საერთაშორისო ფონდ “SOS Talents” საფორტეპიანო კონცერტი პარიზში

საერთაშორისო ფონდ “SOS Talents” საფორტეპიანო კონცერტი პარიზში

გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. წელს კონცერტი იმართება მე-19 საუკუნის ბონაპარტების ისტორიული სასახლის საკონცერტო დარბაზში. კონცერტს ტრადიციულად დაესწრება დიპლომატიური კორპუსი სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, სტუმრებს შორის იქნებიან ელიზეს კულტურის კაბინეტის წარმომადგენლები, რადგან ფონდის შემდეგი წლის კონცერტი პრეზიდენტ მაკრონთან იგეგმება.

ბონაპარტის სასახლეში 200-მდე სტუმარს ელოდებიან. მათ შორის - ცნობილ ადამიანებს: მუსიკოსებს, მსახიობებს და ფრანგული საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ფონდი "SOS Talents" პარიზის საახალწლო კონცერტში წელს მონაწილოებას ფონდის რვა სტიპენდიანტი მიიღებს - ოთხი საქართველოდან, სამი ლიტვიდან და ერთი რუსეთიდან. საქართველოდან მონაწილეები არიან: 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა - ახალქალაქიდან, 12 წლის ბარბარე ჩხაიძე - ბათუმიდან, 14 წლის - ილია ლომთათიძე თბილისიდან და 14 წლის ბარბარე თათარაძე ასევე თბილისიდან.

საერთაშორისო ფონდი "SOS Talents" 2000 წელს ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დააარსა. ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებისათვის. ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური და მუსიკალური შესაძლებლობები. ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.

ფონდის "SOS Talents" ერთ-ერთი პირველი ლაურეატები საქართველოდან სხვადასხვა პერიოდში იყვნენ პიანისტები: ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, ნათია და თამარ ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, თედო დიაკონიძე. უკვე 6 წელია ფონდის სტიპენდიანტები არიან ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე. ფონდი რეგულარულად აწყობს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რომლებიც ხშირად შუქდება საერთაშორისო ტელევიზიების მიერ: Mezzo, Euronews, TV5 Monde, Direct 8, Radio Classique. ასევე გავლენიან გაზეთში - Figaro და ცნობილ მუსიკალურ ჟურნალებში Classica და Pianist.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება