ეველინა ხრომჩენკო - მოდის ექსპერტი და გემოვნების არბიტრი

ეველინა ხრომჩენკო - მოდის ექსპერტი და გემოვნების არბიტრი

ვინ არის ეველინა ლეონიდოვნა ხრომჩენკო? ეს სახელი ყველამ იცის, ვისაც მსოფლიო მოდასთან დაახლოება უნდა. ეველინა ხრომჩენკო წარმატებული ქალის შესანიშნავი მაგალითი და მსოფლიო მოდის სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი პირია, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ამერიკასა და ევროპაში პოპულარული მწერალი. ყოველდღიურად ეველინას რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავს გადაცემა "მოდური განაჩენი" და რუსეთის სატელევიზიო სივრცეში რეიტინგით 25 ყველაზე პოპულარულ წამყვანთა შორის ირიცხება.

ეველინა ხრომჩენკომ კარიერის აწყობა 17 წლისამ დაიწყო. 18 წლისა ტელევიზიაში მივიდა სამუშაოდ და "ვზგლიადის" ჯგუფში მოხვდა, შემდეგ მისი მასალები "კოსმოპოლიტენში" "ელში", "კომსომოლსკაია პრავდაში", "სობესედნიკსა" და "ოგონიოკში" გამოჩნდა. 22 წლის გოგონამ თავისი პირველი ჟურნალისტური პროექტი გააკეთა, ორ წელიწადში საკუთარი ბიზნესი ააწყო. შემდეგ მოდური ჟურნალ L"Officiel-ის რუსული გამოცემის ხელმძღვანელი გახდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესქალბატონია.

ჟურნალისტმა დიდი ხანია დაიწყო ბაყაყების პრინცებად გადაქცევა. ჯერ კიდევ ყმაწვილქალობისას ინსტიტუტისკენ მიმავალს აზრობრივად უყვარდა უგემოვნო ადამიანების გემოვნებით "გამოწყობა". გატაცება თანდათან პროფესიად ექცა და ახლა მის აზრს მსოფლიო მოდის ყველაზე გავლენიანი ადამიანებიც ითვალისწინებენ.

ოდესღაც ეველინა ხრომჩენკომ გამოთქვა ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგ აქსიომად იქცა: "ცუდად ჩაცმული ქალი როგორც თავის ყურებს ვერ დაინახავს, ისე ვერ ეღირსება ბრწყინვალე კარიერას".

მისი პირადი ამბიდან ვიგებთ, რომ, ეველინა ლეონიდოვნა ხრომჩენკო 1971 წლის 27 თებერვალს უფაში დაიბადა. Russian Fashion Week-ის გენერალური პროდიუსერისა და სააგენტო "არტეფაქტის" დირექტორ ალექსანდრ შიუმსკის ცოლია. წყვილს ჰყავს ვაჟი არტემი. წარმატებულია კარიერაში, გემოვნებით იცვამს და ყველა წვრილმანი მოწესრიგებული აქვს. ეველინას მიაჩნია, რომ წარმატებულმა ქალბატონმა რამდენიმე აუცილებელი წესი უნდა დაიცვას. მოდით, გავეცნოთ, როგორი წესებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობს თავად ტელეწამყვანი.

წესი N1: არავის გაუმხილოთ საკუთარი ასაკი

ხრომჩენკოს წლოვანება დაბეჯითებით არავინ უწყის. მართალია, ყველასთვის ცნობილია და გასაგებია, რომ დიდი ხანია 18 წლის აღარ არის, მაგრამ ამ ფაქტს კონკრეტიკა აკლია. ზოგიერთი გამომცემლობა წერდა, რომ ჟურნალისტი 1972 წელს დაიბადა, სხვები 1973-ს ასახელებენ. თავად ეველინას ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა, რომ ქვეყანას სწორედ იმ წელს მოევლინა, როდესაც კოკო შანელი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მის დოკუმენტებში 1971 წელი ფიგურირებდეს. სხვათა შორის, მადემუაზელ კოკოსთან მისი პარალელები ამით არ მთავრდება. ოდესღაც ვიღაცამ ხრომჩენკოს "რუსი შანელი" უწოდა, ეტყობა, ქალს ეს წოდება ისე მოეწონა, რომ მოგვიანებით ხუმრობდა, ლეგენდარული ფრანგის რეინკარნაცია ვარო.

წესი N2: არ დამალოთ გარეშე თვალისგან ლამაზი ფეხები

ბუნებამ ხრომჩენკო ლამაზი ფეხებით არ დააჯილდოვა. იგი რატომღაც დიდხანს ვერ ბედავდა ფეხის გამოჩენას. მინიკაბების ჩაცმა მოწიფულ ასაკში დაიწყო, რაც შეცდომა ნამდვილად არ გახლდათ. ასე რომ, ბრწყინვალე სქესის ძვირფასო წარმომადგენლებო, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეგრცხვებათ საკუთარი ფეხების გამოჩენის. თუ მართლა გაქვთ რაიმე გამოსაჩენი - გამოაჩინეთ! ასეთ შემთხვევაში ასაკი დიდად ხელშემშლელი არ არის, მთავარი სწორად შერჩეული ტანსაცმელია.

წესი N3: ნუ გაგიტაცებთ ძალიან დიდი ჩანთები

"არ მესმის იმ ქალების, რომლებიც უამრავი უმაქნისი ნივთით სავსე ჩანთებით დადიან, - არაერთხელ უთქვამს ეველინას. - სინამდვილეში უბრალოდ დაფიქრდით, გააანალიზეთ, კვირის განმავლობაში რომელი ნივთი გამოგადგათ იმათგან, რასაც მუდამ თან ათრევთ". დიდი ჩანთის მაგივრად გემოვნებიანი ხრომჩენკო ქალებს წვრილსამხრიანი ქლაჩის ტარებას ურჩევს. სასურველია, თუ ის ნატურალური ტყავისგან იქნება შეკერილი, რადგანაც ლაქის საფარს ხშირად ამჩნევია ნაკლებად სასიამოვნო ნათითურები.

წესი N4: სიმაღლის კორექტირება

ეველინა მოხდენილი და მინიატიურული ქალბატონია. მისი სიმაღლე 160 სანტიმეტრია, ამიტომაც ყველგან და ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩნდება. ეტყობა, დაბალძირიანი სახლის ჩუსტებიც არ აქვს. იგი დარწმუნებულია, რომ "ქალი ისე სწრაფად და ეფექტურად არასოდეს დარბის, როგორც ათსანტიმეტრიან ქუსლებზე". ამასთან, უპირატესობას ანიჭებს შარვლისა და ჯინსის ისეთ მოდელებს, რომელთა სიგრძე კოჭს ზემოთაა, რადგანაც ისინი ფეხებს ვიზუალურად აგრძელებენ.

წესი N5: ნუ გაგიტაცებთ ნეილ-არტი

გაზრდილი, ხელოვნურად დაგრძელებული, სხვადასხვა ფერად მოხატული ფრჩხილები, ხრომჩენკოს აზრით, პატრონის უგემოვნობაზე მეტყველებს და ყველანაირი მსჯელობა იმაზე, რომ ნეილ-არტი - მაღალი ხელოვნებაა, მოდის ექსპერტს ახალისებს. იგი ურჩევს ქალებს, ყოველთვის მოვლილი ხელები, ლამაზად დაქლიბული, სადა ფრჩხილები ჰქონდეთ. სასურველია უფერო ან ერთი ტონის ლაქის გამოყენება, ყველა დანარჩენი ბრჭყვიალა ელემენტი, უბრალოდ, ზედმეტია.

წესი N6: ჯინსის სწორად შერჩევა

ელენე ხრომჩენკოს წარმოდგენით, სწორად შერჩეული ჯინსი ძალიან მუქი ლურჯი, ფაქტობრივად, შავი ჯინსია. შარვალი აუცილებლად კლასიკური უნდა იყოს, მოდელი კი აღნაგობის შესაბამისად უნდა შეირჩეს. ვიღაცას - უფრო ვიწრო, ვიღაცას - ფართო, ზოგს - სწორი, სხვებს მსუბუქად გაშვებული ჯინსი უხდებათ. ყველა შემთხვევაში, მოდის ექსპერტი კატეგორიულად არ მიესალმება შარვლის პერფორაციას - არ მოსწონს გახეული, ამოქარგული, სტრეიჯი და სხვადასხვა დეკორიანი ჯინსი. ჯინსი მკაცრი ტანსაცმელია და სოლიდურად უნდა გამოიყურებოდეს.

წესი N7: შეარჩიეთ საბაზო გარდერობი

ინტერნეტში ქალებისთვის განკუთ­ვნილი უამრავი საიტის მოძებნა შეიძლება, სადაც გამოქვეყნებულია ხრომჩენკოს მოდური რჩევები. მისი აზრით, თანამედროვე ქალს ჰაერივით ესაჭიროება საბაზო გარდერობი, რომელშიც სასურველია ჩართოთ ის კლასიკური ჯინსი, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი, აგრეთვე თეთრი პერანგი, პატარა შავი კაბა (კოკო შანელის რეინკარნაცია, ეტყობა თავისას შვრება), შავი კლასიკური შარვალი, შავი და თეთრი თხელი როლინგები, ბრეტელებიანი თეთრი მაისური, კრემისფერი ქიშმირის პალტო, ნავისებური ფეხსაცმელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებმა უარი თქვან ულტრამოდურ სამოსზე, უბრალოდ, ყოველ წელს ძალზე თანამედროვე ტანსაცმლის შეძენა მხოლოდ იმისთვის, რომ მომდევნო წელს გადაიყაროს, არაპრაქტიკულია.

წესი N8: ბოროტად არ გამოიყენოთ მაკიაჟი

ეველინა ხრომჩენკო ცდილობს, ყოველთვის ბუნებრივად გამოიყურებოდეს, იგი უფერო პუდრს იყენებს, რომელიც სახის ფერს ათანაბრებს. ნაზ ვარდისფერ ან ტუჩისფერ პომადას ისვამს, მსუბუქ კარამელისფერ ფერთა გამის ფერუმარილს ირჩევს. ხრომჩენკოს მტკიცებით, მაკიაჟის ბოროტად გამოყენება მშვენიერ სქესს არ ალამაზებს, ზომიერების შეგრძნება კი ზედმეტი არასოდეს არ არის.

ერთადერთი, რამაც ევ­ელინა ბუნებრიობისგან დააშორა, თმის ფერია. მას ბუნებრივად მუქი ქერა თმა აქვს. ბიზნესლედის კი ღია ქე­რა თმა უნდოდა ჰქონოდა, თანაც ქერა თმაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

წესი N9: ნუ შეეცდებით გაუსწროთ მოდას და არ დაუშვათ, გახდეთ ვულგარული

როგორც უბადლო გემოვნების პატრონი, ეველინა არ ცდილობს მოდას გაუსწროს - მთავარია, არ უღალატო სტილის შეგრძნებას და ვულგარულად არ ჩაიცვა. მისი აზრით, ვულგარულია წვეტიანი ფეხსაცმელი, მეტისმეტად ვარდისფერი პერანგები და ბლუზები, ტოპები, მოშიშვლებული ჭიპი, დიდი და ბრჭყვიალაბალთიანი ქამრები, ბეწვიანი აპლიკაციებით გაწყობილი ზედატანები, ქიშმირის ჯემპრები, ზედმეტად ბრჭყვიალა და სადაფის ეფექტის მქონე სამოსი.

წესი N10: გიყვარდეთ საკუთარი თავი

ეველინას არ ესმის იმ ქალების, რომლებსაც ლამაზ ტანსაცმელსა და მაღალი ხარისხის პარფიუმერიაზე ფულის გადახდა ენანებათ, ვერ იგებს ასეთი ტიპის ფსიქოლოგიურ გამოთქმას "მართალია, ეს ჩექმა ლამაზი არ არის, მაგრამ მოხერხებულია!" ქალს არ უნდა ეშინოდეს, იყოს ლამაზი და თავისი გარეგნობით გარშემო მყოფები აღაფრთოვანოს. "ვინ შეგიყვარებთ, თუკი საკუთარი თავი არ გიყვართ?" - გამუდმებით ამბობს მოდის ცნობილი ექსპერტი.

ასე რომ, ახლა არჩევანი მხოლოდ თქვენზეა - ენდობით და გაითვალისწინებთ თუ არა ცნობილი და წარმატებული ქალბატონის პრაქტიკულ რჩევებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება