მერილ სტრიპი: "ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ პოლიტიკური ლიდერი არ ვარ"

მერილ სტრიპი: "ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ პოლიტიკური ლიდერი არ ვარ"

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა მიტერანმა ბრიტანეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრზე, მარგარეტ ტეტჩერზე ასეთი რამ თქვა: "მას კალიგულას თვალები და მერილინ მონროს პირი აქვს". ეს ქალბატონი, რომელიც "რკინის ლედის" სახელით შევიდა ისტორიაში, ეკრანზე ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა, მერილ სტრიპმა განასახიერა. მსახიობმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ახალი როლის თავისებურებებზე და ტეტჩერის ნაკლებად ცნობილ ადამიანურ მხარეებზე ისაუბრა.

- ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის "ოქროს გლობუსი" უკვე მიიღეთ. მას შეიძლება ცოტა ხანში თქვენთვის მესამე "ოსკარიც" მოყვეს. ძველებურად გაღელვებთ ეს საპატიო ჯილდოები?

- ყოველთვის ახალგაზრდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ნომინანტებს შორის მასახელებენ. დაუჯერებელია, კოლეგები ისევ და ისევ მასახელებენ "ოსკარის" პრეტენდენტად. კიდევ უფრო დაუჯერებელია, რომ დღემდე მაღელვებს, მოვიგებ თუ ვერა ამ ჯილდოს. ძალიან კარგად მახსოვს, პირველად რომ ავედი სცენაზე ოქროს ქანდაკების მისაღებად. იმ დროს მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ-მინისტრად ახალი არჩეული იყო. ცერემონიას კი ლოურენს ოლივიე, გრეგორი პეკი და ბეტ დევისი ესწრებოდნენ... ისინი სულ ახლოს ისხდნენ ჩემთან, წარმოგიდგენიათ?

- როგორ ემზადებით ხოლმე ამ დიდი ჰოლივუდური დღესასწაულისთვის?

- კაბის არჩევაზე ყველაზე მეტს ვნერვიულობ. ძალიან მოქმდებს ჩემს ნერვებზე ლოდინის მომენტიც - დამასახელებენ თუ არა. სანამ ჩემი ნომინაციის გამოცხადების დრო მოვა, რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევას ვასწრებ, რომ ცოტათი მოვდუნდე. ძალიან ვწუხვარ იმ დროზე, როცა "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ტრანსლირება ტელევიზიით არ ხდებოდა. მაშინ ეს ცერემონიები ნამდვილი დღესასაწაული იყო, სადაც შესანიშნავად მოლხენაც შეიძლებოდა.

ცერემონიები პატივის გარდა, ტვირთიც არის ჩემთვის. ერთადერთი, რაც ამ დროს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ძველ ნაცნობებთან შეხვედრაა. რადგან ლოს-ანჟელესში არ ვცხოვრობ, მეგობრების ნახვას ხშირად ვერ ვახერხებ.

- მართალია, რომ ტეტჩერის როლის შესრულებისას, მისი ინტონაციის გათავისება ძალიან გაგიჭირდათ?

- ტეტჩერის ინტონაციის გამეორება ძალიან მარტივია. მთავარია, მისი საუბრის მანერის გადმოცემაა - როგორ მართავდა საკუთარ სუნთქვას საუბრისას და როგორ ფლობდა ხმას, რათა მამაკაცებს სათანადოდ მოესმინათ მისთვის. თანაც რამდენ მამაკაც-, პარლამენტში ხომ ქალები არ იყვნენ.

როცა მისი როლი მასობრივ სცენაში პირველად შევასრულე, ვიგრძენი, რას ნიშნავს 300 მამაკაცის გარემოცვაში ყოფნა. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვისმენდი მის გამოსვლებს და მასთან ერთად ვიმეორებდი წარმოთქმის მანერას. თურმე ტეტჩერტს წარმოთქმის ხელოვნებაში ლოურენს ოლივიე ეხმარებოდა. ოლივიე მისთვის გაკვეთილებს სამეფო თეატრში მართავდა.

- ტეტჩერის თამაში მისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში გიწევთ - 49 წლიდან 86 წლამდე, მაგრამ ფილმი იწყება სცენით, სადაც მოხუცი, ავადმყოფი ქალი ჩანს. მართლაც დიდი გამბედაობაა ამ ასაკში ცოცხალი ადამიანის როლი შეასრულო. ასეთი დატვირთული გრიმი ხელს არ გიშლიდათ თამაშში?

- ის ნიღბები, რომლებიც თავისი საქმის გენიოსმა მარკ კულერმა დაამზადა, იმდენად მსუბუქი იყო, სახეზე ვერც ვგრძნობდი. გრიმიორების ორსაათიანი მუშაობის შემდეგ, სარკეში ჩავიხედე და დავინახე მოხუცი ქალი, რომელიც თითქოს ჩემი ოჯახის წევრს გავდა. ნუ დაივიწყებთ, რომ კარიერა თეატრის მსახიობობით დავიწყე, სადაც გრიმს მაშინ გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა.

- თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ "რკინის ლედის"მიმართ?

- ამ როლზე იმიტომ არ დავთანხმებულვარ, რომ ტეტჩერის შეხდულებებს ვიზიარებ. მე ის, როგორც ქალი და როგორც პიროვნება მაინტერესებდა. მის დღის რეჟიმს გავეცანი, რასაც ის 12-წლიანი მუშაობის განმავლობაში იცავდა. ამ ქალისთვის 10-წუთიანი დასვენებაც კი დროის ფუჭი კარგვა იყო. მეც მთელი ცხოვრება ვმუშაობ, მაგრამ გადაღებებს შორის თვეების განმავლობაში შინ ვარ, მეუღლისა და შვილების გვერდით. ვერ წარმომიდგენია ასეთ ჯოჯოხეთურ გრაფიკს, დედის მოვალეობები როგორ უნდა შეუთავსო. არა მგონია, ტეტჩერი ბედნიერი დედა ყოფილიყო, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი არაა. ფენომენალური ხასიათი, ძალა და ნებისყოფაა საჭირო, რომ ჯერ პარტიის ლიდერი გახდე, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავო და ყველა შენს წინამორბედზე მეტი ხნით შეინარჩუნო უმაღლესი ხელისუფლება.

რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ ტეტჩერის პოლიტიკური გადაწყვეტილებების სისწორეზე, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ამ ქალით. სრულიად ბუნებივია, რომ მას, როგორც დიდ პოლიტიკოსს, ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. მარგარეტი ხშირად იმეორეობდა, რომ ხალხს სასტიკი გადაწყვეტილებების გამო სძულდა, მაგრამ მომავალი თაობები მადლობას ეტყოდნენ. სწორედ ასე უნდა მსჯელობდეს ლიდერი. სწორედ ასე ფიქრობენ დედებიც - შეიძლება სიმკაცრის გამო შვილმა ჩემს მიმართ სიძულვილი იგრძნოს, მაგრამ მერე ჩემს სიმართლეში დარწმუნდება და მადლობასაც მეტყვისო. მე ერთადერთი რამ მაინტერესებდა, როგორ აისახებოდა მისი პოლიტიკური ნაბიჯები მის შინაგან სამყაროზე. ღმერთო, რა მტანჯველია, როცა უამრავ ხალხს ნამდვილ სიკვდილზე უშვებ (მაგალითად, არგენტინაში ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტში) ღამით კი თავი ბალიშზე უნდა დადო და დაიძინო. ამ როლის მერე ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დემოკრატიული ფრთის ლიდერი არ ვარ.

- თქვენი აზრით, რამ შესარულა გარდამტეხი როლი მარგარეტის ცხოვრებაში, როცა მან პოლიტიკოსობა გადაწყვიტა?

- ალბათ, მისმა ოჯახმა და მამამ. ოჯახში ორი დანი იყვნენ. ქალიშვილისთვის იმ დროში ცხოვრება, როცა მშობლები იმედებს ვაჟიშვილებზე ამყარებდნენ, ადვილი არ იყო. მამამისი ამბიციური ადამიანი გახლდათ და პატარა ქალაქის მერის თანამდებობა ეკავა. ხშირად ეკლესიის კათედრაზეც ქადაგებდა. საერთოდ, მამამისს ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა მოსწონდა, სიამოვნებდა, როცა უსმენდნენ. მამამ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ქალიშვილი ძალიან ჭკვიანი იყო და მაშინვე წარმოიდგინა, რა მოხდებოდა, ის რომ ბიჭად დაბადებულიყო. ერთის მხრივ, ოჯახში გამეფებული სინანული, რომ მემკვიდრე არ ყავთ და მეორე მხრივ, უჩვეულოდ ცნობისმოყვარე და სხვებისგან განსხვავებული გოგონა... მამამ მოისურვა, რომ ყველა მისი აუხდენელი ოცნება მარგარეტს განეხორციელებინა და მარგარეტმაც შეძლო ეს.

- მასთან პირადად ურთიერთობის საშუალება არ მოგეცათ...

- ვერა, ტეტჩერთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. ის ერთადერთხელ ვნახე, 2002 წელს, როცა ინსტიტუტში ლექციის წასაკითხად მივიდა. იმ ინსტიტუტში ჩემი ქალიშვილი სწავლობდა. მისმა გამოსვლამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მავანი ფილმს იმიტომ აკრიტიკებს, რომ ტეტჩერი გონებასუსტი ავადმყოფის სახით წარმოვადგინეთ. პირადად მე, ამ დაავადებას სამარცხვინოს არ მივიჩნევ. მინახავს ასეთი ადამიანები და ვიცი, მათაც ისეთივე პატივისცემა სჭირდებათ, როგორც დანარჩენებს. რატომღაც სამსახიობო ხელოვნებაში ყველაზე რთულად სასიყვარულო. ე.წ. გახდის ან გაუპატუურების სცენები მიიჩნევა. ჩემი აზრით კი ყველაზე რთულია ითამაშო სიბერე, ცხოვრების ფინალური ნაწილი, დასასრული. ამ თემებზე არც ბევრს საუბრობენ და არც ფილმებს იღებენ. მინდა რომ "რკინის ლედის" ნახვის შემდეგ, როცა მეტროში უბრალო მოხუც ქალს შეხვდებით, დაფიქრდეთ, რამდენად რთულად და საინტერესოდ განვლილი ცხოვრება აწევს მხრებზე. ჩვენი საზოგადოებისთვის კი ასაკოვანი ქალის განვლილ ცხოვრებაზე ნაკლებად საინტერესო არაფერია - დაბადება, ბრძოლა, სიხარული, განცდები და სიკვდილი...არადა ადრე თუ გვიან ყველა ჩავიკითხავთ ამ დიდ წიგნს.

- როგორი გმირის თამაში გირჩევნიათ, გამოგონილი პერსონაჟების თუ რეალური პროტოტიპების.

- "რკინის ლედის" უდიდეს ნაწილში ისეთ გმირს ვთამაშობ, ვისაც თქვენ არ იცნობთ, რადგან ქმრის სიკვდილის შემდეგ გადატანილი ინსულტებისგან დაავადებული ტეტჩერი საზოგადოებას არ უნახავს. ასე რომ, პრაქტიკულად გამოგონილი გმირის თამაში მიწევს. ეს გარემოება როგორც მსახიობს, უფრო მეტ თავისუფლებას მანიჭებს.

ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში, როგორც წესი, ბევრი საიდუმლო მხარეა. ძალიან მომწონს უჩვეულო ქალებად გარდასახვა, თუნდაც მათთან საერთო არაფერი მქონდეს.

- ჰოლივუდში ყველა ერთმანეთს შორდება. რაშია თქვენი 34-წლიანი ქორწინების საიდუმლო?

- საიდუმლო? წარმოდგენა არ მაქვს. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ დონი მსახიობი არ არის. გამოდის, რომ თუ ბედნიერი გინდა იყო, მოქანდაკეს უნდა გაყვე ცოლად. დონს ესმის, რომ ყოველთვის, როდესაც მსახიობი რაიმე როლს თამაშობს, ეშმაკთან დებს გარიგებას. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ქმარი, მაგალითად, ადვოკატი რომ ყოფილიყო, შეძლებდა თავის შეკავებას, როდესაც მე, ფაქტობრივად, ჭკუიდან გადავდივარ. დონს კი ესმის - ჩემს ამ მდგომარეობას მასთან კავშირი არა აქვს. ზოგჯერ ის თავადაც არის ასეთ მდგომარეობაში - შემოქმედების პროცესში.

ფსიქოთერაპევტთან არასდროს მივსულვარ. ორი შესანიშნავი რძალი მყავს (მაზლების ცოლები) - ჩვენ დებივით ვართ. მყავს ასევე უნივერისტეტის დროინდელი მეგობრები. წელიწადში ორჯერ რომელიმე კურორტზე მივდივართ და იქ მასაჟისა და სპა-პროცედურების დროს ,ერთმანეთს ფსიქოთერაპევტის მაგივრობას ვუწევთ. საშინლად ჟღერს, არა? კოშმარია, მაგრამ ეს სიმართლეა.

- იყო წამყვანი მსახიობი, პასუხს აგებდე ფილმის წარმატებზე და ამ ყველაფრის პარალელურად ოთხ შვილს ზრდიდე, ალბათ ძალიან რთულია.

- ყოველთვის დეტალურად ვინტერესდები იმით, თუ როგორ შევძლებ ფილმში ისე გადაღებას, რომ არც ჩემი ოჯახი დავაზარალო და ნაკისრი ვალდებულებებიც პირნათლად შევასრულო. სწორედ ამაშია ჩემი ბედნიერი ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების საიდუმლო. დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა. საორგანიზაციო უნარ-ჩვევები, თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, ბრწყინვალედ მაქვს გამომუშავებული. რა თქმა უნდა, ჩემგან ბიზნესლედი არ გამოვა - ამ სფეროში არაფერი გამეგება და ამის სურვილიც არ მაქვს, - მაგრამ "საშინაო ბიზნესს" წარმატებით ვუმკლავდები.

შემიძლია და მიყვარს კიდეც უკან დახევა და ახლობელი ადამიანებისთვის გზის დათმობა. რეალურ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვიცი და ისიც ვიცი, რის გამო ვუყვარვარ ჩემი ოჯახის წევრებს. იმის გამო სულაც არა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ვარ და მთელი სამყარო, თითქოს, ჩემს გარშემო უნდა ტრიალებდეს.

- ასაკი თქვენთვის დაბრკოლებას სულაც არ წარმოადგენს, მას არც კი მალავთ.

- რა თქმა უნდა, შესანიშნავად ვამჩნევ სიბერის ნიშნებს - საკუთარ თავსაც და სხვა ქალებსაც. მაგრამ სახის "გაყინვა" სასაცილოდ მეჩვენება. ლოს-ანჯელესში ბევრია ასეთი ადამიანი - გაყინული სახეებით, რომლებიც არაფერს გამოხატავენ. მადლობა ღმერთს, მე სრულიად საპირისპირო როლები მხვდება. მახსოვს, 40 წლის რომ გავხდი, მეუღლე ვკითხე: "რა ვქნა ახლა? შენ ხომ გესმის, ყველაფერი დამთავრდა". თუმცა მას შემდეგ მრავალი საინტერესო როლი ვითამაშე. რამდენიმე წლის წინ ისეთი როლი შემხვდა, რომლის განსახიერებაც მხოლოდ 60 წლის ქალს შეუძლია. მხედველობაში მაქვს ფილმი "მარტივი სირთულეები", სადაც პარტნიორობას ალეკ ბოლდუინი მიწევდა. ამ ფილმში ჩემი გმირი 60 წლის ასაკში წყვეტს, ვინ აირჩიოს - ყოფილი მეუღლე თუ ახალი თაყვანისმცემელი. თავად განსაჯეთ, განა 40 წლის ქალს შეუძლია სერიოზულად დაინტერესდეს ამ საკითხით?

- ყოველთვის ძალიან ბედნერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რა განიჭებთ ყველაზე მეტად ბედნიერების შეგრძნებას?

- ყველაფერი, რასაც ბედნიერება მოაქვს. ეს კი, როგორც მე ვიცი, ძალიან მარტივი საგნებია - სიყვარული, სექსი და საკვები. ვერავითარი ძალაუფლება, მეტისმეტი სიმდიდრე ან ძალა ამ უბრალო საგნებს კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა, ყოველთვის ბედნიერი არ ვარ - კითხეთ ჩემს მეუღლეს, ის დაგიდასტურებთ, რომ ხანდახან მეც ვარ ჭირვეული, გაბრაზებული და ფიცხი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება