თაკო ჩხეიძე - "ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის"

თაკო ჩხეიძე - "ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის"

თაკო ჩხეიძე ოჯახთან ერთად ესტონეთში, ქალაქ ტალინში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს ხშირად სტუმრობს. ამჯერადაც თბილისში იმყოფება და მოდის კვირეულისთვის ემზადება - საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. ცნობისათვის, თაკოს 3 ვაჟი ჰყავს და ცდილობს, მათ ყურადღება არ მოაკლოს.

- სულ მოგზაურობაში ვარ. საქართველოში საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვდივარ, მერე კი ისევ ტალინში ვბრუნდები. მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია ესტონეთში და ჩვენც მასთან ერთად, საზღვარგარეთ ვცხოვრობთ. ყოველ ჩამოსვლაზე შვილებთან ერთად მოვდივარ. ცოტა ხნის წინ უფროსი ვაჟი - სერგი, ახლა კი უმცროსები ჩამოვიყვანე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შვილები თვითმფრინავში გაიზარდნენ.

- როგორც ვიცი, თქვენი სამოდელო სააგენტო მოდის კვირეულისთვის ემზადება...

- კი, ასეა! წელს თბილისის მოდის კვირეული უკვე მეექვსედ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში მოდის ბიზნესი თანდათანობით ვითარდება. მართალია, ფინანსური პრობლემები არსებობს - ბიზნესსექტორი ნაკლებადაა დაინტერესებული მოდის განვითარებით, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას საკუთარი რესურსებით ვცდილობთ.

- ვიცი, რომ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვთ. საინტერესოა, შვილებისა და ოჯახისთვის დრო გრჩებათ?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ოჯახისგან დიდი ხელშეწყობა მაქვს. რომ არა ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები, ამდენი საქმის გაძღოლა გამიჭირდებოდა. ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო: მაქვს პერიოდი, როცა საქმეში ბოლომდე ვარ ჩართული და პერიოდი, როცა მხოლოდ ოჯახზე ვზრუნავ. ამ დროს ჩვეულებრივი დედა ვარ, რომელიც დილიდან საღამომდე ბავშვების მოვლითაა დაკავებული. პატარებს მართლაც დიდი ყურადღება სჭირდებათ; როცა მათთან ვარ, დრო სწრაფად გარბის. ყურადღებას ვაქცევ, რომ დღის სწორი რეჟიმი ჰქონდეთ, სწორად იკვებონ. მოგეხსენებათ, ტალინში საკმაოდ მკაცრი ზამთარი იცის. მიუხედავად ამისა, ბავშვები სასეირნოდ მაინც გამყავდა. სეირნობა ჩემთვისაც დიდი განტვირთვაა. დაკვირვებული ვარ, პატარებთან ურთიერთობა ყველანაირ სტრესს მიხსნის...

- მკაცრი დედა ხართ?

- არა, მკაცრი არ ვარ. სერგისგან ძირითადად, სწავლას მოვითხოვ. საბედნიეროდ, გაკვეთილების მომზადება არ ეზარება, ძალიან მოწესრიგებულია. როცა სამოგზაუროდ მივდივარ, ვცდილობ, უფროსი შვილიც წავიყვანო. სხვათა შორის, მას ძალიან მოსწონს ახალი ქვეყნების ნახვა. არ მიყვარს, როცა პატარებს რაღაცას აძალებენ, გამონაკლისი მხოლოდ კითხვაა. ამას წინათ უფროს ვაჟს "ტომ სოიერის" წაკითხვა ვთხოვე. როცა დაასრულა, ვკითხე, - მოგეწონა- მეთქი? - წავიკითხე, მაგრამ ამით რაო?! - მიპასუხა. მართალია, თავგადასავალი მოეწონა, მაგრამ უკვე იმდენი რამ აქვს ნანახი, ვერაფრით გააკვირვებ. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ახალი, განვითარებული თაობის წარმომადგენელია (იღიმის). ალექსანდრე კომპიუტერთან ისეთ რამეებს აკეთებს, ვგიჟდები. ამას წინათ ვთხოვე: - მიდი, "სკაიპით" ბებოს დაურეკე- მეთქი. კითხვა არ იცის, მაგრამ მხვედველობითი მეხსიერება აქვს და ჩამონათვალში ბებოს იოლად პოულობს...

- თაკო, პირველი შვილი საკმაოდ ადრეულ ასაკში შეგეძინათ...

- შეიძლება ითქვას, სერგისთან ერთად გავიზარდე. ის რომ მეყოლა, 19 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, შვილისადმი პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაგრამ მართლაც ძალიან პატარა ვიყავი, ოჯახის ტვირთი რომ მეზიდა. ამ ასაკში სულ სადღაც წასვლა გინდა და ცდილობ, ბავშვი ვინმეს დაუტოვო; ღამეების თენებაც ძალიან მაწუხებდა. ამ ყველაფერს დღეს სრულიად სხვა თვალით ვუყურებ და შვილებთან ერთად თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ საღამოს არსად წასვლა აღარ მინდება. თან, კლუბური ცხოვრებაც აღარ მიზიდავს. რა ვიცი, შეიძლება საამისოდ დავბერდი კიდეც.

- როგორც აღნიშნეთ, ახლა ორ შვილთან ერთად სტუმრობთ თბილისს. როცა დედიკო სამსახურშია, პატარები ვისთან არიან?

- ყველა უცხოელს უკვირს და შურს, როცა იგებენ, რომ ბავშვებს ბებია- ბაბუებს ვუტოვებთ. როცა თბილისში ვარ, პატარები მათ ჰყავთ "დატაცებული".

- თქვენს პირველ და მომდევნო შვილებს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა...

- სერგი ივნისში 12 წლის გახდება, ალექსანდრე ორწლინახევრისაა, დავითი - 9 თვის. საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი მეორე შვილის გაჩენაზე; თავს ვიკავებდი, რადგან საზღვარგარეთ ვმუშაობდი და მეგონა, ფეხმძიმობის გამო კარიერის გაგრძელებას ვერ მოვახერხებდი. ალექსანდრე რომ გაჩნდა, მივხვდი, ბევრი დრო, თანაც - სულ ტყუილად დამიკარგავს. ჰოდა, მერე მესამე ვაჟიც გავაჩინე. თითოეულისთვის დროისა და ყურადღების გადანაწილება საკმაოდ რთულია, მაგრამ ვამაყობ, რომ 3 შვილის დედა ვარ...

- პატარების გაზრდაში სერგი თუ გეხმარებათ?

- სერგი ძალიან საყვარელია. ის ძმებზე გიჟდება და პატარებსაც ძალიან უყვართ. ალექსანდრე სულ მასთან ყოფნას ითხოვს და თავზე აზის... სერგი გვთხოვს ხოლმე: - აღარ შემიძლია, ცოტა ხნით მომაშორეთო (იცინის). ამას წინათ დავუძახე, - მოდი, შენთან საქმე მაქვს- მეთქი. მოვიდა და ჩურჩულით მკითხა: - ორსულად ხარო?! ამაზე ბევრი ვიცინე... როცა ძიძა მიდის, სერგი ალექსანდრესთან ერთად იძინებს; ერთად უყურებენ მულტფილმს, ერთობიან... დავითი ჯერ პატარაა და ძმას არ აწუხებს, მხოლოდ დახოხავს... ამას წინათ მითხრეს, - პატარები რომ გაიზრდებიან და გვერდით 3 ვაჟი ამოგიდგება, მაშინ მიხვდები, რა ბედნიერი ქალი ხარო.

- ბავშვები ქართულად ლაპარაკობენ?

- ალექსანდრეს "თავისი ენა" აქვს. მართალია, ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს გვაგებინებს. ქართულად ლაპარაკობს და ხშირად ამბობს სიტყვას - "ოქეი", ჩვენ კი ვერაფრით ვხვდებით, საიდან ისწავლა. ესმის რუსულიც... რაც შეეხება სერგის, რომელსაც რუსი ძიძა ჰყავდა, თავდაპირველად ქართული ისწავლა, მერე ფრანგულ სკოლაში დადიოდა, ტალინში კი ინგლისურ და ესტონურ ენას სწავლობს.

- მამა თუ მონაწილეობს პატარების აღზრდაში?

- რა თქმა უნდა! სერგის ძალიან უყვარს მამასთან ყოფნა და ახლაც მასთან დარჩა. მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, ყურადღება ყველას გადავუნაწილოთ. თუმცა ამ ბოლო დროს პატარები დედას ვერ "იყოფენ" და რამდენად გავიხლიჩო, აღარ ვიცი.

- გოგონა არ გინდათ?

- გოგონას ყოლას ვისურვებდი, მაგრამ ამ ეტაპზე - არა. ადრე ჩემთვის რომ გეკითხათ, არც 3 ვაჟის გაჩენას ვაპირებდი, ახლა კი მივხვდი: ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება