რისთვის მოხვდა კოტე თოლორდავა ციხეში

რისთვის მოხვდა კოტე თოლორდავა ციხეში

მთაწმინდაზე, გემის კაპიტნისა და გერმანისტის ოჯახში გაიზარდა. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მამის კვალს უნდოდა გაჰყოლოდა, მერე ბიზნესით დაინტერესდა. მერე მეგობარს გაჰყვა თეატრალურში და... დღეს მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში თამაშობს. ტელემაყურებელმა ის "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მისმა გამოჩენამ მკაცრი და "დასტოინი ბაბულიკა" ტიპები მოდური გახადა თინეიჯერ ბიჭებში.

დღეს კოტე თოლორდავა პრემიერისთვის ემზადება. მოზარდ მაყურებელთა თეატრი შალვა გაწერელიას ხსოვნის პატივსაცემად მის სპექტაკლ "კუკარაჩას" დგამს, განახლებულ სპექტაკლში, რომლის რეჟისორიც ოთარ ბაღათურია გახლავთ, კოტე მურტალოს ითამაშებს. პრემიერა 5 აპრილს გაიმართება.

- მამაჩემი გემის კაპიტანი გახლავთ, აწ გადამდგარი. 77 წლის არის და სულ რაღაც 2-3 წელია აღარ ცურავს. შესაბამისად, მამა წელიწადში რვა თვეს ზღვაში ატარებდა. მე დედამ გამზარდა, ოღონდ ისე, რომ უმამობა არ მეგრძნო.

- მამის პროფესიამ და საქმიანობამ არ გააუცხოვა მამაშვილური ურთიერთობები?

- ისედაც თავდაჭერილია მამაჩემი. ემოციებს მშვენივრად აკონტროლებს. მიჩვეულია წესრიგს. გემზე ყველა მას ემორჩილებოდა. ამიტომ ჰქონდა მცდელობა, ამ ტიპის სიმკაცრე და წესრიგი, რეფორმების სახით, სახლშიც გაეტარებინა. მაგალითად, ბრაზობდა არასწორად დალაგებულ ოთახის ჩუსტებზე, მიყრილ ტანსაცმელზე.

- შენ არ დაჰყავდი მამას გემზე?

- როგორ არა. მეზღვაურობაც მინდოდა, მაგრამ დედაჩემი კარში გაწვა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგო, თქვა, ოღონდ რუსულად. ხოშტარიაა გვარად, მაგრამ რუსულენოვანი დედა მყავს. გერმანისტია, დიდი ხანი გიდებისა და თარჯიმნების ხელმძღვანელი იყო.

- დედისერთა რომ იყავი, ამას არ საყვედურობდი მშობლებს?

- მთელი ცხოვრება ვოცნებობდი დედმამიშვილზე. სამწუხაროდ, ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, არ მყავდა. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მყავს და. "ოერტეზე" არის გადაცემა "ჟდი მენია", სადაც დაკარგულები ეძებენ ერთმანეთს და მერე პოულობენ. დედა უყურებდა ამ გადაცემას, სადაც გამოაცხადეს, რომ ეძებენ კაპიტან ბორის კონსტანტინოვიჩ თოლორდავას, რომელსაც ეძებს შვილი. ჩემი და 43 წლის არის, ოდესელია. ახლა ავსტრალიაში ცხოვრობს. არაჩვეულებრივი გოგონაა, ბებიაჩემ ოლგას ძალიან ჰგავს. თურმე 13 ოქტომბერს შვილი შეეძინა, მძიმე მშობიარობა ჰქონდა და კვდებოდა ის ბავშვი. ექიმი, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა, 13 ოქტომბერს ყოფილა დაბადებული. მამაჩემიც 13 ოქტომბერს არის დაბადებული. დედაჩემმა ჩათვალა, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო ზემოდან და დაიწყო იმ გოგონას ძებნა. მამა ამ დროს ზღვაში იყო. დედას დაურეკეს ტელევიზიიდან, მან მე მითხრა ამის შესახებ. გავხსენი საიტი "ოდნოკლასნიკი". ავსტრალიიდან ვიღაც ხშირად შემოდიოდა ჩემთან. მივწერე, მე ბორისის შვილი ვარ და თუ ეს თქვენთვის რამეს ნიშნავს, დამირეკეთ-მეთქი. 10 წუთში დამირეკა, შენი და ვარო. დამბურძგლა, სიხარულისგან ჩავიკეცე. მას მერე უკვე ორჯერ იყო ოლგა თბილისში. პირველ ჩამოსვლაზე მამა არ იყო აქ, მეორე ჩამოსვლაზე მამაც ნახა. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მამაზე კი გავბრაზდი, რატომ აქამდე არ ვიცნობდი საკუთარ დას.

- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. შენ რა მოგცა ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?

- ყველაფრის თქმა არც ღირს, მაგრამ ბევრი რამ მომცა, იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, როცა მხედრიონი, არეულობები იყო ქალაქში. მთაწმინდაზე გავიზარდე, პირველ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი. დავძვრებოდით ბავშვები ამ აფეთქებულ პირველ სკოლაში და ტყვიებს ვაგროვებდით. რამდენიმე სამეგობრო მყავს - უბნის, სკოლის და თეატრალურის. ხულიგანი ბავშვები ვიყავით, მაგრამ კარგი ოჯახის შვილები. ჩვენზე ხულიგნებიც იყვნენ ქუჩაში, ზოგჯერ ისინი გვერეოდნენ, უფრო აზრზე იყვნენ ქუჩის, იმიტომ რომ დღე და ღამეს იქ ატარებდნენ. ჩვენც კი გაგვეგებოდა რაღაც, მაგრამ "ბულკზე" და რძეზე გაზრდილი ტიპები ვიყავით მაინც, უკან არასდროს ვიხევდით, მაგრამ ხშირად ვიჩაგრებოდით.

- ძალიან რთული პერიოდი იყო, ნარკოტიკი, იარაღი, ცდუნების წინაშე არ მდგარხარ?

- ეს ყველაფერი გამოვიარე. ნარკოტიკიც არ ყოფილა უცხო ჩემთვის, ოღონდ ისე არ გამიგოთ, რომ ეს მეამაყება. ძალიან ჩამოუყალიბებელი ტიპი ვიყავი. ძალიან დამეხმარა განიკო, ჩემი მეუღლე, მან წუმპიდან ამომიყვანა. მანამდე ამის მცდელობა დედაჩემს ჰქონდა. დედაჩემს უნდოდა ბიზნესმენი ვყოფილიყავი და ცუდი ბიჭი რომ გავხდი, დედა მიხვდა, აქ ჩემი გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ქუჩას გამარიდა. გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად. ბოლო ორი წელი იქაურ სკოლაში ვიარე. თუკი რამე უბედურება ხდებოდა ჩემს თავს, ყველაფერი მაშინ, როცა მამა თბილისში არ იყო. ვიღაცებს ვესროლეთ და დაგვიჭირეს.

- რატომ ესროლეთ?

- სულელები ვიყავით. კი არ გავარტყით, უბრალოდ, ვესროლეთ, ვიბლატავეთ. გარტყმაც გვინდოდა იდეაში, მაგრამ ვერ გავარტყით. ბევრნი იყვნენ ისინი, ჩვენ ორნი. მოკლედ, გამარიდა დედამ აქაურობას.

- ამან გაამართლა?

- გაამართლა. სულ სხვა სამყარო დავინახე, კომპლექსებისგან გავთავისუფლდი. მივხვდი, რას ნიშნავს ადამიანის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. ენა ვისწავლე, კალათბურთსაც ვთამაშობდი საარბრუკენში, გუნდში ვიყავი. რომ მოვდიოდი და მაცილებდნენ თანაგუნდელები, "ლიგის საუკეთესო უცხოელი" დამაწერეს მაისურზე. ჩამოვედი თუ არა... "ბირჟაზე" გავედი. დამადგა "კამანდა", ისე მცემეს... სანამ მე გერმანიაში ვიყავი, ჩემს ძმაკაცებს რაღაცები ჩაუდენიათ აქ. გამოვიდნენ ტიპები და დავხვდი მე. ჩემს ძმაკაცებს აგინებდნენ და ჩუმად ხომ არ ვიდგებოდით?! მცემეს. დიდებული დახვედრა იყო... იდეაში ეკონომიკურზე უნდა ჩამებარებინა და ისევ გერმანიაში დავბრუნებულიყავი, იქ უნდა გამეგრძელებინა სწავლა. მერე ჩემს მეგობარს გავყევი თეატრალურში. იქ მითხრეს, აბა, გამოდი, რამე გააკეთეო. ბევრი ვიმაიმუნე. რა ნიჭიერია ეს ბიჭიო, თქვეს. ეს "რა ნიჭიერია" ჩამრჩა, ორ კვირაში გამოცდები იწყებოდა თეატრალურში და ჩავაბარე.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- დიდი სიყვარული შემიძლია. ადრე სწრაფად მიყვარდებოდა, ზოგჯერ რამდენიმეც მიყვარდა ერთად (იღიმება). ცალმხრივადაც ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ ოცი წელი, როგორც დიტოს კატო უყვარს, არა. საერთოდ, იოლად ვამბობდი სიტყვას "მიყვარხარ". პირველად რომ დავქორწინდი, მაშინაც იოლად ვთქვი ეს სიტყვა (კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო - ავტ.). ორი თუ სამი წელი ვიყავით ერთად. მე 20 წლის ვიყავი, მარიამი 19-ის, ბავშვები ვიყავით. ვერ გავუგეთ და დავიშალეთ, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. მერე ისევ დავიწყე ხულიგნობა. ვიბოდიალე აქეთ-იქით, სამი თვე დაჭერილიც ვიყავი.

- რა დააშავე?

- პრემიერამდე სამი დღით ადრე სამეფო უბნის თეატრში ჩემმა დეგენერატმა რეჟისორმა რაღაც მომიტანა. თურმე მოჰყვებოდნენ უკან. აქეთ-იქიდან გვეცნენ უცბად და ოპ, წაგვიყვანეს. სამი თვე ვიჯექი "კამერაში", მაშინ ქურდებიც ისხდნენ ციხეში - ძალიან სერიოზული გამოცდილება გამოდგა ეს სამი თვე ჩემთვის. უბედური ხარ, მაგრამ ურთიერთობებს სწავლობ. იქ ისხდნენ ტიპები მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის. გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, შიგნით სხვა ამბები ხდება.

- პრემიერა?..

- სხვამ ითამაშა. საპროცესო გარიგებით გამოვედით მეც და ჩემი რეჟისორიც. იცით, რას გადავრჩი? ჩემი გამოსვლიდან მეორე დღეს ბუნტი ატყდა ციხეში. იმ საკანში, სადაც მე ვიყავი, ავტომატი შეყვეს და ჩემ გვერდით "შპონკაზე" ტიპი მოკლეს.

- გახმაურებულ ახალაიას დროინდელ ბუნტზე გვიყვები?

- ჰო, სწორედ მაგ ბუნტზე, 2004 წელს. გამოსვლის წინა დღეს სასამართლოზე რომ გავყავდით, გვჩხრეკდნენ, ჯიბეებში მქონდა ხელები. ჯიბეში რა გიდევსო, მკითხეს, არაფერი-მეთქი. ამოიღეო, როგორ უნდა ამოვიღო, თუ ხელი არ ამოვყავი ჯიბიდან-მეთქი. შენ რა, "ბლატნოი" ხარო, არა, მსახიობი ვარ-მეთქი. დამიწყეს ცემა. ჩემი რეჟისორი ყვიროდა სახეში არ დაარტყათ, მსახიობიაო, და პირიქით, უფრო მაგრად მირტყეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დამჭირდა... წლების შემდეგ ტელეკომპანია "მზეში" ვნახე განო. ძალიან საყვარელი იყო, ლამაზი. მანამდე წითელთმიან, ჭორფლიან გოგოზე ვოცნებობდი. ეგრევე შემიყვარდა. ფილმს ვახმოვანებდით ერთად. ეტყობა, მასაც გაუჩნდა რაღაც გრძნობა. იმიტომ, რომ პირველივე დღეს ხელი რომ ჩავკიდეთ ერთმანეთს, ხელჩაკიდებულები ვახმოვანებდით. ვერც მივხვდით, როდის ჩავკიდეთ ხელი. მას მერე სულ ასე ხელჩაკიდებულები დავდიოდით. მეგობრები რომ მხვდებოდნენ, არ ვიცოდი როგორ გამეცნო, მარტო სახელს ვეუბნებოდი. მერე, როგორც იქნა, გავბედე და ვუთხარი, რომ მიყვარდა. თავის დაბადების დღეზე ამწეთი მივადექი მის აივანს, ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი. გადმოვიყვანე აივნიდან განო, მეჯვარეები წავიყვანე და წავედით კონკაზე. მას მერე უკვე ექვსი წელია ერთად ვართ. ორი შვილი გვყავს, 4 წლის ტასო და 1 წლის თარაში.

- კოტე, როგორ გგონია, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

- მოსიყვარულე, ერთგული მამაკაცი გვერდით. ეს ურთიერთობა სწრაფმავალ მატარებელს ჰგავს, თუ ჩაები, აუცილებლად გაგიყვანს სამშვიდობოს. მე განოს ჩავები და გამომიყვანა. რამდენი უბედურება მოგიყევი. ამ ყველაფრიდან განომ მიხსნა. ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა, პროფესიაც, ოჯახიც.

- მეგობრებიც?

- ნამდვილ მეგობრებს არასდროს დაკარგავ. ისინი გამუდმებით გიჩიჩინებენ, რომ აზრზე მოხვიდე. ჩემი მეგობრები ბევრჯერ დამეხმარნენ, მაგრამ ყველაზე მეტად სიყვარული დამეხმარა.

- კოტე, თვითონ რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს?

- პირველ რიგში, ისე ვექცევი, როგორც თანატოლებს. ჩემს უფროს შვილს მამაჩემის სახელი ბუკა ჰქვია, 13 წლის არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთო თვისება გვაქვს, ადვილად სწყინს, ემოციურია, იმავდროულად რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ბავშვობაში ვეუბნებოდი, მიდი, მამი, იჩხუბე, თუ ვერ ერევი, უკნიდან ჩაარტყი-მეთქი (იცინის). ერთი-ორჯერ გააკეთა კიდეც, დამიჯერა. ახლა ვხვდები, რომ სისულელეებს ვასწავლიდი, თვითონ ვიყავი ბავშვი, მაგრამ არ მინდოდა დაჩაგრულიყო, მინდოდა თავის გატანა შესძლებოდა, თავდაცვა, თუნდაც მუშტით. კარგად სწავლობს, ჭკვიანია. მსახიობობა უნდა. მართალი გითხრათ, არ მინდა ამ პროფესიას გაჰყვეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

- ძალიან პოპულარულია თინეიჯერ ბიჭებში შენი გმირი სერიალში, დიტო, კატოსნაირ ცოლზე რას იტყვი?

- (იცინის) კატასტროფაა. მთელი ხიბლიც ისაა, რომ ასეთი გოგო ოცი წელი უყვარდა, ამდენი რამ აპატია და ბოლოს გვერდში დაიყენა. ჩვეულებრივი, მოსიყვარულე, ცოტა ჯუჯღუნა ტიპია.

- დიტო-ქმარი თუ ჰგავს კოტე-ქმარს?

- პრინციპში, ყველა ქმარი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. დიტო არ არის ცუდი ქმარი. ალბათ არც მე. არ ვიცი, ჯობს ეს განოს ჰკითხოთ.

- დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ... რომელი მცდარი ნაბიჯი გახსენდება ყველაზე ხშირად, როცა უკან იყურები?

- ვნანობ, რომ გავიკეთე ნემსი. ვნანობ, მშობლებს რომ ვაბრაზებდი. არასდროს დამავიწყდება მამაჩემისა და დედაჩემის სახე, ბორკილები რომ დაგვადეს მე და ჩემს რეჟისორს. ისე მრცხვენოდა, ქურთუკის სახელოთი ვმალავდი ბორკილებს. ასეთ მომავალს არ მიმზადებდნენ ჩემი მშობლები და მრცხვენოდა, რომ ისინი გავაწბილე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება