იყო... ზოგს ასეთი სილამაზე აამაყებს...

- ადამიანი ალბათ ეჩვევა ყველაფერს, - დოდოს სილამაზე თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ხალხი მის დანახვაზე მართლა ცუდად ხდებოდა. გული უწუხდებოდათ... ამ ყველაფერს თვითონ აბსოლუტურად იოლად ატარებდა, თუნდაც თავის პოპულარობას. ვარსკვლავი, თუ ასეთი რამ მართლაც არსებობს, ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ასე გაგრძელდა მისი სიცოცხლის ბოლომდე...

- მაყურებლისთვის საყვარელ ბევრ ქართულ ფილმში ითამაშა და მის მიმართ ასეთი მასობრივი სიყვარული უმეტესად, მაინც ალბათ კინოს დამსახურება იყო...

- ნამდვილად, კინო უზარმაზარი რამ არის. ბევრ კარგ ქართულ ფილმში გადაიღეს. მარტო "დავით გურამიშვილი" რად ღირს? ისე, თვითონაც გამორჩეულად უყვარდა ეს სურათი. მისთვის ის არანორმალურად პატრიოტული თემა იყო... მამაჩემი, მისი ძმა, დოდოსთან შედარებით, ბევრად ლიბერალური გახლდათ... ერთხელ რაღაცაზე ვიკამათეთ და ბოლოს ვუთხარი, - ვერ გავიგე და ამიხსენი, - ქართველი ხარ, თუ ქალი-მეთქი? მე ვარ ქართველი ქალი, - მიპასუხა. მისთვის განუყოფელი იყო ეს, რადგან განსაკუთრებული რამ იყო დოდოსთვის ქართველი ქალი.

- რა გრძნობა იყო, როდესაც ასეთი ქალბატონი თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი მამიდა გახლდათ?

- სასწაულია, მაგრამ მას ყველა არა დოდო დეიდას, არამედ დოდო მამიდას ეძახდა. ამიტომ მგონია, რომ მხოლოდ ჩემი მამიდა არ იყო... ბუნებით უსპეტაკესი ადამიანი იყო. პატარა ქვეყანა ვართ და ხალხი ჩვენთან პიროვნულ თვისებებს დიდ ყურადღებას აქცევს... დიდი და პატივსაცემი ადამიანები, არტისტები ამ ქვეყნიდან ისე წასულან, ასეთი გამორჩეული სიყვარული ხალხისგან არ უგრძვნიათ. დოდოს ეს დიდი დოზით ჰქონდა. იმიტომ, რომ თუ პიროვნული თვისებები არ გაქვს, დიდ სიყვარულს ვერ იმსახურებ. დოდოც მხოლოდ ლამაზი რომ ყოფილიყო, შინაგანი სითბო არ ჰქონოდა, ალბათ ასეთი მშვენიერი არ იქნებოდა. არ ექნებოდა საოცრად ლამაზი თვალები, რომელიც დანახვისთანავე შემოგანათებდა ხოლმე. საოცარია, იმდენი სითბო საიდან ჰქონდა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო და დღესაც ასეა...

- მამიდას გავხართ ხასიათით?

- სხვათა შორის, ახლა ვხვდები, რომ ბევრი რამ დოდოსგან მომყვება. ადრე მაგას ყურადღებას არ ვაქცევდი. თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ხომ იყო, მაგრამ იქვე ძალიან პრინციპული...

- ბედნიერი იყო პირად ცხოვრებაში?

- ეს ულამაზესი ქალბატონი, ალბათ წარმოგიდგენიათ, ცხოვრებაში რამდენი ცდუნების წინაშე იქნებოდა, მაგრამ ლამაზად გაიარა ეს გზა და ასევე დაბერდა. დოდოს მსგავსი გარეგნობის მქონე ქალბატონები თავს ძალიან აფასებენ, დოდოს ამის უნარი არ ჰქონდა, მისი შინაგანი მდგომარეობა იყო, რომ ვიღაც გაებედნიერებინა, სხვაზე ეზრუნა, ვიდრე მასზე ეზრუნათ. თუმცა, ალიკა ბიძიამ, რომელიც ფანტასტიკური პიროვნება, უბრწყინვალესი არისტოკრატი, უდიდესი ინჟინერი იყო, დოდოს გამორჩეული მეუღლეობა გაუწია. ბიძია რომ გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, დოდოს ეს ძალიან დაეტყო... მეუღლესთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა. 25 წელი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ, რადგან, ხომ ვამბობ, გენიალური კაცი იყო, მართლა ღირსეულად უძლებდა ასეთი ქალის გვერდით ყოფნას. ყველა ვერ შეძლებს. დოდო თვალებში შესციცინებდა. ოჯახში უფროსი ალიკა ბიძია იყო...

- როგორია ცხოვრება დოდოს გარეშე?

- ჩემს ოჯახს მძიმე ბედი დაჰყვა - დავკარგე ერთი ძმა, მერე - მეორე, მამა და დოდო... რატომღაც ასეთი ტრაგიკული ოჯახი აღმოვჩნდით. რითი დავიმსახურეთ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ასე მოხდა, - ანგელოზებივით ძმები დავკარგე... იმის მერე უკვე იოლად ვუყურებ ყველაფერს და ჩემები, უსაყვარლესი ადამიანები განაწილებულები მყავს, - ნახევარი იქით, ნახევარი - აქ. ამიტომ, ხომ ვამბობ, ეს ყველაფერი ცოტა გაიგივებულია ჩემთვის და ზოგჯერ მერევა კიდეც, ისინი იქ არიან თუ აქ, იმდენად ჩემთან არიან. მაქვს განცდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან არც წასულან... ერთადერთი მონატრება მაწუხებს. უზომოდ მომენატრებიან ხოლმე... დოდოს სურნელი, ემოცია და კეთილშობილება მაკლია.

დედაც მყავს, ფანტასტიკური ცოლიც და შვილიც, მართალია, ისინი ვერ მოესწრნენ ამათ, მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოხდა... დოდო მხოლოდ ჩემი არასდროს ყოფილა, ის მთელი ქვეყნის იყო და ამას მის სიცოცხლეშიც ვხვდებოდი...