ვის დარჩება "შავი ლომი"

ვის დარჩება "შავი ლომი"

დავა ნიკო ფიროსმანის "შავ ლომზე" გრძელდება. ყარამან ქუთათელაძის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და იმ მინდობილობის ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც ნახატის მფლობელს რეალიზაციის უფლება მიენიჭა.

ადვოკატი გოჩა სვანიძე კოლექციონერ ვიაჩესლავ ეფიმოვს მინსკში შეხვდა და ამბობს, რომ ყარამან ქუთათელაძის პრეტენზია უსაფუძვლოა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამ საქმის უკან კრიმინალური ჯგუფი დგას და ქუთათელაძის მიერ დაწყებული ავანტიურა კრიმინალებთან შეთანხმების "გადაფარვას" ემსახურება.  

დიმიტრი გაბუნია, ყარამან ქუთათელაძის ადვოკატი:

- სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვთ იმ მინდობილობის ბათილად ცნობას, რომლითაც "შავი ლომის" მფლობელს მისი რეალიზაციის უფლება მიენიჭა. ჯერ ერთი, ეს სურათი იყო არა ბატონი ყარამანის საკუთრება, არამედ დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება და შვილს არ ჰქონდა უფლება, გაეცა ასეთი მინდობილობა, მეორეც, "შავი ლომი" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა და, შესაბამისად, საჭირო იყო კულტურის სამინისტროს თანხმობა გასხვისებაზე ან საზღვარგარეთ გატანაზე. მოსკოვის საოლქო სასამართლოში ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვთ ნახატის დაყადაღებას და საქართველოში დაბრუნებას.

- ვიაჩესლავ ეფიმოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის თქმით, ყარამან ქუთათელაძემ ეს ავანტიურა კრიმინალებთან კავშირის დასამალავად წამოიწყო...

- ეს არის მათი ვარაუდი და საჭიროა მტკიცებულება. სიამოვნებით გავეცნობი შესაბამის მტკიცებულებებს, თუკი მას წარმოადგენენ, რაშიც ეჭვი მეპარება ისევე, როგორც ეფიმოვის ნათქვამში, 160 ათასი დოლარი გადავუხადე ყარამანსო.

- საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ვის მიეკუთვნება "შავი ლომი"?

- ოფიციალურად მივწერეთ ხელისუფლებას და პროკურატურას, რომ თუ ნახატი დაბრუნდება, ბატონი ყარამანი უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს.

- თუ არსებობს დოკუმენტი, რომ ეფიმოვმა ყარამან ქუთათელაძისგან ეს სურათი შეიძინა?

- არ არსებობს, ვინაიდან, ნახატი 1993 წელს, ქუთათელაძის დაყაჩაღების შემდეგ გაიტანეს საქართველოდან და ეფიმოვს ოფიციალურად ხომ უნდა გაეფორმებინა საბუთები? ასეთი ძვირად ღირებული სურათის ყიდვა-გაყიდვა იოლი არ არის - შესაბამისი ორგანოების ნებართვა სჭირდება. 2002 წელს ბატონმა ყარამანმა მოაწერა ხელი მინდობილობას არა ნახატის საქართველოდან გატანა-გაყიდვაზე, არამედ იმაზე, რომ თუ ეფიმოვი მას სადმე იპოვიდა, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და განეკარგა. ვფიქრობთ, 2002 წელს ეფიმოვს ეს ნახატი ნაპოვნი ჰქონდა და ყარამანს გამოართვა მინდობილობა, რომ შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინა. უნდა გაირკვეს, სად იპოვა ეფიმოვმა "შავი ლომი" და რატომ არ მიმართა შესაბამის ორგანოებს, როცა იცოდა, რომ ის მოპარული და დაყაჩაღებული იყო.

გოჩა სვანიძე, ვიაჩესლავ ეფიმოვის ადვოკატი:

- მინდობილობაში, რომელიც ხელთ მაქვს, არ არის ნახსენები, რომ ნახატი დაკარგულია და პოვნის შემთხვევაში უნდა განკარგოს ეფიმოვმა. ქუთათელაძე წერს, ამ ნახატს ვანდობ ეფიმოვს, რათა ჩაუტაროს ექსპერტიზა და უფლებამოსილია, შემდგომში სხვა პირებს გადასცესო.

- როგორ მოხვდა "შავი ლომი" ეფიმოვის ხელში?

- ეფიმოვი კოლექციონერია. მან რუსეთში ნახა ნახატი, ოღონდ ვისთან და რომელ ქალაქში, არ ვიცი. ახლოს იცნობდა ქუთათელაძეს, მისგან ბევრი სურათი ჰქონდა შეძენილი და ისიც იცოდა, რომ "შავი ლომი" ამ ოჯახის საკუთრება იყო. გაუკვირდა და მოითხოვა, საბუთი ეჩვენებინათ, მაგრამ ვერაფერი აჩვენეს. ეფიმოვი თბილისელია და ხშირად ჩამოდიოდა აქ, დაუკავშირდა ყარამანს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ნახატი სხვას აქვს გატანილი. ეფიმოვმა განუცხადა, ნახატს საბუთის გარეშე  ვერ შევიძენო. ეფიმოვი გაურიგდა ყარამანს, - ახლანდელ მფლობელს გამოვართმევ ნახატს, თანხასაც გადავუხდი, თუ შენ თანახმა იქნებიო. რაღაც თანხაზე შეთანხმდნენ.

- ლაპარაკი იყო 160 ათას დოლარზე?

- არ ვიცი, შეიძლება ეს თანხაა, მაგრამ, ცხადია, გარიგება შედგა - ისინი მივიდნენ ყარამანის მიერ შერჩეულ ნოტარიუსთან. აქედან გამომდინარე, ის არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა და რომლის მონაწილეც ყარამან ქუთათელაძეა, ბევრ კითხვას აჩენს.

არ ვიცი, 1993 წელს მართლა თუ დააყაჩაღეს ქუთათელაძე, ამას არც ეფიმოვი ამტკიცებს. თუმცა ვეჭვობ, რომ თავის დროზე ამ ოჯახმა მართლა განაცხადა "შავი ლომის" დაკარგვის შესახებ. ყარამანისგან ასეთი საბუთის გაცემა ლოგიკურად ნიშნავს, რომ მან შესაძლოა "მოუტეხა" ნახატი ოჯახს და ე.წ. ყაჩაღობით ჩამოწერა...

- ვთქვათ, ქუთათელაძემ გაყიდა "შავი ლომი", კულტურის სამინისტროს თანხმობის გარეშე როგორ მოახერხეს ნახატის გატანა საქართველოდან?

- ვინ გაიტანა მერე?! ჯერ ერთი, კანონი კულტურულ ფასეულობათა საზღვრებს გარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ 2001 წელს მიიღეს, მანამდე ეს კანონი არ არსებობდა. მეორეც, ნახატი ზდანევიჩის, ანუ ქუთათელაძის ბაბუის შეკვეთითაა დახატული. მე ქუთათელაძის დაცვაც მომიწევს, - თუ კანონი დაარღვია, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ მასაც შეეძლო ეს ნახატი ისე გაეტანა, არავისთვის ეკითხა. რადგან ნახატი ფიროსმანს ზდანევიჩმა დაუკვეთა, ის იყო მესაკუთრე და თუ მესაკუთრის გარდაცვალებიდან 70 წელზე მეტია გასული, მემკვიდრე უფლებამოსილია, ნებართვის გარეშეც გაყიდოს ქონება.

- ახლა ვინ არის "შავი ლომის" მესაკუთრე?

- ეფიმოვმა ლეგალურად იყიდა და ასევე ლეგალურად გაასხვისა "შავი ლომი". არ ვიცი, ახლა ვის ეკუთვნის, მაგრამ ყველაფერი კანონიერად მოხდა. ქუთათელაძის პრეტენზია სრულიად უსაფუძვლოა.

- ანუ, ნახატის საქართველოში დაბრუნების შანსი არ არსებობს?

- სამართლებრივი სისწორის დასადგენად ბევრი ბარიერის გავლაა საჭირო, მაგრამ გზა, რომელსაც ესენი ადგანან, წინასწარვე განწირულია. ნახატი როგორ აღმოჩნდა რუსეთში, არც ეფიმოვმა იცის. მან ის ქუთათელაძისგან იყიდა, მაგრამ მფლობელობა ვისგან მიიღო, თვითონ იტყვის. ყარამან ქუთათელაძე ამბობს, დამაყაჩაღესო, ეფიმოვს კი ეუბნება, - მე გავატანე ნახატიო და საბუთსაც აძლევს, რომლის სიყალბეზე ლაპარაკი არარეალურია.

ამ მინდობილობის ბათილად ცნობის კანონიერ პერსპექტივას ვერ ვხედავ, როგორც ჩანს, საფრთხე იმ კრიმინალური ჯგუფის არაჯანსაღ ინტერესშია, რომელსაც სურს მოკავშირედ საქართველოს ხელისუფლება გაიხადოს, რასაც არ დავუშვებთ. კულტურულ ფასეულობას სათანადო დაცვა სჭირდება სათანადო პროცედურების გავლით. აქედან გამომდინარე, თუ ყველა ამ პროცედურას გავივლით და ამაში არავინ ჩაერევა, ნეიტრალურ სასამართლოში სიმართლის დამტკიცების პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება მოქალაქეობრივ და ადამიანურ ფაქტორს, ქართველი გენიოსის ნახატი რომ იაპონიის იმპერატორს ეკიდოს კედელზე, ამით ვიამაყებ. ასე იოლი არ არის, მყიდველს და კანონიერ მფლობელს ჩამოართვა და წამოიღო.

- ნახატს, დაბრუნების შემთხვევაში, ქუთათელაძე უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს?

- ყარამან ქუთათელაძემ ჯერ ჩადენილზე აგოს პასუხი. ამით რა უნდა თქვას, რომ კარგი ბიჭია და ამიტომ უნდა დაიხმაროს სახელმწიფო? - უი, მე მივქარე, ფული გავაკეთე, ახლა მაპატიეთ და სახელმწიფოს ვაჩუქებო? ეფიმოვს ამ ოჯახისთვის დიდძალი ფული აქვს გადახდილი ამ და სხვა ნახატებში - 53 ნახატი აქვს შეძენილი ქუთათელაძის დედისგან. "შავი ლომის" გარდა, ფიროსმანის სხვა ნახატებიც აქვს ნაყიდი, რომლებიც, სამწუხაროდ, სხვა პირებმა მიითვისეს, არის ეჭვი, რომ რამდენიმე მათგანი საქართველოშია. დღეს თუ ხვალ ყველაფერი გაირკვევა და "შავ ლომთან" დაკავშირებით ატეხილი სკანდალი, შესაძლოა, ამის გამოძახილიც იყოს. არ არის გამორიცხული, დადგინდეს, რომ ქუთათელაძე ამ საქმეში მარტო არ არის.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება