ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოველებმა პიკეტი მოაწყვეს

ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოველებმა პიკეტი მოაწყვეს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონის, ნიკოლოზ ცისკარიძის მხარდასაჭერად მოსკოვში, დიდი თეატრის წინ მდებარე რევოლუციის მოედანზე პიკეტი  მოეწყო. რადიოსადგურ Эхо Москвы-ს ინფორმაციით, აქციაზე 50 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ცისკარიძის დიდი თეატრიდან დათხოვნას აპროტესტებდნენ.

მონაწილეები აქციაზე ცისკარიძის პორტრეტებითა და პლაკატებით მივიდნენ. "დიდო! ცუდად იქცევი!", "ცისკარიძე - რუსეთის სიამაყე!"  - ეს წარწერები ამშვენებდა მონაწილეთა პლაკატებს, რომლებიც დიდი თეატრისგან ცისკარიძისთვის კონტრაქტის 5 წლით გაგრძელებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის კულტურის მინისტრის, ვლადიმირ მედინსკისთვის წერილი შეადგინეს, რომელსაც დიდი თეატრის დირექტორ ანატოლი იკსანოვზე ზეწოლის მოხდენას სთხოვენ, რათა ამ უკანასკნელმა ბალერონთან კოტრაქტი არ გაწყვიტოს.

ცისკარიძემ Эха Москвы-ის ეთერით მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეთიკური მიზეზების გამო აქციაზე არ მივა. მან ასევე დასძინა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია სად იმუშავებს.

იმის შესახებ, რომ დიდი თეატრი ცისკარიძესთან, როგორც მსახიობთან, ისე პრედაგოგ-რეპეტიტორთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს, ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ორივე კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება.

თეატრის ხელმძღვანელობასა და მოცეკვავეს შორის კონფლიქტი  2011 წელს დაიწყო. მაშინ ცისკარიძემ დიდი თეატრის ხელმძღვანელობა თეატრის ისტორიული სცენის რეკონსტრუქციის ხარისხის გამო გააკრიტიკა. ბალერონს არაერთხელ განუცხადებია, რომ მას თეატრის ხელმძღვანელობა დევნის. თეატრში კი იგი დირექტორის პოსტის მოსაპოვებლად  ინტრიგებში დაადანაშაულეს.

კონფლიქტი საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინზე თავდასხმის შემდეგ გამწვავდა. თეატრში განაცხადეს, რომ ცისკარიძემ დიდი თეატრის ხელმძღვანელობის კრიტიკით თეატრში უარყოფითი ატმოსფერო შექმნა, რასაც ბალერონი კატეგორიულად უარყოფს.

მომზადებულია Lenta.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება