ნინა დობრევი - "იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი"

ნინა დობრევი - "იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი"

მსახიობები ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად მიიჩნევა, თუმცა მათი რომანის შესახებ არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი.

ნინამ და იანმა ერთმანეთი 2009 წელს მისტიკური სერიალის "ვამპირის დღიურების" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. სერიალის გადაღება დღემდე მიმდინარეობს. დობრევი ერთდროულად ორ პერსონაჟს - ადამიან ელენა გილბერტსა და ვამპირ კეტრინ პირსს განასახიერებს, სომერჰალდერი კი ვამპირი ძმებიდან ერთ-ერთს - დეიმონ სალვატორეს როლს ასრულებს. სტეფან სალვატორეს როლში პოლ უიესლია. სერიალში ძირითადი ყურადღება ძმებსა და ელენა გილბერტს შორის სასიყვარულო სამკუთხედზეა გამახვილებული. ფილმში მოვლენები უძველეს ქალაქ მისტიკ ფოლსში ვითარდება.

თავიდან ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. ვიდრე ისინი შეხვედრებს დაიწყებდნენ, კოლეგები ერთად 2009 წლის 21 მაისს სასტუმრო Gramercy Park Hotel-ში ტელეარხ CW-ს წვეულებაზე შენიშნეს.

"მსახიობებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, ხშირად უყვარდებათ ერთმანეთი, ასე რომ, ამაში საკვირველი არაფერია. მაგრამ მე არასდროს მქონია რომანი კოლეგასთან. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჟურნალში ჩემს შესახებ სტატია ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "რატომ არ აბამს რომანს ნინა დობრევი კოლეგებთან". ახლა ამაზე საუბარი ჩემთვის სასაცილოა, მე და იანს ერთმანეთი გვიყვარს, თუმცა მაშინ ნამდვილად ვფიქრობდი, რომ გადასაღები მოედანი რომანის დასაწყებად შესაფერისი ადგილი არ არის", - განუცხადა ნინა დობრევმა ჟურნალ Teen Vogue-ს.

პირველად ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა, 2010 წლის 6 მარტს ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა. ფოტოებზე მსახიობები ერთმანეთს კოცნიდნენ. ფოტოებმა სერიალის თაყვანისმცემლებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც წყვილს კომენტარის გაკეთება მოუხდა.

"ჩვენ ველოდით, რომ მსგავსი ჭორები გავრცელდებოდა. თუ იანთან არ მექნებოდა რომანი, მაშინ ჩემს სახელს პოლს მაინც დაუკავშირებდნენ. ადრე ჩემს უმთავრეს მიზანს მხოლოდ მუშაობა წარმოადგენდა. ურთიერთობებზე მოცდენა არ მსურდა. იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი, მაგრამ შემდეგ სიყვარული ჩემზე მაღლა დადგა", - აღიარებს ნინა.

ურთიერთობის გაღრმავების შემდეგ ნინა და იანი სხვადასხვა წვეულებებს სულ უფრო ხშირად ესწრებოდნენ კოლეგების გარეშე. 2010 წლის 27 მაისს წყვილი კალათბურთის მატჩზე (L.A. Lakers/ Phoenix Suns) ერთად ნახეს. თვითმხილველთა თქმით, მსახიობები მაშინ ჯერ კიდევ ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ ისინი ძალიან დაახლოვდნენ.

მონტე-კარლოში იმავე წელს გამართულ სატელევიზიო ფესტივალზე იანი სხვების თანდასწრებითაც არ ერიდებოდა ნინას მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვას.

2011 წლის 30 აპრილს ვაშინგტონში თეთრი სახლის ჟურნალისტთა ასოციაციის ვახშამზე წყვილი სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის. "ნინას სურს ყველაფერი მოსინჯოს, რასაც ცხოვრება სთავაზობს და ამისგან სიამოვნებას იღებს, ეს შესანიშნავია", - ამბობს იანი.

2011 წლის 24 მაისს შეყვარებულებმა მშობლებთან ერთად პარიზში ექსკურსიის დროს სენ-ჟერმენ-დე პრეს სააბატო მოინახულეს. თვითმხილველთა თქმით, წყვილი ერთად ყოფნის დროს ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.

2011 წლის 18 სექტემბერს "ემის" 63-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნინა დობრევი ძალიან მარტოსულად გამოიყურებოდა, თუმცა საყვარელ მამაკაცს ლოს-ანჯელესში გუბერნატორთან გამართულ წვეულებაზე იმავე საღამოს შეხვდა.

2012 წლის აპრილში კალიფორნიაში Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე შეყვარებულებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა. ფესტივალზე ბევრი წყვილი იყო, თუმცა ნინა და იანი ყველასგან გამოირჩეოდნენ.

2012 წლის 14 მაისს მსახიობები ხელიხელჩაკიდებულები ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს შენიშნეს.

"იანი ყოველთვის პოზიტიურად უყურებს მოვლენებს, ის თითქოს ენერგიას ასხივებს. ის ყოველთვის ბედნიერია, - ამბობს ნინა, - იანი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა".

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობები ქორწილისთვის ემზადებიან. ერთ-ერთ წვეულებაზე ნინას მარცხენა ხელის უსახელო თითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. თუმცა გავრცელებული ხმები ჯერჯერობით არცერთი მათგანის წარმომადგენელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

მომზადებულია US Weekly-ს მიხედვით.

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა