ავტორი:

რას იხსენებს მეფესთან ბოლო შეხვედრაზე ირაკლი ჩარკვიანის და თეონა - "სულ უკმარისობა მაქვს, რატომ არ ვუთხარი, როგორ მიყვარდა"

რას იხსენებს მეფესთან ბოლო შეხვედრაზე ირაკლი ჩარკვიანის და თეონა - "სულ უკმარისობა მაქვს, რატომ არ ვუთხარი, როგორ მიყვარდა"

ოჯახის წევრებთან შედარებით, ყოველთვის ყველაზე ნაკლებად ჩანდა თუნდაც პრესით, მიუხედავად იმისა, რომ ბალერინაა და მთელი ცხოვრება სცენაზე იდგა.

"ალბათ არ ვიყავი ისეთი მეამბოხე, რევოლუციონერი, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. თუ რამეს ვაკეთებ, 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ კარგია. არასდროს ვრისკავ, ირაკლი მეამბოხე და ბობოქარი იყო. მამა სხვანაირია, ინტელექტუალი, შემოქმედებითი, თუმცა საბოლოოდ მაინც ყველანი ასეთები ვართ" - ამბობს თეონა ჩარკვიანი, რომელსაც არც ნიჭი აკლია, არც გემოვნება, შემოქმედებითი ქალბატონია, უბრალოდ, ბუნებითაა მოკრძალებული და საზოგადოების წინაშე გამოჩენა დიდად არ უყვარს.

AMBEBI.GE-ის ახლა თავის თავზე, ძმაზე, მამაზე და საერთოდ, ჩარკვიანების ოჯახზე უამბობს.

- 7 წელია, ლონდონში ვმუშაობ საბალეტო სკოლაში სახასიათო ცეკვებს ვასწავლი. პროფესიონალური სკოლაა, გვაქვს სპექტაკლები, ვცეკვავთ. ისეა, რომ 2 თვე იქით ვარ, 2 - აქ. ვასწავლე ქართული ცეკვებიც სპექტაკლზე დიდი წარმატება გვქონდა. მოსწავლეები მყავს 12-დან 20-მდე და დიდ დაინტერესებას იჩენენ.

- თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში როდის შეწყვიტეთ საქმიანობა?

- 36 წლის ვიყავი, რომ ჩვენს თეატრში ცეკვას თავი დავანებე. მერე ნინო ანანიაშვილმა დასის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ეს იყო 2004 წელი. ამ თანამდებობაზე 6 წელი ვიმუშავე, შემდეგ უკვე ლონდონში წავედი, რადგანაც ჩემი შვილები იქ სწავლობდნენ, სკოლა და უნივერსიტეტი იქ დაამთავრეს, სადაც მეც დავიწყე სამსახური, რაც ძალიან მომწონს.

თეატრში უზარმაზარი პასუხისმგებლობა მქონდა. თან, იქ მკაცრი, მომთხოვნი ადამიანია საჭირო. ნინოს თავიდანვე ვუთხარი - არ ვარ მკაცრი და გამიჭირდება ამ პოზიციაზე მუშაობ-მეთქი. ვცადოთო. ვცადეთ, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ადამიანი რეპეტიციაზე რომ იგვიანებს, უნდა გაუბრაზდე, მე ეს არ შემეძლო, ხასიათში არ მაქვს.

- ბალერინობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ქორეოგრაფიულში სწავლას სულ არ ვაპირებდი. მამამ ერთხელ ისე მიმიყვანა ქორეოგრაფ იური ზარეცკისთან, რადგანაც ბავშვობიდან ვცეკვავდი. ზარეცკიმ თქვა, რომ ისეთი მონაცემები მქონდა, აუცილებლად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში უნდა მევლო (ფიზიკურ მონაცემებზე იყო ლაპარაკი). ვახტანგ ჭაბუკიანსაც მოვეწონე და მიმიღო. შემდგომ ჩემი პედაგოგიც იყო. შესანიშნავი მოცეკვავე და მასწავლებელი გახლდათ.

საინტერესო იყო მასთან მუშაობა. ასევე გიორგი ალექსიძესთან, როდესაც რაღაცას დგამდა, მთლიანად შედიოდა როლში. სასწაული იყო მისი ყურება.

- გამოდის, მაინც მამას აღმოუჩენია თქვენში ცეკვის მონაცემები.

- როგორც გითხარით, მამამ უბრალოდ მიმიყვანა, რადგანაც ხედავდა, რომ ვცეკვავდი და ვმღეროდი. მე და ირაკლი ბავშვობიდან მუსიკალურები ვიყავით, მაგრამ ვინაიდან ბალერინასთვის დამახასიათებელი, კლასიკური ტანი არ მქონდა, რაც ძალიან დახვეწილ სხეულს ნიშნავს (და ბალეტი მაშინ არის ლამაზი). ამიტომ სახასიათო ცეკვა ავირჩიე და აქტიური კარიერის დამთავრებამდე ამ მიმართულებით ვცეკვავდი.

ისე, მსახიობობასაც ვაპირებდი, უფრო მიუზიკლის მსახიობობა მინდოდა, მაგრამ აქ არ არსებობდა მიუზიკლი. ამერიკაში 1989 წელს თანამედროვე ცეკვის შესასწავლად ვიყავი და შემეძლო, ემიგრანტად დავრჩენილიყავი. იმის გამო, რომ ძალიან მიყვარს აქაურობა, არ დავრჩი. უცხოეთში რომ ვარ, გული სულ აქეთ მომიწევს. მეც ასე ვარ და ირაკლიც ასე იყო. არასოდეს არსად უნდოდა დარჩენა. გვენატრებოდა დედა, მამა, თბილისი, საქართველო, რადგან აქ ქართველი ხარ, უცხოეთში არაფერს წარმოადგენ... მოკლედ, მსახიობობა არ გამოვიდა, თუმცა თეატრალურისთვის მოვემზადე, ქალბატონ ლილი იოსელიანთანაც მივედი, მომისმინა, მოვეწონე, მაგრამ სწორედ იმ წელს გიორგი ალექსიძე ჩამოვიდა და ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიღეს.

ახლა არ ვიცი, რა ჯობდა, - მსახიობი რომ ვყოფილიყავი და თუ მოცეკვავე რომ ვარ. მსახიობობისას ალბათ უფრო დიდხანს ვიქნებოდი სცენაზე, ცეკვის შემთხვევაში კარიერა ადრე დავასრულე.

თუმცა, დასის ხელმძღვანელად მუშაობისას შევასრულე როლი, რომელიც ჩემთვის ძალიან საყვარელი აღმოჩნდა. ეს იყო "რომეო და ჯულიეტაში" დედის, ლედი კაპულეტის როლი, რომელიც ირაკლის გარდაცვალებას დაემთხვა. ტიბალტი რომ კვდება, არის სცენა, როცა ტირილი უწევს. ის სცენა ჩემთვის ყველაზე საყვარელი იყო. წარმოიდგინეთ, რომ ბალეტში ტირი და ვტიროდი ბოლომდე, მოვთქვამდი. ამ დროს იმდენად დიდი ემოცია მოდის, სცენაზე შეგიძლია იყვირო კიდეც...

მოკლედ, ბალეტი ჩემი ცხოვრებაა და საერთოდ, ცეკვა. თუმცა არასოდეს მომეცა იმის საშუალება, შემექმნა თანამედროვე ცეკვის დასი. ამაზე გული ნამდვილად მწყდება.

- გავიხსენოთ ირაკლი ჩარკვიანი...

- ძალიან განვიცდი, რომ კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და არ გამოუვიდა. ბოლო შაბათს გავიხსენებ, როცა შევხვდით: შაბათობით ტრადიცია გვქონდა, - მე და ირაკლი ოჯახებით დედასთან და მამასთან სადილად მივდიოდით და იქ ვიკრიბებოდით... მახსოვს, სამზარეულოში ვიდექით და მითხრა, - თეონ, ვეღარ ვასწრებ 100 მელოდია მაქვს თავში, რა ვუყოო? დაწერე-მეთქი. ვერ ვასწრებო...

როგორც ჩანს, სადღაც სულ ჰქონდა შეგრძნება, რომ ვერ ასწრებდა. 100 მელოდია, წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენ კარგ სიმღერას დაწერდა?

- ბავშვობაში როგორი იყო?

- სულაც არ გვიჩხუბია, მშვიდები ვიყავით. ბოლოს კი მაბრალებდა "ჟუვაჩკებს" მიმალავდიო, მაგრამ მე მახსოვს. მამაჩემს უცხოეთიდან საღეჭი რეზინი რომ ჩამოჰქონდა, ერთნაირად გვინაწილებდა. ირაკლი ღეჭავდა, არიგებდა, მე ვინახავდი და როცა მთხოვდა, ვაძლევდი... ერთადაც ვმღეროდით და მამაჩემთანაც. რამდენჯერმე პიონერთა სასახლეშიც გამოვედით.

მუსიკის კეთება ადრე დაიწყო - სადღაც 14 წლის იყო, პირველად გასტროლზე რომ წავიდა, ჯგუფი იყო ასეთი "არიში" და მისთვის დაწერა სიმღერა, რომლითაც მთელი საქართველო მოიარა, საიდანაც დაღლილი დაბრუნდა... კი, მაგ პერიოდში დაიწყო მუსიკის აქტიურად წერა, თუმცა ლექსებს ბავშვობიდან წერდა.

მიყვარდა მისი ლექსები, მისი ხელოვნება, რომელიც ყოველთვის მავსებდა და მავსებს მთლიანად. სულ მგონია, რომ ასეთი ნიჭიერი რომ ვყოფილიყავი, იმავეს გავაკეთებდი.

თუმცა და-ძმა ვართ, ერთად გავიზარდეთ და ბევრი საერთო გვაქვს... როდესაც რაღაც ახალს ქმნიდა, ჯერ "კასეტებზე" ჩაწერდა, ბევრი სიმღერაა ასე "კასეტებზე" და მას მსმენელი არ იცნობს. ჩამიწერდა სიმღერას და მეუბნებოდა, - აბა, მოუსმინე, რას ფიქრობ?

- როდესაც მასობრივად ცნობილი გახდა, მაშინ რა ემოცია გქონდათ?

- ირაკლი ჩემთვის პირველ რიგში ყოველთვის ძმა იყო და ეს მიხაროდა. როდესაც პოპულარული გახდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მის მუსიკას სხვანაირად აღიქვამდნენ, თუმცა საბედნიეროდ, იყვნენ ისინი, ვინც შესაბამისად აფასებდნენ მის შემოქმედებას.

ეს არის ფანტასტიური მელოდიები, რომლებიც მართლაც ქართული სიმღერებია, გენიალური მელოდიებით, ქართული ტექსტით. სიმღერები - "სულს მოგცემ," "ნუ უსმენ ხალხს," - რა ალტერნატივა? მისი ნამუშევრები სავსეა სევდით და ზოგიერთი ტრაგიზმითაც. "მოდი, წავიდეთ" - ამის გაგონებაზე ცუდად ვხდები.

ირაკლის გარდაცვალების შემდეგ 2 წელი სულ ვუსმენდი, მინდოდა, რომ მუდმივად გულთან ახლოს მყოლოდა. მაგრამ ახლა რომ მესმის, ცუდად ვხდები... მოქმედებს.

შეგრძნებაა ისეთი, რომ ყოველთვის ჩემთან არის, იმხელა ბზარი მაქვს გულზე, რასაც არაფერი შეავსებს. ამბობენ, დრო გადის და ტკივილს ეგუებიო. არ არის ასე. უბრალოდ, ისე ხშირად არ ფიქრობ, მაგრამ როგორც კი გახსენდება, ის ბზარი სულ არის. ზუსტად იმავე ტკივილს განიცდი, რაც მისი გარდაცვალებისას განვიცადე.

სულ მაკანკალებს, როცა მის სიმღერას ვმღერი, მიხარია, რომ მის სიმღერებზე ახალგაზრდები გაიზარდნენ. დღესაც დიდი სიყვარულით უსმენენ. მიხარია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში მესმის ირაკლის სიმღერები, მიხარია, რომ არსებობს და ყოველთვის იქნება.

- რაიმე წინათგრძნობა, გარდა იმისა, რომ სიმღერების ჩაწერას ვერ ასწრებდა, რა ჰქონდა?

- იმ დღეს ჩამეხუტა და ერთი წუთი ჩახუტებული იდგა, ვიდექით ჩუმად, არ ვლაპარაკობდით... სულ უკმარისობის შეგრძნება მაქვს, რატომ არ ვუთხარი, თუ როგორ მიყვარდა... დღეს ყველას ვეუბნები, რომ მიყვარს. თუმცა კი გრძნობდა, როგორ მიყვარდა, მაგრამ იმ წუთას რომ მეთქვა, დღეს ბევრად უკეთესად ვიქნებოდი!

- ნანობთ?

- ვნანობ, რომ ეს ემოცია არ გამოვუშვი...

-

- როგორია ირაკლის გარეშე გასული წლები?

- ძალიან რთულია, სულ მენატრება. ძალიან მინდოდა, მას რაიმე დაეწერა, რაზეც მე ვიცეკვებდი, მაგრამ ესეც ვერ მოვახერხეთ. მინდა, მჯეროდეს, რომ არსებობს რაღაც სხვა რეალობა, სადაც შეიძლება, კიდევ ერთი შაბათი "ჩავატაროთ", სადაც ყველანი უფრო კარგები, კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები და სიყვარულით სავსეები ვიქნებით.

ერთხელ ისიც ვთქვით, რომ მოვკვდებით, რას ვიზამთ-თქო. მე ვამბობდი, თუ შევძლებ, იმ სხვა რეალობიდან კარებებს გავაღებ-მეთქი, ქეთათომაც რაღაც თქვა, ირაკლიმ ჭიქას გადმოვაგდებო...

არ მჯერა ასეთი რაღაცების, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ირაკლის პანაშვიდებზე, ყველანი დიდ ფორიაქს ვგრძნობდით. თითქოს იქ იყო. არ ვარ თავგადაკლული მორწმუნე, მაგრამ იქ ირაკლის ენერგია ნამდვილად იყო. მერე მისი "კასეტაც" გადმოვარდა, რომელსაც ვეძებდით, მისი წიგნის პრეზენტაციაზე ღვინის ჭიქაც ჩამოვარდა, რომელიც გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში იყო... როცა ასეთი ფაქტები ხდება, გინდა, რომ ეს ყველაფერი დაიჯერო.

- ბატონ გელაზეც ვისაუბროთ, რა არის მამა თქვენს ცხოვრებაში?

- მამა ბავშვობიდან ყველაფერში მაგალითი იყო ჩემთვის. არ მახსოვს ტყუილად მჯდარიყო, სულ საქმეში იყო, მუშაობდა, ჰყავდა მოსწავლეები, მუშაობდა, მუსიკას წერდა. საერთოდ, ოჯახში ყველანი შემოქმედებითები ვიყავით.

- ირაკლის შვილებზე რას გვეტყვით?

- ბედნიერებაა, რომ გვყავს ნანა, 2 წლის იყო, ირაკლი რომ გარდაიცვალა. მამა არ ახსოვს. ძალიან მიხარია, რომ ირაკლის ნაწილი ჩვენ გვერდითაა. თვალები ძალიან უგავს ირაკლის, სევდიანი თვალები. რაზეც სიმღერაც დავწერე: "რა ვუყო თვალებს, რომელიც გავს შენს თვლებს, რა ვუთხრა ამ თვალებს, ასე რომ გგავს შენს სევდიან თვალებს". ძალიან კარგი გოგოა, ნიჭიერია, სწავლობს ამერიკულ აკადემიაში, კარგად იცის ინგლისური, ცეკვავს.

მაქსიმე 32 წლის გახდება, მოსკოვშია, იქ სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. ქართულად ჩვეულებრივად ლაპარაკობს, ჰყავს ქართველი მეგობრები და ხშირად ჩამოდის აქ. 7 წლამდე თბილისში ცხოვრობდა, სკოლაშიც აქ დადიოდა. ირაკლი ქართულად ელაპარაკებოდა, ძალიან კარგი ბიჭია. გარეგნულად იმდენად ვერ ვამსგავსებ, მაგრამ გვერდით რომ მყავს, ვგრძნობ ირაკლის ენერგიას, ქცევაც ძალიან უგავს.

- თქვენი ოჯახი გაგვაცანით.

- ჩემი მეუღლე გია ითონიშვილია, შვილიები - გიორგი და ანა ითონიშვილები. ანას ძალიან უყვარს ხატვა, ეს მისი ჰობია, ასწავლის ბიზნეს-ინგლისურს, ჰყავს სტუდენტები, უფროსი ადამიანები, ვისაც ეკონომიკა და ბიზნესი ინგლისურად სჭირდება, ნიჭიერი გოგოა, 5 ენა იცის. გიორგი მუშაობს ბანკში, ასევე გადის მაგისტრატურის კურსს, მუსიკით ისიც დაინტერესებულია.

აი, ეს არის სულ, რისი თქმაც შემიძლია და ბოლოს მინდა, კიდევ გავიმეორო, რაც ვთქვი: მინდა, მჯეროდეს, რომ არსებობს რაღაც სხვა რეალობა, სადაც შეიძლება, კიდევ ერთი შაბათი ჩავატაროთ, სადაც ყველანი უფრო კარგები, კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები და სიყვარულით სავსეები ვიქნებით.

როგორ გარდაისახა მშვენიერი მონიკა ბელუჩი ჯადოქრად - ფოტოები გადასაღები მოედნიდან

"თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ქალის დიდი ბრალეულობაა" - როგორ ეხმაურება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ზურაბ ცინცქილაძე

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე