ამბიციური ადვოკატის სამოდელო კარიერა

ამბიციური ადვოკატის სამოდელო კარიერა

ახალგაზრდა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ერთ-ერთი ცნობილი კოქტეილის კონკურსში მონაწილეობს. საქართველოს მასშტაბით, მარიამის ვიდეომ პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, მსოფლიო კონკურსზე, რომელიც იბიცაზე ტარდება, სწორედ მარიამ კუბლაშვილი გაემგზავრება. გამარჯვებულს კრისტიან ლუბუტინის (რომელიც ჟიურის წევრიც გახლავთ) 12 წყვილი ფეხსაცმელი და 150 ათასი ევრო გადაეცემა.

მარიამის ვიდეო გიორგი აფხაზავამ (გოშამ) გადაიღო და მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმაც დააგროვა, თუმცა გადამწყვეტი - ჟიურის შეფასებაა. ქართველი კონკურსანტი იბიცაზე ავთანდილის კაბით წარდგება.

- კონკურსში მონაწილეობისთვის მოდელის პარამეტრები აუცილებელი არ არის, მაგრამ სილამაზე, შარმი უნდა გქონდეს. აქცენტი სასმლის სლოგანზე კეთდება.

- როგორი სლოგანი შეარჩიე?

- ჩემი ცხოვრების დევიზი ისედაც იყო: "წინ, უკეთესობისკენ!" წარმატება შემთხვევითი არ არის: ის აუცილებლად დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ადამიანი საკუთარ წარმატებას თავად ქმნის.

- ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად რა გზა გაიარე?

- ცხოვრებაში რასაც მივაღწიე, მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. საადვოკატო სფეროში დიდი მონდომებისა და შრომის ფასად დავიმკვიდრე თავი. ჩემს თავს "მარტინის" ძალიან ვამსგავსებ: "მარტინი" ევროპული ღვინისა და აზიური ხილის წვენებისგან შედგება. ევროპული სტილის არისტოკრატულ გარეგნობასთან ერთად, აზიური შარმი მაქვს, რომლითაც სხვა მონაწილეებს კონკურენციას გავუწევ (სხვა კონკურსანტებთან შედარებით, ჩემი უპირატესობა ვიპოვე). გარდა ამისა, კონკურსზე საერთოდ განსხვავებული პიროვნება წარვდგები: არა მხოლოდ მოდელი და მსახიობი, არამედ - თავისი საქმის პროფესიონალი ბიზნესლედი.

- როგორც ვიცი, სამსახიობო სფეროში გარკვეული გამოცდილება გაქვს.

- "კავკასიურ სახლში" საღამოზე მიმიწვიეს. რეჟისორიც იქ იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მის ფილმში მე უნდა მეთამაშა. რამდენჯერმე ჩემს ოჯახსაც ეწვია. ჩემმა ძმამ და დედამ უარი უთხრეს. რეჟისორმა კი თქვა: სცენარს საერთოდ შევცვლი, მარიამი მორწმუნე გოგოს როლს შეასრულებს, კოჭებამდე კაბა ეცმევა და თავშლით იქნებაო... გადაღებებზე ძმა გამომყვა. ფილმი პანკისის ხეობაში გადაიღეს. მან მსოფლიო აალაპარაკა: "ამერიკან თაიმსი", ცნობილი ფრანგული ჟურნალები ფილმის შესახებ წერდნენ. ამის შემდეგ მიწვევები მივიღე. სხვათა შორის, რიჩარდ გირის კომპანიიდანაც მიმიწვიეს. კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. არასრულწლოვანი ვიყავი - 18 წლის ვხდებოდი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, მშობლები კი უცხოეთში არ მიშვებდნენ... შემდეგ, სამოდელო სფეროს მაინც შევერიე, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდს მისაღები გამოცდები დაემთხვა. ვიფიქრე, გაუნათლებელი ხომ არ დავრჩები-მეთქი? ჯერ - საერთაშორისო ურთიერთობების, შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე...

- სამოდელო კარიერას რაც შეეხება?

- ბავშვობაში მე და ჩემი მეგობარი - მარიამ ქინქლაძე სილამაზის კონკურსებზე ხშირად გამოვდიოდით, წარმატებებს ვაღწევდით. დღეს ალბათ უცნაურია, რომ ჩემი ძმა სადმე არ მიშვებდა, მაგრამ რომ წამოვიზარდე, სამოდელო სფეროში შეზღუდული ვიყავი. შემდეგ ჯიჯი რეჯინთან მუშაობა დავიწყე - ჯიჯი ფოტოებს მიღებდა. მილანში გავემგზავრე, იქ გარკვეული კავშირები მქონდა. ჩემით რამდენიმე კომპანია დაინტერესდა, მაგრამ რთული სამუშაო იყო: ძალიან გამხდარი მოდელი არ ვყოფილვარ, წონაში კიდევ ბევრი უნდა დამეკლო. თან, საქართველოში ბავშვი მყავდა, მე კი მილანში უნდა დავრჩენილიყავი. იმ დროს ჩემი პროფესიაც საქართველოსკენ "მეძალებოდა". მივიჩნიე, რომ ჩემი საქმე საქართველოში უფრო რეალური იყო. ამიტომ დავბრუნდი.

- დაოჯახება როდის მოასწარი?

- 27 წლის ვარ. ჩემი დაოჯახება ხანმოკლე იყო: 20 წლის რომ გავხდი, მაშინ გავთხოვდი... ჩემი შვილი ახლა უკვე 7 წლისაა. ისე გაიზარდა, ვერც გავიგე...

- როცა კლიენტებს ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ადვოკატი ხვდები, შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ?

- პირველად სასამართლო პროცესზე რომ გავედი, საკმაოდ ასაკოვანი კოლეგა შემხვდა. - იცით, მე თქვენი ასაკის გამოცდილება მაქვსო, - მითხრა. შემდეგ ეს სიტყვები ჩემთვის ბევრჯერ გაუმეორებიათ. წარმატებისკენ სწორედ ამან მიბიძგა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ საქმეს დეტალურად შევისწავლიდი, ვერავინ მაჯობებდა. ამიტომ ისე ვემზადებოდი, რომ საკუთარი თავის თავადვე მიკვირდა. ამან გამაძლიერა. ისე, როცა ჩემთან კლიენტები შემოდიან, თავდაპირველად მათი დარწმუნება ძნელია, მაგრამ რომ გავიკითხოთ, საბოლოო ჯამში, მგონი, ჩემით კმაყოფილები არიან. ქალთა უფლებებს ძალიან აქტიურად ვიცავ.

- ალბათ გქონია შემთხვევა, როცა სასამართლო პროცესი ვერ მოგიგია.

- კი, 2-3 საქმე მაქვს, რომელიც არ მავიწყდება - გულში მაქვს დარჩენილი. მტკიცებულებებთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა. ვიცი, რომ ჩემი კლიენტი მართალია, მაგრამ რადგან მტკიცებულებები არ მქონდა, ვერ დავამტკიცე.

- თუ მტკიცებულებები არ გქონდა, იქნებ შენი კლიენტი მართალი არ არის?

- სამაგიეროდ, ვიცი, ისინი ვინ გაანადგურა - მოწმეები არსებობენ, მაგრამ ამას სასამართლო ვეღარ მიიღებს. ამ საქმის გაგრძელება შემიძლია.

- ოდესმე დამნაშავის დაცვაზე უარი გითქვამს?

- საადვოკატო კანონი და ეთიკა ის არის, რომ კლიენტი როგორი მტყუანიც უნდა იყოს, ადვოკატმა უნდა დაიცვას, გაამართლოს. მე კი დამნაშავეების მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა. არ შემეძლო, სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით რაღაცები ბრმად მემტკიცებინა. ამიტომ სისხლის სამართალს "მოვწყდი" და სამუშაოდ სამოქალაქო საქმე ავირჩიე.

- ძირითადად, კლიენტები რა პრობლემებით მოგმართავენ?

- სამწუხაროდ, განქორწინებები გახშირდა, ასევე - ქონებრივი დავები, სესხების პრობლემები... ხშირად ახლობელს სესხს აძლევენ და სასამართლოში ვერაფერს ამტკიცებენ. ქართველი ერის პრობლემა ეს არის.

- რომელიმე საქმის შესახებ გვიამბე, რომელიც ქალთა უფლებების დარღვევას ეხება.

- ახლა ახალი საქმის წამოწყებას ვაპირებ: წყვილს, რომელსაც ერთმანეთთან 20-წლიანი ცოლქმრობა აკავშირებდათ, შვილი არ უჩნდებოდათ. 63 წლის ასაკში მამაკაცს ბავშვი მისმა მდივანმა გაუჩინა. კაცი შვილით "შეპყრობილი" იყო - აბსოლუტურად ყველაფერი დაივიწყა. მდივანმა იცოდა, რომ კაცს ისეთი დაავადება სჭირდა, ვერ გადარჩებოდა. ამიტომ ცოლის მიერ შექმნილ უზარმაზარ ქონებაზე (რომელიც ქმრის სახელზე იყო გაფორმებული, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე) ჩუქების ხელშეკრულება გააფორმებინა. ქმარმა ყველაფერი ბავშვს გადაუფორმა (ცოლმა არაფერი იცოდა) და გარდაიცვალა. ცოლი ჩვენთან რომ მოვიდა, სახლსაც კი ართმევდნენ. ახლა იმაზე ვდაობთ, რომ ქონების ნახევარი ცოლმა დაიბრუნოს. იბიციდან რომ დავბრუნდები, ამ საქმეს აქტიურად მივხედავ. ყველა ქალს მოვუწოდებ, რომ საკუთრება გააფორმონ, ყველაფერი დაარეგისტრირონ.

- მსგავსი პრობლემა თავად თუ შეგქმნია?

- ჩემს ოჯახს შეემთხვა: მამაჩემი ცნობილი ბიზნესმენი იყო. ავარიის შედეგად, მოულოდნელად გარდაიცვალა. საბუთები მოუწესრიგებელი ჰქონდა. მისმა ძმამ ყველაფერი თავად გადაიფორმა, დიდძალი ქონება გაასხვისა, უბინაოდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დაგვტოვა. ამბობენ ხოლმე, - ძმა ძმას ასეთ რამეს როგორ გაუკეთებსო? სამწუხაროდ, ალბათ, ადამიანები ასაკში რომ შედიან, მათი შვილების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რაც არ უნდა მოსარიდებელი იყოს (მეუღლესთან, ძმასთან თუ ნებისმიერ ახლობელთან), ჯობია, ყველაფერი გავაფორმოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, თორემ ხშირად ცუდი შედეგით მთავრდება. ადვოკატობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა, ჩემი ოჯახის კუთვნილი ქონება დამებრუნებინა, მაგრამ ვერ შევძელი - წლებია, ჩვენი ბინები გასხვისებულია. სამართლიანობის აღდგენას ახლა სხვა ფორმით ვეცდები. იმედი ყოველთვის არსებობს.

- ადვოკატობის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?

- შვილს ვზრდი - ეს ქალის მთავარი მოვალეობაა. ჩემი მცირე ბიზნესი მაქვს. ძალიან ბევრ საერთაშორისო კომპანიას ვემსახურები. ამიტომ ხშირად საზღვარგარეთ ვარ.

- ამდენი საქმის ფონზე, კონკურსისთვის როგორ მოიცალე?

- ამისათვის ახლა ძალიან კარგი დროა. კომპანიაში ნდობით აღჭურვილ ადვოკატებს თავი მოვუყარე. ჩემს საქმეებს უკვე კარგად ართმევენ თავს. სამსახურში მისვლა რომ არ დამჭირდეს, გარკვეულ საკითხებს ინტერნეტით ვაგვარებ. კომპანია ისეა აწყობილი, რომ კლიენტებს ნორმალურად მოემსახურონ. თან, ზაფხულია. სექტემბრის ბოლომდე ხალხი თბილისიდან გასულია და დიდად დატვირთულები არც ვართ.

- იბიცაზე წინათ თუ ყოფილხარ?

- კი, დასასვენებლად. იბიცა თავისი ცეცხლოვანებითა და მხიარულებით განსაკუთრებულია!

- კლიპში უცებ სხვა - თავისუფალ, ცეცხლოვან ქალად გარდაიქმნები. რეალურ ცხოვრებაში "მეორე სახე" გაქვს? საქმიანი ქალის მიღმა ვინ დგას?

- ფოტომოდელობა, მსახიობობა - ეს ჩემი მეორე სახეა. კამერის წინ თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობ.

- სამსახიობო სფეროში დაბრუნებაზე ფიქრობ?

- ისეთ კონკურსში ვმონაწილეობ, რომ წარმატების შემთხვევაში, შეიძლება, სარეკლამო კომპანიებთან რაიმე კონტრაქტი გავაფორმო. მცდარი და მოძველებულია გამოთქმა, რომ თითქოს ადამიანი ერთ საქმეს უნდა აკეთებდეს. ადვოკატის პროფესია მაქვს, რომელსაც არ ვუღალატებ, მაგრამ ხელს არაფერში შემიშლის, თუ ხანდახან გადაღებებში მონაწილეობას მივიღებ.

- კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში, 150 ათასი ევროთი რის გაკეთებას აპირებ?

- გულწრფელად ვამბობ: შეიძლება, არ ჩანს, მაგრამ ჩემი საქმით ბევრ ადამიანს ვეხმარები.

მაღალი დონის განათლების მიღების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თანამშრომლების განათლების დონის ამაღლებაზეც ვიზრუნებდი. უძლიერეს კომპანიას შევქმნიდი და უამრავ ადამიანს დავეხმარებოდი.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება