თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები და სპეციალური პრიზები

თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები და სპეციალური პრიზები

9 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფესტივალის მთავარი ჯილდოს - ოქროს და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები გამოვლინდნენ. კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში, სადაც, ტრადიციულად, ევროპელი რეჟისორების სადებიუტო მხატვრული ფილმებია წარმოდგენილი, წელს ქართველი რეჟოსორის ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედაც" იყო წარდგენილი. ფილმმა ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა.

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა ასევე ქართველი რეჟისორის თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიან ფილმს "თევზაობა".

რაც შეეხება მთავარ პრიზებს, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

"ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმი) - "ყორნები" (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.

"ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურა) - "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.

სექცია ქართული პანორამის გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - "საშიში დედა", რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - "მზის ქალაქი", რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "ანა", რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - ელენე მიქაბერიძე და ალექსანდრე შერვაშიძის პროექტი "თავის-უფალი".

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა გიგიშა აბაშიძის და ლაშა ხალვაშის პროექტი "უხერხემლო".

ამას გარდა, წელს პირველად ევროკავშირმა დააწესა სპეციალური პრიზი- ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმსათვის, რომელიც გადაეცა ფილმს "არშიყი".

ფესტივალზე დაჯილდოვდნენ კონკურსის "წერე ქართულ კინოზე" გამარჯვებულებიც. კონკურსის გამარჯვებული სამი სტუდენტი გახდა, პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს ჯილდოს სახით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის (ბერლინალე) აკრედიტაცია გადაეცა. კონკურსი საქართველოს კინოცენტრის ორგანიზებით ტარდება და საქართველოში კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ როგორც ფესტივალის დაჯილდოებაზე დაანონსდა მომავალი წლიდან ფესტივალს კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური დაემატება, რომლებიც გამოავლენენ და დააჯილდოვებენ მათ ფავორიტ ფილმს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბერს დაიწყო და ერთი კვირის მანძილზე დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა 135-მდე სხვადასხვა ჟანრის და ქვეყნის ფილმი ენახა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ასევე ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

ფესტივალი ოფიციალური ნაწილი 9 დეკემბერს, ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმის "ნამე" წარდგენით დაიხურა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება