"დამდევენ, მეკითხებიან შენ ის ბონდოია არ ხარ, ნუნუკას რომ გამოექცაო?!" - რას უთვლის გიორგი გოგიშვილი ისრაელიდან "სერიალის ცოლს"

"დამდევენ, მეკითხებიან შენ ის ბონდოია არ ხარ, ნუნუკას რომ გამოექცაო?!" - რას უთვლის გიორგი გოგიშვილი ისრაელიდან "სერიალის ცოლს"

"ჩემი ცოლის დაქალების" პოპულარული გმირი ნუნუკა (ქეთი ჩხეიძე) ქმარმა, ბონდოიამ (გიორგი გოგიშვილი) მიატოვა, მეზობლის ქალთან წავიდა, თუმცა მიტოვებული ცოლი ბიზნესმენ ფრიდონ, ფროდო გამცემლიძეს (იმედა არაბული) მოსწონს... როგორ განვითარდება პოპულარულ სერიალში ამბები, ამას უახლოეს სერიებში ვიხილავთ, მანამდე კი ინტერვიუ ჩავწერეთ "ჩცდ"-ს პერსონაჟთან, ბონდოიას როლის შემსრულებელთან, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობ გიორგი გოგიშვილთან. მსახიობი ლამის უკვე 11 თვეა, ისრაელში სამუშაოდ იმყოფება.

რას ფიქრობს გიორგი გოგიშვილი სერიალში ბოლო დროს განვითარებულ ამბებზე, ენატრება თუ არა თავისი საქმე და საერთოდ, როგორ ცხოვრობს უცხოეთში - ამაზე ჩვეული იუმორით ყვება AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში:

"საქართველოში თავისი პროფესიით ოჯახს ცოტა ვინმე თუ ინახავს. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი და ვარ ახლა აქ. უცხოეთში ემიგრაციაშია უამრავი პროფესიონალი ექიმი, იურისტი, პედაგოგი, ინჟინერი, რომლებიც სრულიად სხვა საქმეს ემსახურებიან... ქალები ტიტანურ შრომას ეწევიან, ნამდვილი გმირები არიან... საქართველოში კი 400 ლარად ოჯახის შენახვა პრაქტიკულად, შეუძლებელია... ჩემი პროფესიით არც მე ვმუშაობ, მაგრამ რომ ჩამოვალ, ჩემს საყვარელ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებ...

- უცხოეთში გამგზავრების მიზეზი, მგონი, ვალი იყო, რომლის დაფარვას თბილისში თქვენი საქმიანობა ვერ სწვდებოდა...

- არა, რა ვალი... როგორც ყველა მსახიობი, მეც თავგადასავლებს ვეძებ - ემიგრანტებზე პიესა მინდა დავწერო... ვხუმრობ, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, საქართველო იყოფა გამსესხებლებად და მსესხებლებად. შუაში არ არსებობს სხვა ფენა. მსესხებელი არც ისე ცოტაა და მის დასაფარად საქართველოში უმრავლესობა ვერ შოულობს სათანადო ფულს. არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება, დრო არის საჭირო...

ახლა თეატრში ვმუშაობ. აქ თეატრი ისეთი არ არის, როგორც ჩვენთან, მუდმივი დასით, თორემ ვითამაშებდი რამე მუნჯ როლს მაინც... აქ თეატრალური სივრცე 450-200-კაციანი დარბაზებია, ზოგჯერ საგამოფენო სივრცეებით. ყველა დასს თავისი მუშა, გრიმიორი, გამნათებლები მოჰყვება. ჩვენ მათი დახვედრა გვევალება, რომ ავუხსნათ, სად რა არის. თუ რამე არ ესწრება, ის პოზიცია, რომ ეს მე არ მეხება, თეატრში არ არსებობს. ასეთ დროს დირექტორიც კი ყველაზე მაგარი მუშაა! მაგალითად, გუშინ თვითონ ცვლიდა "პროჟექტორებს"... ასე რომ, ყველანი მასპინძლები ვართ.

უნდა ვთქვა, რომ თეატრში რაღაც შემოთავაზებები მქონდა, რომ რუსულ დასთან ერთად სპექტაკლი მეთამაშა, მაგრამ თავი შევიკავე. როგორ წარმოგიდგენიათ, სიტყვაზე, დგამენ "რომეო და ჯულიეტას," შემოდის მერკუციო, ტიბალტი, რომეო, ყველა აქცენტის გარეშე, რუსულად ლაპარაკობს და ლორენცო პირველ მონოლოგს ქართული აქცენტიანი რუსულით იწყებს. კარგი კომედია იქნება ხომ? ისე, ზარს ახლაც ველოდები, რაღაც შემოთავაზება მაქვს, სურვილი თვითონ გამოთქვეს... საქართველოში რომ დავბრუნდები, ვითამაშებ და გადავიღებ, კიდეც...

- თქვენმა პერსონაჟმა სერიალში ნუნუკა რატომ მიატოვა?

- ქეთი ჩხეიძე უმაგრესი ადამიანი და მაგარი მსახიობია. ეტყობა, ისე შეიცხადა ქმრის სახლიდან წასვლა, რომ ახლა უფრო პოპულარული გამხადა, ვიდრე ვიყავი, როცა სერიალში ვთამაშობდი. სულ მაგას ვხუმრობდი, ქეთი ისეთი კარგია, მე რა მენაღვლება? სულ რომ არაფერი გავაკეთო, მაინც ვიქნები პროექტში ქმარი, რადგანაც მისი ქმარი ვარ, ხომ არ გამაქრობენ-მეთქი. მაგრამ ხედავთ, რომ ფიზიკურად არ ვარ, თუმცა მაინც ვარ... ამიტომაც აქ დამდევენ ადამიანები, ჩემთან სურათებს იღებენ, მეკითხებიან, შენ ის ბონდოია არ ხარ, ნუნუკას რომ გამეექცაო? ადრე უბრალოდ მსახიობი ბონდო ვიყავი. ქეთო, მადლობა.

- ნუნუკას სალათის ფურცლების მაგნატი ფროდო გამცემლიძე ეთაყვანება... ხომ არ ეჭვიანობთ?

- ეგ ქალბატონ დრამატურგს უნდა ვკითხოთ, ვიეჭვიანო, თუ არა. დრამატურგს, რომელსაც საოცარი ფანტაზია აქვს. რუსეთში ამ ფორმატის სერიალი იყო, რომელშიც მიღებდნენ. 20-სერიანი იყო და სცენარს 12 დრამატურგი წერდა. გადაღებამდე თითქმის 16 სერია უკვე დაწერილი იყო. ეს ადამიანი გზადაგზა წერს და თან, როგორ! ისე გამომდის, თითქოს დრამატურგს "ვეპადხალიმები," ოჯახის სიწმინდე შემინახოს-თქვა... ნუნუკა, არ მომჭრა თავი, გოგო...

- ემიგრანტის პოზიციიდან როგორ ჩანს აქაური სიტუაცია?

- ახლა შენიანის ნახვა თუ გინდა, ქვეყნიდან უნდა გახვიდე, ნახო და დაბრუნდე უკან. რა უნდა შევაფასო აქედან, ეს ჩვენ გვიკვირს ქართველებს, ვეღარ ველევით სამშობლოს, თორემ მთელი მსოფლიო ასეა. ამერიკელები სადღაც მიდიან, გერმანელები - სადღაც, იქ ვიღაცები ჩადიან - ვისაც როგორ აწყობს, ისე მოქმედებს. ამ ქვეყანაში თითქმის ყველაზე დიდი ანაზღაურებაა, მაგრამ ერთი თანამშრომელი პარაგვაიში წავიდა სამუშაოდ. ალბათ უკეთესი პირობები უთხრეს...

ზოგადად კი იმის თქმაც მინდა, რომ ეს ყველაფერი მთავრობის ბრალია და საერთოდ, ყველა მთავრობის, ვინც კი გვყოლია. დროა საჭირო, საუკუნეები... სამშობლო კი გვქონდა და გვიყვარდა სულ... 25 წელიწადში ვინ ააშენებს სახელმწიფოს?! როგორც მე ვაზროვნებ, ისე აზროვნებს მთავრობაც, ქართველები არიან და იმიტომ. ასე იყო და არის, რაც მახსოვს. დიდი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ სახელმწიფო... მოვა დრო, რომ გვაროვნული აზროვნებიდან სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე გადავალთ. აქედან ასე ჩანს და მანდაც მასე ვფიქრობდი. აქ, სადაც ვარ, სხვანაირად არის - საკმარისია სახელმწიფოს დასჭირდეს, ყველა ერთად დადგება, თითოეული ერთ ღამეში გახდება მეომარი, პოლიციელი, ექიმი, მუშა, მენაგვე იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა ასე! ასე უნდა იყოს ხალხი სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის სახელმწიფო. ყველაფერი კარგად იქნება - ამის მჯერა.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- მალე გავაგრძელებ თამაშს, გადაღებებს, ოღონდ, ისე (იმედი მაქვს) როლზე ფიქრის დროს, აღარ ვიფიქრებ კარტოფილზე, ხახვზე, ზეთზე, მარილზე, - იმედია, აღარ გადაკვეთავს ეს ყველაფერი შემოქმედებით წვას და არ დაგანარცხებს მიწაზე. ყველაფერი კარგად იქნება. თან, ხომ გითხარით, სატელეფონო ზარსაც ველოდები. ვნახოთ, იქნებ აქაც გადავრიო ხალხი. თბილისშიც ნულიდან არ დავიწყე? მაგრამ რა გამაძლებინებს ჩემი ქვეყნის გარშე... თუმცა ახლა ასეა საჭირო, ოჯახიდან მამრი გადის სანადიროდ და ნანადირევით ბრუნდება. წესი არის ასეთი. ასე ვიცი მე!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება