როდის იმალებოდა კარადაში ეკა მჟავანაძე

როდის იმალებოდა კარადაში ეკა მჟავანაძე

ექიმი დედისა და მსახიობი მამის ოჯაში გაიზარდა. თეატრი მისთვის ბავშვობიდანვე გახდა მშობლიური. შვილებში ნაბოლარა იყო და გათამამება არ აკლდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა მისი მსახიობობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, არჩევანი არ შეიცვალა. დღეს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. ფართო აუდიტორიამ ის "გოგონა გარეუბნიდან" ლევან ხომერიკის გურული დედის როლით გაიცნო. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ქალბატონი ეკა დღეს ქართულ ბაზარზე არსებული არაერთი სერიალის თუ ფილმის კასტინგების მენეჯერია. ეკა მჟავანაძე იცნობს ყველას, ვისაც ამ სფეროში ერთხელ მაინც მოუსინჯავს ძალები პროფესიულად თუ არაპროფესიულად.

დღეს ეკას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- დედაჩემი, ეთერ დადიანი, ექიმი გახლავთ და საკმაოდ კარგი ექიმი. მის პროფესიონალიზმს მისი დაკავებულობიდან გამომდინარე ვსაზღვრავ. შაბათ-კვირასაც კი სულ ავადმყოფებთან იყო. რთულად ნახავდით სახლში. მე ძირითადად ბებიასთან ვიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხშირად ლაპარაკობდნენ ამ პროფესიაზე, ექიმობა მაინც არ ავირჩიე. დედაჩემი ტრადიციული ქალი იყო და არის დღესაც. 84 წლისაა და ასე მგონია, მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე, ყველაფერს მას ვეკითხები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ თანამედროვედ აზროვნებს. ყველანაირად ინფორმირებულია და საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. რამეს რომ ვითამაშებ და ნახავს, ზუსტად მეუბნება, სად შემეშალა და რა მოეწონა. მამაჩემი, კუკური მჟავანაძე, წლების განმავლობაში. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ. ჰქონდა სახალხო თეატრი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შეიძლება ითქვას, რომ მე თეატრში ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, მამის პროფესიას გავყევი. 18 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მარტონი ვიყავით მე და მამა სახლში, დედა არ იყო თბილისში.M მარტი იყო, მამას თავისი თეატრი ჰყავდა წაყვანილი გასტროლებზე ლიტვაში - ვილნიუსში. მეც მათთან ერთად ვიყავი. რომ ჩამოვფრინდით, მეორე დილით სისხლის ჩაქცევა დაემართა. 1-2 საათი იცოცხლა. გონზე იყო. გვერდით ვეჯექი და ვტიროდი. ის კი მარიგებდა. მესამე შვილი ვიყავი, ნაბოლარა და მასთან ვცხოვრობდი. ჩემი დები გათხოვილები იყვნენ უკვე. ყველას, ვინც მომაკვდავ მამასთან შედიოდა, ეუბნებოდა, ეკას მიმიხედეთო. მაშინ უკვე პირველ კურსზე ვიყავი. ჩემი მეგობარი იყო მამა, ერთ საქმეს ვემსახურებოდით და ძალიან ადრე გამომეცალა ხელიდან, ძალიან დამაკლდა.

- როგორც უმცროს შვილს, გათამამებდნენ ოჯახში?

- ძალიან. მამაჩემისგან უფრო მახსოვს გათამამება, დედა ცოტა მკაცრი იყო. დამოუკიდებელი ვიყავი ბავშვობიდან და დღესაც ასეთი ვარ.

- ვის ჰგავხართ ხასიათით?

- მამას. საოცრად შრომისმოყვარე კაცი იყო, პატიოსანი. ისე განიცდიდნენ მამაჩემის სიკვდილს მისი მეგობრები, გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი. ძალიან ბევრი სიკეთე აქვს დათესილი. დღეს მის ნაკვალევზე დავდივარ, მის გაკეთებულ სიკეთეზე. თუ რამე მიმართლებს ცხოვრებაში, ასე მგონია, რომ მამაჩემის დიდი დამსახურებაა.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

- როცა გადავწყვიტე სამსახიობოზე ჩამებარებინა, სასტიკი წინააღმდეგი იყო მამა. ჩვენ ხშირად ვკამათობდით ამ თემაზე. დედაჩემი ამბობდა ხოლმე, წადით სახლიდან, დამანებეთ თავი, რა არის ეს გაუთავებელი ჩხუბი ამ თემაზეო. სულ მეკითხებოდა, რა უნდა ითამაშო, ეს არ მოგწონს, ის არ მოგწონსო. ბოლოს, სანამ გარდაიცვლებოდა, წინა ღამეს სამზარეულოში პირისპირ ვისხედით და ბევრი რჩევა-დარიგება მომცა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი იმისთვის, რომ კარგი მსახიობი ვყოფილიყავი. თითქოს გრძნობდა, რომ აღარ იქნებოდა.

- რატომ იყო წინააღმდეგი, არ უნდოდა მსახიობი ქალი ოჯახში თუ თქვენს ნიჭიერებაში არ იყო ბოლომდე დარწმუნებული?

- ყველამ კარგად იცის თავისი პროფესიის ავი და კარგი. ალბათ არ ვემეტებოდი იმ ინტრიგებისთვის, რაც თეატრში ხდებოდა და ხდება. ბევრი გულისტკენა შეგხვდებაო, მეუბნებოდა და შემხვდა კიდეც. მთავარია, გაუძლო ამ ყველაფერს, მაგრად უნდა დადგე. ოპტიმისტი ვარ, ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია და არც ის მინანია, რომ მამას არ დავუჯერე და მაინც ეს პროფესია ავირჩიე. ამ ყველაფრის მიუხედავად, სულაც არ მინდოდა ჩემი შვილები მსახიობები გამხდარიყვნენ და მგონი, გადავრჩი (იცინის). როცა კასტინგებზე დავიწყე მუშაობა, დავინახე, რამდენი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანია დაუკავებელი, უსამსახუროდ. დაამთავრეს ინსტიტუტი და სხედან სახლში. რთულია, როცა შენ გვერდით შენზე ნიჭიერს ხედავ, იჩაგრები, ითრგუნები. ბევრი მიზეზია, რის გამოც არ სურს მშობელს, შვილი მსახიობი გახდეს და ახლა მესმის მამაჩემის. თან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მსახიობის პროფესია დაუფასებელია. კომუნისტების დროს იყო გარკვეული პრივილეგიები. მაგალითად, ურიგოდ გაძლევდნენ მანქანას, ბინას მოგცემდნენ უფრო ადრე, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანს, საზღვარგარეთ წახვიდოდი გასტროლებზე. მაშინ ასე ადვილად არ გადიოდა ხალხი ქვეყნიდან. ახლა არც ეგ პრივილეგიები აღარ არის.

- სკოლის პერიოდზე არაფერი გითქვამთ.

- მიუხედავად იმისა, რომ კარგ სკოლაში ვსწავლობდი და არაჩვეულებრივი მეგობრები მყავდნენ, სკოლაში სიარული არ მიყვარდა. მასწავლებლებს ვუყვარდი. აქტიური ბავშვი ვიყავი, კონცერტებზე გამოვდიოდი, სკოლის ღონისძიებებზე, ლექსებს ვამბობდი. ქართულის მასწავლებელი მეუბნებოდა, ახლა გეტყვი ერთ ლექსს, ეს მომიმზადე და ხვალ გამოგიძახებო. სწავლით დიდად არ ვიკლავდი თავს, მაგრამ პოპულარობის ხარჯზე ნორმალური ნიშნები მყავდა. მათემატიკა საერთოდ არ ვიცოდი. ფიზიკის მასწავლებელს ძალიან ვუყვარდი და არც მიძახებდა დაფასთან გაკვეთილის მოსაყოლად, იცოდა, რომ არ ვიცოდი. გვერდით ჩემი მეგობარი მეჯდა, რომელიც კარგად სწავლობდა ყველაფერს და მათ შორის ფიზიკასაც. რომ ამოიღებდა ფიზიკის წიგნს და გადაშლიდა, ამდენი გავიარეთ-მეთქი, ვეკითხებოდი (იცინის). ახტაჯანა ბავშვი ვიყავი.

- თქვენი უსაქციელობის გამო სკოლაში მშობლები თუ დაუბარებიათ?

- როგორ არა. ერთხელ ფიზკულტურის მასწავლებელმა ორიანი გამომაყოლა. იმიტომ კი არა, რომ ვერ დავრბოდი ან არასპორტული ბავშვი ვიყავი, უზნეობის გამო დავიმსახურე ეს ნიშანი. ვაიმე, რას ვყვები, ჩემი შვილებისთვის არ მომიყოლია ეს ამბები, ძალიან მკაცრი დედა ვარ (იცინის). 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. რომელიღაც გაკვეთილს ვაცდენდით და ფიზკულტურის დარბაზში კარადაში დავიმალეთ მე და ჩემი მეგობარი. უზარმაზარი გასახდელი კარადები იდგა ამ დარბაზში. გამომიჭირა მასწავლებელმა. ოღონდ იცით როგორ გამოვედი იმ კარადიდან? "ვითომ, მერე რა", - ეს ფრაზა მეწერა შუბლზე. დაიბარეს მშობლები. ძირითადად ჩემი უფროსი და დადიოდა ხოლმე ჩემ გამო სკოლაში. იქვე ცხოვრობდა, სკოლის წინ, გათხოვილი იყო. დაბარებაც არ სჭირდებოდა, აივანზე რომ გამოვიდოდა, ეძახდნენ, ჩამოდი, ეკასთან რაღაც გაურკვევლობააო.

- ის პერიოდი, როცა პირველად სარკის წინ დადექით იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესს გაპრანჭვოდით, როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში?

- პრანჭია არასდროს ვყოფილვარ. პრანჭია ვიყავი მაშინ, როცა სახლობანას ვთამაშობდი ჩემს თოჯინებთან ერთად. ამ თამაშზე ვგიჟდებოდი. მაშინ არ იყო კომპიუტერი. ერთი ტელევიზორი გვედგა სახლში შავ-თეთრი და ერთ არხს ვუყურებდით ყველა. ჯერ "მოამბეს", მერე "ვრემიას". 11 საათზე ფილმი რომ იწყებოდა, ბავშვებს გვაძინებდნენ. ასეთი ცხოვრება იყო მაშინ. "ილუზიონს" გვაყურებინებდნენ მხოლოდ და ისიც იმიტომ, რომ შაბათს გადიოდა ეთერში და მეორე დღეს სკოლაში არ უნდა წავსულიყავით. იმიტომ არ მიყვარდა სკოლა, რომ იქ უნდა მესწავლა. მე კიდევ არ მინდოდა სწავლა, სახლში თოჯინები მელოდებოდნენ. დღესაც მაქვს შენახული ჩემი გერმანული თოჯინები. რისთვის ვინახავ, არ ვიცი, ალბათ ჩემი რძლები თავში ჩამარტყამენ, ეს რად გვინდაო (იცინის). არადა, რა სიმწრით ვაგროვებდი. ვინმე ფულს რომ მაჩუქებდა და მკითხავდა, რა უნდა იყიდოო, გერმანული თოჯინა-მეთქი, ვპასუხობდი. ეზოში ბიჭებში ვიზრდებოდი, ერთი გოგო ვიყავი ამდენ ბიჭში. ამიტომ ბავშვობიდანვე მათ სხვაგვარად აღვიქვამდი, როგორც ჩემს ძმებს, ისე ვუყურებდი. დღესაც ბევრი ბიჭი მეგობარი მყავს.

- მაგრამ სასიყვარულო გამოცდილება ხომ იყო თქვენს ცხოვრებაშიც?

- სკოლაში მოდაში იყო, ვიღაც უნდა მოგწონებოდა ერთი-ორი კლასით შენზე უფროსი. ჩემი კლასელები ტანსრული გოგონები იყვნენ. მე 20 კილო ვიყავი, სიმაღლეში - მეტრი და 20 სანტიმეტრი (იცინის). მაგრამ მეც ამოვირჩიე ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ვითომ მომწონდა და მის სართულზე ავდიოდი შესვენებებზე. გავუვლიდი და გამოვუვლიდი მის კლასს. პირველად რომ ბიჭი მომეწონა, სკოლას ვამთავრებდი. ეს ბიჭი გამაცნეს, მის სახლში აღმოვჩნდი და გავგიჟდი, ისე მომეწონა, იმიტომ, რომ ის უკვე თეატრალურში სწავლობდა, კინოსარეჟისოროზე. მე კი იქ უნდა ჩამებარებინა. მან ჩვეულებრივ სტუმრად მიმიღო. მე ოცნების კოშკები ავაგე, გავთხოვდი, შვილებიც გვეყოლა, თან ტყუპი, ერთად დავასეირნებდით ბაღში და ახლა მეცინება, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს ვარ მასთან დღეს.

- ვინ არის, არ მეტყვით?

- არა, უხერხულია. ერთხელ მეგობართან ერთად გავიარე თეატრალურთან და იქ იჯდა სკამზე. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. ჩავთვალე, რომ ჩემ გამო იჯდა იქ, მე მელოდებოდა. მოკლედ, ეს დროებითი, ბავშვური მაიმუნობა იყო.

- ის ერთი და მთავარი, ოჯახი რომ ჰქვია, როდის მოვიდა?

- 23 წლის ვიყავი. ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა. ერთი იყო მართლაც და მთავარი. შევაბერდით ერთმანეთს. ჩემი პროფესიის არ არის ჩემი მეუღლე. ახლა არ არის ქალაქში, მაგრამ ჩემი ქმარია, ერთად ვართ და ორი შვილი მყავს მისგან. მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ერთხელ ვთქვი, მიყვარდა-მეთქი და მისაყვედურა, რას ჰქვია გიყვარდიო (იცინის).

- თქვენი პროფესიისადმი პროტესტი არასდროს გასჩენია?

- როგორ არ გასჩენია. მაგაზე დიდი რომანი დაიწერება. ამას მერე მოვყვები, შემდეგ წლებში თუ მოხვალთ ჩემთან ინტერვიუზე. დიდი ისტორიაა, რომელსაც ჯერჯერობით არ ვამხელ.

- სიყვარული ხუნდებაო, რომ ამბობენ, მართალია?

- ჩემთვის არ გახუნებულა. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად მე და ჩემმა ქმარმა და მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე გვიყვარს ერთმანეთი. ეტყობა, მე მხოლოდ ერთხელ სიყვარული შემიძლია. დიდი ბიჭები გვყავს, 22 წლის და 15-ის. საერთოდ, ვგიჟდები ოჯახზე. სიტყვა ოჯახი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, არის დიდი და მოსიყვარულე ოჯახი. ყველაფერი გაუბრალოვდა რატომღაც. წინასწარ არავინ იცის, რა და როგორ მოხდება. ამიტომ ყველას ვეუბნები, როცა ოჯახში ჩნდება ბავშვი, "მერე რა მოხდა, არ შემიძლია ასე ცხოვრება და მივდივარ", არ არის გამართლებული. გაუფასურდა დღეს დედისა და მამის როლი. არავის განვსჯი, უბრალოდ, ვამბობ, რომ მე ასე ვერასდროს ვიცხოვრებდი. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვი იჩაგრება. ოჯახის გამო კარიერაში დათმობებზეც წავსულვარ. ერთხელ, როცა დავიწუწუნე, ერთმა მსახიობმა მითხრა, შენ კარგი დედაც გინდა იყო, კარგი ცოლიც და კარგი მსახიობიც, ეგ ძალიან რთულიაო. მართლაც რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი არ არის აზიატი და ბევრ რამეში ხელს მიწყობდა კიდეც, თვითონ მითქვამს უარი ისეთ რამეზე, რაც ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს არ შეეფერებოდა.

- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს. რამეს უკრძალავდით?

- მათთან ვმეგობრობ, მაგრამ ზღვარი ყოველთვის არის ჩემსა და შვილებს შორის. პატივს მცემენ, მაფასებენ, იზიარებენ ჩემს აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამოუკიდებლები არიან, უფროსი განსაკუთრებით. მათ ცხოვრებაში არასდროს ვერევი, არასდროს არაფერი ამიკრძალავს მათთვის. უბრალოდ, მივანიშნებდი, რა იყო კარგი, და რა - ცუდი.

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ, საბედისწერო შეცდომა თუ დაგიშვიათ ცხოვრებაში?

- ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვდგამ ნაბიჯებს. არ ვარ რისკიანი. ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ალბათ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი, რომ მთელი ცხოვრება სანანებლად მქონდეს, არ მახსენდება. ვუფრთხილდები ადამიანებს. მირჩევნია მე მეწყინოს, ვიდრე მე ვაწყენინო სხვას. თუ ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი და გამოასწორე, კარგია. მთავარია, იგივე შეცდომა მეორედ და მესამედ აღარ დაუშვა, თორემ ადამიანები ვართ, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება