რატომ ეცვა ყველა ვარსკვლავს შავი სამოსი "ოქროს გლობუსზე"

რატომ ეცვა ყველა ვარსკვლავს შავი სამოსი "ოქროს გლობუსზე"

დაჯილდოებაზე "ოქროს გლობუსი 2018" ყველა ვარსკვლავი შავი სამოსით მივიდა. ჰოლივუდელებმა ეს გადაწყვეტილება სექსუალური ძალადობის გასაპროტესტებლად მიიღეს.

წითელ ხალიჩაზე შავი სამოსით პოზირება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან, ეს ფერი, ძირითადად, ყველა ადამიანს ძალიან უხდება. თუმცა, ცხადია, დრესკოდი ელეგანტურობის გამო არ მიიღეს. სექსუალური ძალადობის გარდა, ვარსკვლავებმა ჰოლივუდში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაც გააპროტესტეს.

"უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის თქმის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს სფეროში თანასწორობის პრობლემაა და ბევრი რამე უნდა შევცვალოთ," - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

გასულ წელს არაერთი ცნობილი ჰოლივუდელი მამაკაცის გარშემო აგორდა სკანდალი, პირველი კი მათ შორის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი იყო. ძალადობაში ის ბევრმა ვარსკვლავმა დაადანაშაულა, მათ შორის სალმა ჰაიეკმა, გვინეთ პელთროუმ, ლუპიტა ნიონგომ.