ნატო გაგნიძე ოჯახის დანგრევაზე, მარტოობაზე, შვილზე და ტკივილზე, რომელიც დეპრესიის გარეშე დაძლია

ნატო გაგნიძე ოჯახის დანგრევაზე, მარტოობაზე, შვილზე და ტკივილზე, რომელიც დეპრესიის გარეშე დაძლია

დამოუკიდებლობის შეგრძნება ბავშვობიდან გაუჩნდა, ამის გამო ოჯახში მცირე კონფლიქტური სიტუაციებიც ჰქონდა. სამსახიობო ფაკულტეტზე საკუთარი სურვილით ჩააბარა. არასოდეს ინტერესდებოდა იმით, თუ რას ელოდა მისგან საზოგადოება. მსახიობი ნატო გაგნიძე დღეს 11 წლის ელენესთან ერთად ცხოვრობს. მეუღლეს დიდი ხნის წინ დაშორდა, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ჩავარდნილა. ფინანსურ დამოუკიდებლობას 16 წლიდან შეეჩვია და მიაჩნია, რომ თუ ძლიერი ქალის გვერდით მასზე ძლიერი მამაკაცი არ დგას, ჯობს, ქალი მარტო იყოს.

- ნატო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რამდენად ძლიერ ქალად მიიჩნევთ თავს?

- ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, ალბათ ძლიერი ვარ, ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონია ეს შეგრძნება, როცა რაიმე პრობლემა მომიგვარებია ან სერიოზული გადაწყვეტილება მიმიღია.

- პირველად დამოუკიდებლობის შეგრძნება რომელმა ნაბიჯმა მოგიტანათ?

- ალბათ იმან, რომ მუშაობა დავიწყე და საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა. ზოგადად, დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან ვგრძნობდი, რასაც სახლში პატარ- პატარა კონფლიქტური სიტუაციებიც ახლდა. მშობლები უხეშად არ ჩარეულან ჩემს გადაწყვეტილებაში, როდესაც პროფესიად მსახიობობა ვარჩიე, მაგრამ არც მხარდაჭერა მიგრძნია. მარტო დავდიოდი მისაღებ გამოცდებზე, იმედი ჰქონდათ, ჩავიჭრებოდი და იმედგაცრუების შემთხვევაში თეატრალური უნივერსიტეტისკენ აღარ გავიხედავდი. საბედნიეროდ, იმ წელს ჩავაბარე.

- გამარჯვების შეგრძნებამ რა შეცვალა თქვენში?

- როცა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ გამოწვევას წარმატებით ასრულებს, თავდაჯერებულობა ემატება და უფრო რისკიანი ხდება. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. მარცხის დროსაც ასეა. იმ მომენტში რთულად გადაგაქვს, მაგრამ თუ სწორად გააანალიზებ დამარცხების მიზეზს, აქედანაც შეგიძლია, სასარგებლო გამოცდილება მიიღო. საერთოდ, საკუთარ შეცდომებზე სწავლა ყველაზე მარტივია, თუ ადამიანი საკუთარ თავს ყურს დაუგდებს.

- როდესაც დაოჯახება გადაწყვიტეთ, მშობლები ჩაერივნენ?

- არა, ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია. ყოფილი მეუღლე ჩემი კურსელი გახლდათ და პირველი კურსის დასრულების შემდეგ ურთიერთობა გავარკვიეთ. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო იმ ასაკისთვის გულწრფელი სიყვარული. სამი წელი გრძელდებოდა შეყვარებულობის პერიოდი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავოჯახდით. ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ თანაცხოვრების პერიოდში ჩვენ თვითონ დავიწყეთ ამ გადაწყვეტილების გაპროტესტება (იღიმება). დღეს ვამბობ, ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს იყო სიყვარულით შექმნილი ოჯახი და ჩვენ შორის გაუცხოებაც ეტაპობრივად და კანონზომიერად მოხდა. ამიტომ ოჯახის დანგრევა ჩემთვის წარმოუდგენელ ტრაგედიად და ტკივილად არ ქცეულა. თუმცა მაინც რთულია გადაწყვეტილების მიღება, როცა ბავშვი ყოველ წუთს მამას კითხულობს. ელენე სამი წლის იყო, როცა მე და ჩემმა მეუღლემ ცალ- ცალკე დავიწყეთ ცხოვრება, თუმცა პრობლემები ურთიერთობაში მანამდეც გვქონდა.

- განშორების შემდეგ ქალბატონებს ყველაზე მეტად შვილებისთვის უჭირთ იმის ახსნა, რატომ აღარ არის მამა სახლში.

- რა თქმა უნდა, ეს მეც შემეხო და ძალიან მტკივნეულად. ბავშვი ჩემთან არ იმჩნევდა თავის ემოციას, რაც უფრო მირთულებდა ამ თემაზე მასთან საუბარს. არასოდეს დაუჩივლია, მაგრამ რამდენჯერმე შემთხვევით დავინახე, რომ კომოდის უჯრას ათვალიერებდა, რომელშიც ადრე მამის ტანსაცმელი ელაგა. შემდეგ ყველაფერი ავუხსენი.

- მარტო დარჩენილი მშობლებთან გადახვედით საცხოვრებლად?

- არა, მანამდე მეუღლესა და ბავშვთან ერთად ვცხოვრობდი. მეუღლე სახლიდან წავიდა და დავრჩით მე და ელენე. დღემდე ასე ვცხოვრობთ.

- პირველი დღე ყველაზე რთული იყო, როდესაც მეუღლე ოჯახიდან წავიდა?

- არა, არც პირველი, არც მეორე და არც მეხუთე არ ყოფილა განსაკუთრებულად რთული. ყველა დღე რთულია, როდესაც ამხელა პასუხისმგებლობის წინაშე მარტო რჩები. რაც ბავშვი იზრდება, უფრო რთულდება ყველაფერი და ვცდილობ, უფრო მობილიზებული ვიყო.

- განქორწინების შემდეგ ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყავით?

- 18 წლიდან საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. ფინანსურად მეუღლეზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ არც მაშინ და არც დღეს. როცა შენ მიერ გამომუშავებულ ჰონონარს ისე განკარგავ, როგორც გინდა, აღარ გაქვს იმის აუცილებლობა, ვინმეს რაიმეს დაეკითხო (იღიმება).

- საზოგადოების მოლოდინს ყოველთვის ამართლებდით?

- არ ვიცი, რას ელოდა ჩემგან საზოგადოება, მაგრამ მე ნამდვილად არ მიცხოვრია და ვერც ვიცხოვრებდი მათი მოლოდინის გამართლებისთვის. მე ვიცი, რას ველი საკუთარი თავისგან, რომელიც ჩემი ყველაზე კარგი მაკონტროლებელია.

- განსხვავებული აზრის გამო თუ დაგიკარგავთ ახლობელი ადამიანი?

- ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ამ ასაკში ახლობელ ადამიანებს აღარ კარგავენ. ვერ გახდება ჩემი ახლობელი ადამიანი, რომელიც არასწორად გადადგმულ ნაბიჯს არ გამიგებს. მან უნდა გაგიგოს და არა კარგად გაიაზროს ის სისულელე, რაც შენ ჩაიდინე.

- ბევრი სისულელე ჩაგიდენიათ ცხოვრებაში?

- თავს ვერ მოვიწო­ნებ, რომ სისულელეები ჩამიდენია. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ყოველთვის გამოზომილი და გათვლილი იყო ჩემი ნაბიჯები. ვცდილობდი, შედეგზე მეფიქრა და გადაწყვეტილება ისე მიმეღო. არ ვიცი, შეიძლება, ადრე დავღვინდი.

- მსახიობებზე არსებობს სტერეოტიპი, რომ ისინი ბოჰემურად ცხოვრობენ...

- ზოგადად გავრცელებულია ასეთი აზრი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ 50%- ზე ვრცელდება. ადრეულ ასაკში მიცდია და დღესაც წავსულვარ კლუბში, დისკოთეკაზე, მაგრამ არ მსიამოვნებს ხმაური, მირჩევნია, ჯაზკლუბში წავიდე, სადაც ცოცხალი მუსიკაა. ცოტა დავლიო და მეგობრებთან ერთად გავერთო. ვისაც რა ხიბლავს და აბედნიერებს, ის უნდა აკეთოს.

- გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა ვიღაცისთვის რაიმეს დამტკიცებას ცდილობდით?

- ქვეცნობიერად ალბათ კი. ეს მარტო ქალებს არ ეხებათ. კარგია, როცა მოტივაცია გაქვს, კონკრეტულ ადამიანს დაუმტკიცო, რა დაკარგა. ამას თუ იდეფიქსად არ აქცევ და მარაზმში არ ჩავარდები, ცუდი არ არის. მაგალითს მოგიყვებით, ჩემს 11 წლის შვილს თანაკლასელი ბიჭი მოსწონს. ერთხელ ისტორიაში პრეზენტაცია უნდა მოემზადებინათ. ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, მაგრამ იმ ბიჭმა თქვა, რომ ცუდი გუნდი ჰყავდათ და პრეზენტაციას წააგებდნენ. ელენემ ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია მოიძია, ჩემი სიძე დაიხმარა და საბოლოოდ არაჩვეულებრივი პრეზენტაცია გააკეთა. რაც მთავარია, მოიგეს. შეიძლება, არსებობენ ადამიანები, რომელთაც არანაირი მოტივაცია არ ამოძრავებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველას შეუძლია რაიმე მოტივაციის მოძიება.

- თქვენ გვერდით თუ ყოფილა ისეთი მამაკაცი, რომელსაც თქვენი სიძლიერის გამო თავი სუსტად უგრძნია?

- ახლა ვეხებით ისეთ მტკივნეულ თემას, რომელზეც ბოლო დროს აღარ ვლაპარაკობ. მე არ ვარ პირველი და უკანასკნელი, ვინც იტყვის, რომ რეალიზებული და ძლიერი ქალები მამაკაცებს თრგუნავენ. ისეც ხდება, რომ იმ თვისებებით, რომლებითაც მამაკაცს უნდა აღაფრთოვანებდე, თრგუნავ და კავშირიც აღარ არის იდეალური. ეს მათი პრობლემაა და პრობლემა აშკარად არსებობს. ერთადერთი რამ ვიცი, რომ ძლიერი და ღირსეული ქალის თვისებები მხოლოდ მასზე ძლიერმა მამაკაცმა შეიძლება შეაფასოს და მერე სათანადოდ დააფასოს. ძლიერი ქალის ღირსებაც ისაა, რომ თავისზე ღირსეული მამაკაცის გვერდით იყოს, თუ არადა, იქ იყოს, სადაც არის.

- რამდენად გაღიზიანებთ, როდესაც თუნდაც ტაქტიანად გეკითხებიან თქვენს ოჯახურ მდგომარეობას?

- ეს მტკივნეული თემაა და, სამწუხაროდ, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ამგვარი თემების მიმართ საქართველოში. განქორწინებული ქალის იმიჯი, სტატუსი... გინდა თუ არა, ასე გქვია. იყო პერიოდი, როცა ეს თემა მაწუხებდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს იმისი პრობლემაა, ვინც ასე ფიქრობს. ხშირად მამაკაცები საზოგადოების გავლენის ქვეშ ექცევიან და ნერვები მეშლება, როდესაც დაუსრულებლად ლაპარაკობენ საქალწულე აპკის აღდგენაზე. არ მეგულება არც ერთი ქალი, ვისთვისაც ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა არ იყოს, მაგრამ ასე სწორედ იმ მამაკაცის გამო იქცევა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ცოლი აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს. თუ ადამიანები ინდივიდუალურად არ დაუპირისპირდებიან ამ დამახინჯებულ სტერეოტიპს, არასოდეს არაფერი გვეშველება. არ ვიცი, ახლა ჩემი ასაკის მშობლები როგორ ფიქრობენ და როგორი ფასეულობებით ზრდიან შვილებს. პირდად მე მირჩევნია, ჩემი შვილის ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე რამე ავუკრძალო და ჩავკეტო. ყოველთვის ვეუბნები, რაც უნდა დააშავო, აუცილებლად მითხარი, მე უნდა ვიცოდე. იმას უფრო გაპატიებ, რომ სისულელე ჩაიდინე, ვიდრე იმას, რომ დამიმალო. ამიტომ ვცდილობ, შვილთან ახლოს ვიყო.

- ნატო, დღეს ხშირად ამბობენ ქალბატონები, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრობენ, ასევე მათ ახლანდელ მეუღლეებთან და შეიძლება, დასასვენებლად ერთადაც წავიდნენ.

- არც ეს ფაქტი მიმაჩნია ნორმალურად და არც ამის აფიშირება. მე რომ დღეს ახალი მეგობარი შევიძინო, თან ისე, რომ მასთან ერთად დასავენებლად წავიდე, მაინცდამაინც ჩემი ყოფილი მეუღლის ახლანდელი ცოლი რატომ უნდა იყოს? არ ვიცი, ამით რის დამტკიცებას ცდილობენ. არც ყოფილ ქმართან აქტიური მეგობრობის მესმის. თუ მე იმ ადამიანთან მეგობრობა შემეძლო, მაშინ ოჯახი არ დაინგრეოდა. რასაკვირველია, შენი შვილის მამასთან გიწევს ურთიერთობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დღეს ყოფილ მეუღლესთან ვმეგობრობ. ვურეკავ, მაგრამ მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებით. არც მე ვინტერესდები მისი პირადი ცხოვრებით და არც ის. ჩვენ დავასრულეთ თანაცხოვრება და ჩვენი გზები გაიყო. არც რჩევა- დარიგების კითხვას ვაპირებ მისთვის და არც საყვედურის თქმას. თუ ვინმე ამას ახერხებს და გამოსდის, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

- ერთ- ერთმა რესპონდენტმა მითხრა, არასოდეს დაუჯერო ქალბატონებს, როდესაც ამბობენ, რომ მარტო კომფორტულად გრძნობენ თავსო.

- ვეთანხმები... არის პერიოდი, როცა შეიძლება, თავი მარტო კარგად იგრძნო, მაგრამ მუდმივად მარტო თუ თავს კარგად გრძნობ, ეს უკვე პრობლემაა. როცა წყალი გინდა, ნებისმიერი სხვა სითხე ამ მოთხოვნილებას ვერ შეგიცვლის. ქალსაც და მამაკაცსაც აუცილებლად სჭირდებათ მეორე ნახევარი.

- თქვენ არ ფიქრობთ ოჯახის მეორედ შექმნაზე?

- არავის არ ვეძებ. შეიძლება, ზედმეტი თვალის ცეცების გარეშე აღმოჩნდეს ვინმე შენ გვერდით ან სულაც გვერდით გყავდეს და ჯერ ვერ ხვდებოდე. მე მგონია, რომ ეს საკითხები ცოტა სხვაგან წყდება, ჩვენგან დამოუკიდებლად. თუ დადგება პერიოდი, როცა მეორე ოჯახს შევქმნი და კიდევ მეყოლება შვილი, რაც ძალიან მინდა, კარგი იქნება. თუ არადა, შემთხვევითი ურთიერთობები ჩემი სტილი და ჰობი არ არის. ერთმა ადამიანმა მითხრა, ნუთუ არ შეიძლება, ორჯერ მაინც წავიდეთ ჭიქა ჩაის დასალევადო. ვუპასუხე, ზუსტად ვიცი, ორი ჭიქა ჩაის დალევის გარდა, ამით ჩვენს ურთიერთობას არაფერი შეემატება- მეთქი.

- ამის გამო უკარებას იმიჯი ხომ არ შეგექმნათ?

- ზუსტად ასე მითხრეს, უხილავი გალავანი გაქვს შემორტყმულიო. თუ ვინმე კარგი ბიჭია, გაარღვიოს (იღიმება). იყო პერიოდი, როცა ამ თემებზე ასე გახსნილად ვერ ვლაპარაკობდი. შეიძლება, ეს მოსაზრებები მცდარია, მაგრამ ჩემთვის ასეა, მე ჩემი ლოგიკა მაქვს და არ შეიძლება ვცდებოდე. მოსახდენი მაინც მოხდება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება