"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციის შედეგების დათვლა დაწყებულია

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციის შედეგების დათვლა დაწყებულია

პროექტმა "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" კულმინაციურ ეტაპს მიაღწია. დაწყებულია ხმის დათვლა და გამარჯვებული სახეობების გამოვლენა. უკვე ცნობილია პირველი სამეული, რომლებიც საუკეთესო ღვინოებს შორის საპატიო ადგილს დაიკავებენ. საფერავი, რქაწითელი და ქინძმარაული - სწორედ ეს არის სახეობები, რომლებიც ამ ეტაპზე ლიდერობენ.

პროექტი ოქტომბერში დაიწყო და ხმის მიცემა 4 თვეა მიმდინარეობს. საზოგადოების ჩართულობა პროექტში საკმაოდ მაღალია. ონლაინ რეჟიმში ღვინის ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე „allwine.ge"113 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, კომპანიამ მოაწყო არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობდა და მისული სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო.

15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. აღნიშნულ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებმაც 1 თეთრი და 1 წითელი ღვინო წარადგინეს. საერთო ჯამში 80-მდე სახეობის ღვინის ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა წარმოებდა.

ანალოგიური ბრმა დეგუსტაციები კიდევ რამდენჯერმე მოეწყო როგორც სხვადასხვა ფესტივალზე, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში და ღვინის მაღაზია allwine-ის სადეგუსტაციო კუთხეებში.

"მოხარული ვარ, რომ პროექტში ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენ მართლაც ხალხის რჩეული ღვინის სახეობების გამოვლენა შევძელით. სამ მათგან უკვე ვასაჯაროვეთ, რადგან ისინი უპირობო ლიდერები არიან. მოგვიანებით დანარჩენ 7 სახეობასაც გამოვავლენთ და დაიწყება პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც საუკეთესო მეღვინეების გამოვლენას გულისხმობს. ჩვენი საბოლოო მიზანი ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდაა. ეს არ არის მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება," - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი საამიშვილი.

რჩეული ღვინოები განსაკუთრებული შეფუთვით გაიყიდება მრავალ წერტილში და მათ შორის, აეროპორტშიც. ის გახდება საუკეთესო საჩუქარი როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ტურისტებისთვის ეს დიდი შესაძლებლობა იქნება, რომ მარტივად აღმოაჩინონ საუკეთესო ქართული ღვინოები და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოს ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.

ღვინის შემდეგი დეგუსტაცია გუდაურშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობა, ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება