ნინო ორდენიძე: "თერთმეტ სექტემბერს მხოლოდ მე და ბინ ლადენი აღვნიშნავდით"...

ნინო ორდენიძე: "თერთმეტ სექტემბერს მხოლოდ მე და ბინ ლადენი აღვნიშნავდით"...

დაბადების დღეს სიურპრიზები უხდება. მოდელი ნინო ორდენიძე ამბობს, რომ მის დაბადების დღეს ისინი მართლაც არ აკლია. წელს ამ დღის აღსანიშნავად, ნინო მეუღლესთან ერთად, საზღვარგარეთ წასვლას აპირებს. გამგზავრებამდე შევეხმიანე და გამოვკითხე, როგორ ულოცავენ ხოლმე ოჯახის წევრები და მეგობრები დაბადების დღეს და რა საჩუქრებს უძღვნიან.

- ჩემი დაბადების დღე უზომოდ მიყვარს, ვგიჟდები ამ დღეზე. მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბერი ამერიკაში მომხდარ ტერაქტთან ასოცირდება, ჩემთვის მაინც ყველაზე მაგარი დღეა. მიყვარს, რომ მილოცავენ, საჩუქრებს მომართმევენ. არსებობს კი ვინმე, ვისაც საკუთარი დაბადების დღე არ უყვარს?!. როცა ამერიკაში ტერაქტი მოხდა, იმ წელიწადს 20 წელი შემისრულდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მაშინ ვაკის პარკის წინ იყო რესტორანი, რომელსაც "შობა" ერქვა და იქ აღვნიშნავდი. აჩიკო მეფარიძე თამადა იყო, ხოლო ზალიკო ბერგერი - მისი მოადგილე. დანიშნულ დროს უამრავი ადამიანი არ იყო მოსული და რომ დავურეკე, მითხრეს, - დაინგრა ამერიკა, რა დროს დაბადების დღეაო?!. ტელევიზორისთვის არ მიყურებია და არც კი ვიცოდი, რა ხდებოდა.

- ანუ ის წვეულება ჩაგეშალა?

- არაფერიც არ ჩამეშალა. სადაც ზალიკოა, იქ, ყველამ იცის, თუ რა სიცილ-ხარხარია ხოლმე. ბევრი ჩემი მეგობარი მოვიდა და კარგადაც მოვილხინეთ.

- დაბადების დღე ყველასთვის მაინც საჩუქრებთან ასოცირდება.

- კი, ვგიჟდები, ისე მიყვარს საჩუქრები. ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, ყველა კარგად რომ მყავს და თუნდაც არავინ არაფერი მომიტანოს, მაინც ძალიან მიხარია, - ეს ხომ ჩემი დაბადების დღეა! საერთოდ, სექტემბერი უზომოდ მიყვარს და მიმაჩნია, რომ წელიწადის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვეა. ალბათ, ეს გრძნობა ბავშვობიდანაც მომყვება - პირველ სექტემბერს ხომ სკოლაში მივდიოდით. 11 სექტემბერს კი მძიმე მარხვაა, იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთის დღეა... სხვათა შორის, ბოლო პერიოდში გადავწყვიტე, 12 სექტემბერს აღვნიშნო "იუბილე": ყოველ წელს ჩემი მეგობრები მეწუწუნებიან, - მძიმე მარხვაა, რა დროს დაბადების დღეაო?!

- შენ მარხვას იცავ?

- სამწუხაროდ, ხშირად - არა. ამ მხრივ ცოტა ცუდი გოგო ვარ... პირველად, 15 წლის ვიყავი, მძიმე მარხვა რომ დავიცავი. მაშინ ნორმალურად არც არავინ მარხულობდა. შინაგანად, სულიერად მზად ვიყავი. ახლა თითქოს ვეღარ ვახერხებ. თუმცა ვფიქრობ, რომ დადგება ის დრო, როცა ვიმარხულებ.

- საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა გახარებს?

- ვგიჟდები სუნამოზე. ზალიკოსავით ნამდვილად არ ვიქცევი - სოციალურ ქსელში რომ წერს, ვისგან რა საჩუქარს ითხოვს და თან გვეუბნება, - თუ ის არ მომიტანე, რაც მინდა, თავში ჩაგარტყამო. ის საჩუქრების ნამდვილი გიჟია... ჩემმა მეგობრებმა იციან, სუნამოები რომ მიყვარს, და ყველა მჩუქნის. ბავშვობიდან მიყვარს დღის ბოლოს ყველა სუნამოს ერთად გახსნა... ერთხელ კურიოზი შემემთხვა. 25 წლის რომ გავხდი, უდიდესი დაბადების დღე გადავიხადე. მგონი, მთელი საქართველო იყო მაშინ ჩემთან. წარმოიდგინეთ, რამდენ საჩუქარს მივიღებდი! თან, ვინც მოდიოდა, მეუბნებოდა, რას მჩუქნიდა. მაგრამ... დღის ბოლოს, როცა გადავწყვიტე, ჩემი საჩუქრები მენახა, აღარაფერი დამხვდა: აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ მომპარა. ყველა საჩუქრი ერთდროულად დავკარგე. მხოლოდ უამრავი ყვავილი და ერთი მობილური შემომრჩა, ისიც იმიტომ, რომ ჩემმა დაქალმა საზღვარგარეთ წასვლისას, წინასწარ მაჩუქა.

- ეს კურიოზი ნამდვილად არ ყოფილა...

- ჰო, ტრაგიკომედია იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა?! როცა ყვავილების სახლში მოტანას ორი მანქანა დასჭირდა, რამდენი საჩუქარი იქნებოდა! თუმცა იმ დღეს ისეთი მაგარი დრო ვატარეთ, რომ მაგაზე აღარც მიფიქრია.

- როგორ იწყება ხოლმე შენი დაბადების დღე?

- ღამით, როგორც კი 12 საათი შესრულდება, რეკვას იწყებენ. ახალი წელი გეგონება, ისეთი ამბავია ხოლმე. ახლა სოციალური ქსელი დაემატა და უზომოდ ბედნიერად ვგრძნობ თავს.

- მეუღლეს მოლოცვის რამე განსაკუთრებული წესი ხომ არ აქვს?

- სხვათა შორის, ლევანსაც ძალიან უყვარს ჩემი დაბადების დღე. წინათ ფეხბურთს თამაშობდა და თერთმეტი ნომერი იყო, რასაც ერთგვარ დამთხვევად მივიჩნევთ. ჩემს დაბადების დღეს უფრო ხშირად, საზღვარგარეთ ვართ ხოლმე. წელსაც ვგეგმავთ. მეუღლის მოლოცვა მაინც სხვაა. ყოფილა შემთხვევა, ლევანს ჩემთვის, არასდროს რომ არ მოველოდი, ისეთი რამეც უჩუქებია. წელს ვნახოთ, რას იზამს. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა ვუთხრა: ლევან! იცი შენ, რაც მინდა საჩუქრად და ვნახოთ, როგორ მოიქცევი!..

- გაგვიმხილე, რას სთხოვ?

- არა! თვითონ იცის და მისგან ამ საჩუქარს ველი.

- ბავშვები ჯერჯერობით პატარები არიან. აღიქვამენ დაბადების დღეებს?

- ძალიან კარგად. დოდოშკა 4 წლის არის, მაშო - 2-ის გახდა აგვისტოში და დაბადების დღე გადავუხადე. მეუბნებოდნენ, პატარაა, რად უნდაო, მაგრამ ისე კარგად იმხიარულეს ბავშვებმა... თუმცა მე და ჩემი დაქალები უფრო კარგად ვერთობოდით და ბავშვებს არაფერს ვაცდიდით.

- ვინ დაიბადა 11 სექტემბერს?

- ნინო ორდენიძე (იცინის). ადრე ვაქცევდი ყურადღებას ასეთ რაღაცებს, სულ ვკითხულობდი ჰოროსკოპებს; ახლა აღარ მაინტერესებს. ვხუმრობდი ხოლმე, - მე და ბინ ლადენი აღვნიშნავთ ამ დღეს-მეთქი და ახლა, რამდენიმე წელია, ბინ ლადენი გამოეთიშა და დავრჩი მხოლოდ მე...

- ნინო, ამჟამად რას საქმიანობ?

- ამჟამად "პრარაბად" ვმუშაობ: სახლში რემონტი მაქვს და, ხალხო, თუ ვინმეს გესაჭიროებათ "კაფელჩიკი", რესტავრატორი, ბუხრების შემკეთებელი, შეგიძლიათ, სოციალურ ქსელზე თხოვნებით მომმართოთ.

- როგორი დიასახლისი ხარ?

- გადასარევი. ლევანს ძალიან უყვარს ჩემი მომზადებული კერძები: სოუზი, ჩახოხბილი, ჩანახი, ჩაქაფული...

- ო, სერიოზული კულინარი ყოფილხარ!..

- აბა, რა! სალათების მომზადება და ქათმის ფილეს მოხარშვა ყველამ იცის. ძალიან მიყვარს შემწვარი წიწილა და შეყვარებულობის პერიოდში ლევანი შემწვარ წიწილაზე მეპატიჟებოდა. ზალიკო დამცინოდა ხოლმე, - ორდენიძე, ერთხელაც "დაგღუპავს" ეგ წიწილაო. 2006 წელს (შეყვარებულები ვიყავით) ლევანმა დაბადების დღე გადამიხადა და მობილური ტელეფონი მაჩუქა. იმდენად მიყვარდა, რომ 5 წელი ვატარე. ტელეფონს აღარ ჰგავდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, "ვიტრინაში" შეინახე, ეგ აღარაფერს ჰგავსო. მაინც არ ვაგდებდი. სამწუხაროდ, შარშან დაბადების დღეს სად დავდე, აღარ მახსოვს, და დავკარგე. დღესაც მივტირი, ისე დამწყდა გული.

- დაბადების დღეს ტრადიციულად, ქართულად აღნიშნავ?

- აბა რა! ტორტის ჩაქრობითა და "მეგობრები გილოცავენ ამ დღეს" - სიმღერით. ყველა ერთხმად ვმღერით ხოლმე...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება