ქართველი პატიმრის ახალი ცხოვრება ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ - ნამდვილი ამბავი ლევან კოღუაშვილის ფილმში

ქართველი პატიმრის ახალი ცხოვრება ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ - ნამდვილი ამბავი ლევან კოღუაშვილის ფილმში

"გოგიტას ახალი ცხოვრება" - ასე ჰქვია რეჟისორ ლევან კოღუაშვილის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, რომელიც კინოცენტრმა დააფინანსა. პრემიერა 2016 წელს შედგა ამსტერდამის პრესტიჟული დოკუმენტური კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში. "გოგიტას ახალი ცხოვრება" პირველი ქართული ფილმია, რომელიც ამ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. მას მერე კი, როგორც რეჟისორი ამბობს, აქტიურად და არც თუ ცუდად, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

ახლახან ფილმის პრემიერა მოსკოვში შედგა. კარგი გამოხმაურება აქვს და არც პრესა წერს ურიგოს - "იშვიათობაა, როდესაც დოკუმენტური კინო ფართო ეკრანებზე გამოდის და 5 კინოეკრანზე ერთდროულად აჩვენებენ. კინოგაქირავებაში წარმატება აქვს," - აღნიშნავს რეჟისორი.

ფილმის სიუჟეტი ასეთია: ახალგაზრდა კაცი 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის და ახალ ცხოვრებას იწყებს. მიდის სახლში - გორის რაიონის სოფელ ნადარბაზევში და ცდილობს, ფეხზე დადგეს. თავდაუზოგავად მუშაობს, რადგანაც ციხეში მოხვედრის შემდეგ, მისი სულიერი ტრანსფორმაცია მოხდა და უნდა დაკარგული წლები აინაზღაუროს, რაღაც შექმნას, მაგრამ ხვდება, რომ მხოლოდ მუშაობა არ არის საკმარისი. საჭიროა პირადი ბედნიერებაც და მეუღლის ძებნას იწყებს, გაიცნობს ადამიანს... ფილმი რეალური ადამიანების ცხოვრებას ასახავს - ეკრანზე ციხიდან გამოსული კაცისა და ქუთაისელი ტორტების მცხობელი ქალის სიყვარულის ისტორია ვითარდება.

- მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრი რატომ აირჩიეთ?

- სააკაშვილის პერიოდში ციხეზე დოკუმენტური კინოს გადაღება გადავწყვიტე, რადგანაც ვიცოდით, თუ რა მძიმე მდგომარეობაც იყო იქ და ამის დაფიქსირება გვინდოდა. გადაღებები 2012 წლის აპრილში დავიწყეთ, მაგრამ ციხეში ეკლესიის იქით შეღწევა ვერ შევძელით, ამის უფლება არ მოგვცეს. ისე, ესეც ერთ-ერთი საშუალება იყო, ზოგადად მის ტერიტორიაზე მოვხვედრილიყავით. იმ ეკლესიაში გავიცანი ჩემი მომავალი ფილმის გმირი, რომელზეც შემდგომ ფილმი გადავიღე... მითხრა, 14 წელი ვიჯექი და ციხიდან ერთ კვირაში გავდივარო. გადავიღე მისი გათავისუფლების ეპიზოდი, პირველი დღე თავისუფლებაზე, ოჯახთან შეხვედრა, დედა და ძმა დახვდნენ, გავყევით სოფელშიც, დავაფიქსირეთ შეხვედრა მეზობლებთან, როგორ გაუშალეს სუფრა...

- და ამით ციხეში გადაღება შეწყვიტეთ?

- ვინაიდან ეკლესიის იქით არ გვიშვებდნენ, ციხის ტერიტორიაზე დარჩენას აზრი არ ჰქონდა. თან, იმ პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დამარცხდა, ციხეში სიტუაციაც შეიცვალა... მოკლედ, იქაურობა დავტოვეთ და მე სხვა ფილმზე გადავერთე, ახალი პროექტი დავიწყე, რომელიც დავასრულე კიდეც. მერე გამახსენდა ადამიანი, რომელსაც ვიღებდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ რას შვრებოდა და მის ისტორიას ისევ გავუყევი.

მისი ყოველდღიურ რეჟიმში გადაღება დავიწყე, როგორ ცხოვრობდა სოფელში, რას აკეთებდა, დილას როგორ დგებოდა, საქონელს წველიდა, მიწას ამუშავებდა, საღამოს ტელევიზორს უყურებდა... თუმცა, მხოლოდ ამ რეჟიმში ცხოვრება აღარ უნდოდა, ერთფეროვნება მობეზრდა და ინტერნეტით გოგო გაიცნო. ამ ისტორიამ მოიტანა ის, რაც ამ ყველაფერს აკლდა, ანუ ლირიკა, რასაც ხელი ჩავჭიდე, მივყევი. აბსოლუტურად დოკუმენტური ამბავი მხატვრული ელემენტებით გადავიღე, რაღაცებს როგორც მხატვრულ კინოში, ისე ვაკეთებდით... ფილმში არცერთი მსახიობი არ მონაწილეობს. რეალური გმირები საკმაოდ არტისტული ხალხია და ამოცანას თავი მშვენივრად გაართვეს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება