კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
17:13 / 10-01-2015
როგორ დაიკარგა გივი სიხარულიძის მესამე შვილი - მსახიობის გულახდილი ინტერვიუ საკუთარ წარსულზე
გივი სიხარულიძის მიმართ საზოგადოების ინტერესი არასდროს ცხრება. გთავაზობთ მსახიობის ინტერვიუს "რეიტინგის" არქივიდან, რომელშიც მან საკუთარ წარსულზე ისაუბრა.

- რუსი დედა მყავდა - ტალალაევა ეთერი თეოდორის ასული. ძალიან ლამაზი ქალი იყო. თავისი დედა ყველას ლამაზი ჰგონია, მაგრამ დედაჩემი მართლა ძალიან ლამაზი იყო.

- მართლაც ლამაზი დედა გყოლიათ.

- აბა, რა. მე არასდროს ვიტყუები. მამა, დიმიტრი სიხარულიძე, ბრგე ვაჟკაცი იყო. მამა სკოლის დირექტორი გახლდათ, დედა - რუსულის მასწავლებელი. მამა დედაზე ათი წლით უფროსი იყო. ერთმანეთს თბილისის ქუჩაში შეხვდნენ, გაიცნეს ერთმანეთი და მამამ მიაკითხა. დედა თბილისელი იყო, მამას თბილისში ბინა არ ჰქონდა. ჩოხატაურიდან იყო ჩამოსული. მას ერთი საყვარელი ჰყავდა, ძალიან ლამაზი სომხის ქალი.

ის ქალი აკადემიკოსის შვილი იყო. ზაფხულში დასასვენებლად რომ მიდიოდნენ, მამას სახლის გასაღებს უტოვებდნენ. ენდობოდნენ მამას, რომ არ გაქურდავდა. ერთ ზაფხულს ამ სახლში მიიყვანა დედა და უთხრა, ჩემიაო. დედა გადაირია, კარადაში "ნორკისა" და "კარაკულის" ქურქები ეკიდა. ჩემი მშობლები ამ ამბავს რომ იხსენებდნენ, სიცილით კვდებოდნენ. დედას უკითხავს, ეს ყველაფერი ვისიაო და მამას უთქვამს, შენთვის მაქვს ყველაფერი ნაყიდიო. საყვარელს რვაოთახიანი ბინა ჰქონდა, დედა ცოლად რომ მოიყვანა, ერთოთახიან ნაქირავებში შევიდნენ.

დედა ამ ტყუილის გამო მამას არ გაუნაწყენდა, როცა გიყვარს, ადამიანის ქონება არ გაინტერესებს. დედას ფული არ აინტერესებდა. უბრალოდ, მამა მაინც შეეცადა, მასზე შთაბეჭდილება ამ გზით მოეხდინა. მერე საწყლებმა ერთი ოთახი ძლივს იყიდეს, მოგვიანებით მეორე ოთახი მიამატეს. სულ გაჭირვებაში ვიზრდებოდი.

- შემეცოდა სომეხი აკადემიკოსის გოგო...

- სომხის გოგო კი არ იყო, ორჯერ გათხოვილი და მერე გამოთხოვილი ქალი, მამა ძალიან ლამაზი კაცი იყო და უყვარდა.

- რომელ წელს დაიბადეთ, გაგვიმხელთ?
- მაგას რომ კაცი დამალავს, იმ კაცს საყურეები უნდა გაუკეთო. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

- კაცებიც ხომ იკეთებენ საყურეს?..
- საყურეს რომ იკეთებს კაცი, ის ისევე იქცევა, როგორც საყურეებიან კაცს შეჰფერის. მე გივი სიხარულიძე ვარ და ღმერთმა დამიფაროს მსგავსი რამისგან. 1944 წელს დავიბადე. 67 წლის ვარ.

- სახელი როგორ შეგირჩიეს?
- არ ვიცი, ვისი ინიციატივით შეარჩიეს, მაგრამ სასტიკად არ მომწონს ჩემი სახელი. შვილებს ავუკრძალე შვილიშვილებისთვის ჩემი სახელის დარქმევა. გივი ერთი ჩვეულებრივი სახელია. მე რომ მკითხოთ, კაცს თავისი ქცევის მიხედვით უნდა დაარქვა სახელი. ჩემი ამხანაგი გვარად ლომაძეა და ჯეირანი ჰქვია. მეტრა და ათი სანტიმეტრია და გაჩხიკულია. ის ლომაძე შეიძლება იყოს და ჯეირანი ერქვას? შეუსაბამობაა აშკარად მის სახელსა და გარეგნულ იერს შორის.

- ხომ შეგეძლოთ, სახელი შეგეცვალათ...

- სახელის შეცვლას ხომ არ დავიწყებდი. რაც დედამ და მამამ დამარქვეს, იმ სახელს დავჯერდი. დავრჩი გივი სიხარულიძედ.

რატომ არ ეწეოდა სიგარეტს
- როგორც თავად აღნიშნეთ, გაჭირვებაში იზრდებოდით.

- მამა 1946 წელს პოლიტიკურ ამბებზე დაიჭირეს. მაშინ მამა ბათუმში განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, ასევე სკოლის დირექტორი.

არხანგელსკში რომ გადაასახლეს, დაახლოებით ოთხი წელიწადი გვიჭირდა. საწყალი დედაჩემი ვირივით შრომობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. 1953 წელს
მამას ამნისტია შეეხო. 1954-ში დაბრუნდა და ისევ დაიწყო მუშაობა. ჯერ პარტიაში აღადგინეს, მერე ისევ მასწავლებლად მუშაობდა და ბოლოს აზერბაიჯანულ-სომხურ-ქართული და რუსული სკოლის დირექტორი გახდა, სადაც 40 წელი იმუშავა.

- ამ ყველაფრის წყალობით ალბათ კარგად იცით აზერბაიჯანული, სომხური და რუსული...
- აზერბაიჯანული არა, მაგრამ სომხური და რუსული ძალიან კარგად ვიცი. ვორონცოვზე გავიზარდე. ჩემს მეზობლად სომხები და ქურთები ცხოვრობდნენ. ისინი ქართულად კარგად ლაპარაკობდნენ, მე კი რუსული და სომხური ვისწავლე. მაშინ ყველა ქართველი მეგონა. უბრალოდ ვიცოდი, რომ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, სხვა დრო იყო, ერთმანეთისგან არ ვასხვავებდით სომეხს, ქართველს, აზერბაიჯანელსა და რუსს. ყველას გვიყვარდა ერთმანეთი.

- რომელ სკოლაში სწავლობდით?
- პირველად ვორონცოვზე მეცხრამეტე ვაჟთა სკოლაში დავდიოდი. შემდეგი ფოტო სწორედ იმ პერიოდში მაქვს გა­დაღებული. მერე გო­გონებიც შემოგვიერთდნენ და ჩვენი სკოლა გახდა 30-ე. მოგვიანებით ამ სკოლიდან 71-ეში გადავედი, სადაც ებრაელებთან ერთად ვსწავლობდი. ივრითიც ვიცი. ებრაელებმა, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, არ იცოდნენ და მე ვიცოდი მათი ენა. ებრაელები ამბობენ, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, წინ აღუდგეს დიდ სურვილს. როცა კაცს სურვილი აქვს, ის აუცილებლად ნებისმიერ ენას ისწავლის.

71-ე სკოლის დირექტორი იყო ლევან წივწივაძე. საოცრად კარგი კაცი გახლდათ, რომელსაც პოეზია უყვარდა და თავის გაკვეთილებზე პოეზიის საღამოებს აწყობდა. მისგან ბევრი რამ ვისწვლე. მან შემაყვარა პოეზია და პროზა. დირექტორები ასეთები უნდა იყვნენ. ამ სკოლიდან 85-ში გადავედი და ეს სკოლა დავამთავრე.

- სკოლა ბევრჯერ შეგიცვლიათ და ამან სწავლაზე გავლენა ხომ არ მოახდინა?
- ვერ გეტყვით, სწავლით თავს ვიკლავდი-მეთქი. წიგნში ჩახედვაც კი მეზარებოდა, მაგრამ არ მერიდება იმის თქმა, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი. გაკვეთილს ერთხელ თვალს რომ გადავავლებდი, მაშინვე ვიმახსოვრებდი. სკოლა საშუალო ნიშნებზე დავამთავრე. ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, საერთოდ არ მოვმზადებულვარ. უბრალოდ, ორი კვირა ჩავუჯექი წიგნებს. რაღაცებს გადავხედე.

ფიზიკაში ოთხიანი მივიღე. ქიმიაში კი - სამიანი. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ვაბარებდი. ქართულის გამოცდაზე რომ გავედი, მოვიდა თემა - გმირთა სახეები ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში. დაახლოებით 15 წუთში დავწერე ერთი თაბახი და გამოვედი. მახსოვს, მაშინ მამაჩემმა მითხრა, შენ არც მე და არც შენს თავს პატივს არ სცემ და ცხოვრებაში არაფერი გამოგივაო. ძალიან გამწარდა, სხვა არაფერი უთქვამს. ჩხუბი არ იცოდა, წამოვედით გამოცდიდან. ნიშნების გამოცხადებაზე აღარც მივსულვარ.

იმ პერიოდში უკვე სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი. ვიფიქრე, არ მინდა სწავლა-მეთქი. მეზობელი ჩემთან ერთად აბარებდა. მითხრა, რატომ არ მოხვედი, ოთხიანი დაგიწერესო. მამაჩემი ჭკუიდან შეიშალა. მართლა მაგრად დავწერე. გრამატიკაში მაინცდამაინც ვერ ვერკვეოდი, მაგრამ პედაგოგები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ვაზროვნებდი და ზოგან სასვენი ნიშნები დაწერეს. ზოგან მეც დავსვამდი სწორად სასვენ ნიშანს და იმიტომ მივიღე ოთხიანი. ასე გავხდი სტუდენტი, აგრონომობა არაფერში გამომიყენებია. სუხიშვილების სოლისტი გავხდი. შემდეგი ფოტო, სადაც ილიკო სუხიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და მე ვარ, ერთ-ერთი გასტროლის დროსაა გადაღებული.

- სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრეთ?
- რა თქმა უნდა, დავამთავრე. სწავლით არც უმაღლესში ვიკლავდი თავს. მაშინ სულ ჩაწყობები იყო. ყველამ იცოდა, რომ ვცეკვავდი და შეღავათს მიწევდნენ. ამ დარგში არასდროს მიმუშავია. კინომსახიობი გავხდი. მოცეკვავე ვიყავი, ანსამბლის ხელმძღვანელი გავხდი, მერე მწერლობა დავიწყე და აგრონომობამ ცოტა გვერდზე გადაიწია.

- რომ დაგჭირდეთ, სოფლის მეურნეობის საქმეს შეასრულებთ? ვაზის მოვლა გეხერხებათ?

- ტყუილის თქმა არ მიყვარს, ვაზს ვერ მოვუვლი, მაგრამ ძალიან მიყვარს ყვავილები. ჩემს შემოქმედებაშიც ხშირად დამიწერია, რომ ფოთლიდან დაწყებული, ქვით დამთავრებული, ყველაფერი სულიერია. მაქვს მოთხრობა "სევდიანი სკამი". ამ მოთხრობის გამოცემის შემდეგ მეგობრებმა გამიკეთეს სკამი, რომელსაც აწერია - "სევდიანი სკამი".

- როგორ დაინახეთ სკამში სევდა?
- ვაკეში ერთი სკამი იდგა, რომელთანაც ჩვენი საძმაკაცო ვიკრიბებოდით. ნელ-ნელა ბიჭები გვაკლდებოდნენ. მაშინ უბანი უბანზე ჩხუბობდა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოგვაკლდა. ვუყურებდი სკამს და ვხვდებოდი, რომ მასში სევდა ბუდობდა, იმის გამო, რომ ეს ახალგაზრდები აღარ იყვნენ ჩვენ გვერდით. არ ვიცი, ეს რა იყო - ჩემი უზადო სიყვარული სკამის მიმართ, თუ აკვიატება, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, თუ ვინ იქნებოდა ის უკანასკნელი მოჰიკანი, ვინც სკამს გააცილებდა უკანასკნელ გზაზე. მართლაც ბევრი ბიჭი ჩემი სამეგობროდან ცოცხალია, ის სკამი კი აღარ არსებობს, დაიმტვრა და მოაცილეს უბნიდან.

- თქვენ იყავით სუხიშვილების მოცეკვავე. ალბათ მთელი დღის განმავლობაში ბევრს ვარჯიშობდით...
- მარტო მოცეკვავე არ ვყოფილვარ. საქართველოს პრი­ზიორი ვარ წყლის თხილამურებში, ტანმოვარჯიშე ვიყავი, ჩოგბურთელიც ვარ. შემდეგ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორი შედეგი ჰქონდა ჩემი სპორტისადმი სიყვარულს...

- ვარჯიშს ალბათ ძალიან ბევრ დროს უთმობთ...
- რასაკვირველია. ჩემი დილა იწყება აუზზე წასვლით. თუ ზაფხულია, საღამოს ავდივარ თბილისის ზღ­ვაზე და წყლის თხილამურზე ვდგავარ, თუ არადა გუდაურში ან ბაკურიანში ვარ და თხილამურებით ვსრიალებ.

- მწეველთა რიცხვში როდისმე ყოფილხართ?
- მოწევის სურვილიც არ გამჩენია. ის, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, არასდროს მომწონებია. ადამიანს ინდივიდუალიზმი უნდა ჰქონდეს და უნდა აზროვნებდეს. რატომ უნდა ავყვე ვიღაცა კრეტინს, ვისაც სიგარეტი მოსწონს?

- შემდეგი ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?
- ოცი მეტრის სიმაღლიდან გადმოვხტი. ამ ფოტომ ბევრი გამოფენა მოიარა. ძალიან მაგარი სურათია. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ არწივივით მოვფრინავ.

რატომ არ მოსწონს სიტყვა მანდილოსანი
- მოცეკვავე რომ არ ყოფილიყავით, როგორ ფიქ­რობთ, თქვენს ნიჭს კიდევ რაში გამოამჟღავნებდით?
- არ ვიცი. ფაქტი ერთია, რომ ვცეკვავდი სუხიშვილებში. სულ ოთხი სახელმწიფო ანსამბლი იყო თბილისში და ერთ-ერთის ხლმძღვანელი მე ვიყავი. კინომსახიობი ვარ და უამრავი გრანპრი მაქვს აღებული.
შემდეგი ფოტო ჩემი პირველი ფილმიდანაა. ფილმს "გასეირნება" ჰქვია და 1972 წელსაა გადაღებული.

- ფართო მაყურებელმა შეგიყვარათ თემურ ბაბლუანის ფილმით "უძინართა მზე". გაიხსენეთ, როგორ იღებდით ამ ფილმს. თემურ ბაბლუანს დიდი ხანია, იცნობთ?
- თემურს ერთხელ ჰკითხეს, გივი სიხარულიძეს ყველა ფილმში იმიტომ იღებთ, რომ თქვენი მეგობარიაო? თემურმა უპასუხა, ერთი მეგობარი მყავს, ბაჩო, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში არ გადამიღია ფილმშიო. ერთ ინტერვიუში თქვა, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ გივი სიხარულიძის რანგის მსახიობი ქართულ კინოში არ მეგულებაო. თემური არის კაცი, რომელიც არასდროს არავის აქებს. ამის გამო მერე ბევრმა მსახიობმა შემიძულა, მაგრამ მე ხომ ეს ჩემს თავზე არ მითქვამს.

თემური ასე ფიქრობს და მე მას ფიქრს ვერ წავართმევ. "უძინართა მზის" გადაღებებზე სულ მოკრივე ბიჭები მოიყვანეს. ნაღდი ჩხუბები იყო. იმიტომ გამოვიდა ძალიან კარგი ფილმი და იმიტომ აიღო ბევრი პრიზი. შემდეგი ფოტო სწორედ "უძინართა მზეზე" მუშაობის დროსაა გადაღებული.

- თქვენთან საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მანდილოსნებს...
- სიტყვა მანდილოსანი ჩემთან აღარ ახსენოთ. საქართველოში მანდილოსნები აღარ არსებობენ. არსებობენ ტრუსიკოსნები და არატრუსიკოსნები. ქალმა ტრუსიკი რომ ჩაიცვას, უკვე დიდი მიღწევაა. მანდილი კი არა, აღვირახსნილების ქვეყანაში ვცხოვრობთ. რომელ მანდილზეა ლაპარაკი.

- ყველაზე ნამდვილად ვერ იტყვით, რომ უპატიოსნოა.
- მეც მაგას ვამბობ, ტრუსიკი რომ აცვიათ, უკვე დიდი მიღწევაა-მეთქი. ქართველი ქალი ყველაფერ საზიზღრობას იღებს და ყველაფერ წმინდასა და კარგს ივიწყებს.

- (ბატონი გივი ძალიან გაბრაზდა და ვარჩიე, აღარ შევკამათებოდი). ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო.

- ძალიან ბევრი იყო კარგი ქალი და იყვნენ უმსგავსი ქალებიც.

- უმსგავსები ჭარბობდნენ?
- რა თქმა უნდა. 90%-ი უმსგავსია და მხოლოდ 10%-ზე იტყვი, რა დედამ გშობაო.

- შემდეგ ფოტოზე, როგორც მითხარით, მეუღლესთან, შვილსა და მეგობართან ერთად ხართ...

- მეუღლე რომ გარდაიცვალა, ლამის საფლავში ჩავყევი. მანამდე ცხრა წელი ჯვარზე ვეცვი. ღმერთს ვეხვეწებოდი, ღმერთო, ჩემი ცოლი გადაარჩინე და მე წამიყვანე-მეთქი. ამას გულით ვამბობდი. ასე მხოლოდ იმიტომ ვიქცეოდი, რომ ამ ადამიანმა თავი შემწირა, ჩემით და შვილებით ცხოვრობდა. თავისი ცხოვრება თითქმის არ ჰქონდა. მეც თავზე ვევლებოდი, მაგრამ პრეტენზიული კაცი ვარ. არ მიყვარს, როცა ცოლი ბაზარში დადის და ვიღაცებს ეხვეწება, ათი კაპიკი დამიკელიო.

ვთვლი, რომ მამაკაცმა ცოლი ბაზარში არ უნდა გაუშვას. ყელაფერი მე მიმქონდა სახლში. უჩემოდ ჩემი ცოლი ვერ წავიდოდა ვერც თეატრში და ვერც კინოში. ჩემი ცოლი ექიმი იყო და როგორც კი მორიგეობაზე მიდგა საქმე, მე ჯერ ფულს ვაძლევდი ერთ გა­ჭირვებ­ულ ექიმს და ის მო­­რიგეობდა მის მა­გივრად და შემდეგ, როცა იმ ბიჭმა ფული იშოვა და უარი მითხრა, ცოლის მაგივრად მორიგეობაზე, ნახევარ განაკვეთზე გა­დავიყვანე. ქალი მო­რიგედ არ უნ­და იყოს. მან თავის შვილებთან უნდა იმ­­ორიგეოს.

სა­მაგიეროდ, და­სასვე­ნებ­ლად სულ ერთად დავდი­ოდით და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ქმარმა თავის ერთგულ მეუღლეს უნდა გაუკეთოს. ყველანაირად ვცდილობდი, ნამდვილი, ქართული ოჯახი გვქონოდა. ჩემი შვილებისთვის დედა ყველაფერია. მე არაფრად მივაჩნივარ. ჩემს ცოლს უდიდეს პატივს ვცემდი. დღემდე არ არსებობს, ჩემი ცოლის ფოტოსთან ლარნაკში ცოცხალი ყვავილები არ იყოს. 14 წელი გავიდა, რაც ის გარდაიცვალა და არ არსებობს, მის ფოტოსთან ყვავილის მიტანა დამავიწყდეს. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას.

- რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ?
- ორი შვილი, ბექა და ჯაბა და ოთხი შვილიშვილი მყავს. მესამე შვილიც გვყავდა. 14 წლის წინ ოთხ მეგობართან ერთად სოფიაში წავიდა და დაიკარგა. გამოძიება ჩატარდა, მაგრამ ვერც ერთი მეგობარი ვერ ვიპოვეთ. სამწუხაროდ, არც ვიცი, ცოცხალია, თუ მკვდარი.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

14:35 / 18-02-2017
teo
4
რამხელა ტრაგედიაა, სულ არ ეტყობა, ესეც თავისებური ნიჭია...
19:03 / 16-02-2017
მაგარი თამუნა
0
ღმერთო შვილი აპოვნინე ,გეხვეწები... გაახარე კეთილი და ფიცხი გივი,--ალალია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს,---ქალებზეც ნაღდი თქვა--ბლომად არიან გარყვნილები,--უბრალოდ, ფიცხი როა და გული ძალიან სტკივა, პროცენტებში გადააჭარბა:):)...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:37 / 20-08-2017  Image ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს
ღამის ხედვის არ ქონის გამო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერტმფრენმა სამუშაო შეაჩერა და
19:42 / 20-08-2017  Image ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ 21 აგვისტოს მოსალოდნელი მზის დაბნელება - ასტროლოგის რეკომენდაციები
"უხსოვარი დროიდან ადამიანი აკვირდებოდა ბუნების მოვლენებს, მათ ზეგავლენას მოვლენებსა
15:12 / 20-08-2017  Image რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვეროდოთ საძილე პრეპარატებს
"თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, ძილის დარღვევა აქვს"
14:07 / 20-08-2017  Image 5 ტურისტული მიმართულება, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურებს შორის
მსოფლიოს ტურისტულმა ორგანიზაციამ (WTO) გაერო-სთან ერთად 2017 წლის ყველაზე სწრაფად
13:26 / 23-04-2017  Image როგორ უნდა შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი იაფად - 6 რჩევა მოგზაურობის მოყვარულებს
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49