4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო - ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება ავსტრალიაში

4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო - ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება ავსტრალიაში

ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში, Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დაჯილდოების ცერემონიისთვის ნომინანტები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შეირჩა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სულ გაცემული 15 პრიზიდან, საქართველოს 4 ჯილდო მიენიჭა.

ჟიურის გრან-პრი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს, ანა ურუშაძეს ხვდა წილად, ფილმისთვის „საშიში დედა“. „საშიში დედა“ ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმია, რომელსაც უკვე მიღებული აქვს ლოკარნოს კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდი“ და სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო. კიდევ ერთ ქართველ რეჟისორს მარიამ ხაჭვანს კი ფილმისთვის „დედე“, იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდო გადასცეს.

ფილმში „საშიში დედა“ შესრულებული მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.

ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ 20 Steps Productions ფილმის პროექტის „ნენე“ განსავითარებლად MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.

Asia Pacific Screen Awards, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით სტუმარი ესწრება, 2007 წლიდან იმართება და მას ღონისძიების მნიშვნელობისა და მისი მასშტაბურობის გამო აზიურ ოსკარს უწოდებენ“, - აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება