რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც უცხოელი ვარსკვლავის კონცერტზე ბილეთს ვყიდულობთ

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც უცხოელი ვარსკვლავის კონცერტზე ბილეთს ვყიდულობთ

როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველოში რუსი მომღერლის ზემფირას კონცერტი ტექნიკური მიზეზების გამო ჩაიშალა,  ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ზემფირას ფანები ფილარმონიის სალაროებს მიაწყდნენ. 

დღეს საქართველოში საკმაოდ მწვავე თემაა, უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანა, მათი ღირსეული დახვედრა, შესაბამისი ჰონორარის გადახდა... ამას ჩვენთან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს. მათ შორის არის დათო ოქიტაშვილი, რომელიც ბოლო დროს ამ მიმართულებით მეტად გააქტიურდა. მის პრაქტიკაში, ფაქტობრივად, ვერც კი იხსენებს ფაქტს, როცა დაგეგმილი კონცერტი ჩაეშალა, ან თავი ვერ გაართვა ნაკისრ ვალდებულებას... "ამბები.გე" დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა.

- დათო, ალბათ, იცით, რომ ზემფირას კონცერტი ჩაიშალა... რას მიიჩნევთ იმის მიზეზად, რომ საქართველოში ნორმალურად ვერ ხერხდება (იშვიათი გამონაკლისების გარდა), უცხოური ვარსკვლავების ჩამოყვანა და მათი მასპინძლობა?

- უპირველესად იმიტომ, რომ ბევრი არაპროფესიონალი ჰკიდებს ამ საქმეს ხელს. უნდა გითხრათ, რომ ლატვიელი კრილი ხიმიჩევსი (კომპანია "ლაივ კონცერტის"…გენერალური დირექტორი) მეც დამიკავშირდა და ზემფირას ჩამოყვანასა და მის კონცერტთან დაკავშირებით, თანამშრომლობა მთხოვა (რომ ქართული მხარე მე ვყოფილიყავი) და მანვე მომიყვა იმ ფესტივალის ("ოაზისი") შესახებ, რომელიც მცხეთაში ქართულ მხარესთან ერთად გამართა და სადაც ქართველებისგან პრობლემები შეექმნა. ამიტომ დახმარებას მთხოვდა. მის წინადადებას არ დავთანხმდი, რადგან ჩემგან უხერხული იყო, სხვების მიერ დაწყებულ საქმეში ორი კვირით ადრე ჩავრთულიყავი...

რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ზემფირას კონცერტი ვეღარ გაიმართება. გული იმაზე მწყდება, რომ ასეთი ვაიორგანიზატორების წყალობით, ზოგადად სახელი ყველას უფუჭდება, ვინც ამ ბაზარზე წლებია საქმიანობს... ამასთან, აღშფოთებულები არიან ადამიანები, ვინც ბილეთები შეიძინეს და ზემფირას კონცერტს მოუთმენლად ელოდებოდნენ. ისინი სამომავლოდ ხომ არავის ენდობიან. 

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი იმას, ვის ენდოს და ვის - არა?

- მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს მივმართავ: წინასწარ კარგად გამოიკვლიონ იმ ორგანიზატორის შესახებ ყველაფერი, თუ რა გაუკეთებია, რა აქვს აქტივში და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ... ზემფირა, როგორც გავიგე, ამ ფაქტის გამო გაბრაზებულია, რადგანაც მომღერალი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა.

- იქნებ რაიმე კანონით მოხდეს იმის აკრძალვა, რომ ყველას არ ჰქონდეს ასეთი გრანდიოზული ღონიძიების ჩატარების უფლება?

- ამ საქმიანობას კანონი ვერავის აუკრძალავს. ისევ ადამიანები უნდა გააქტიურდნენ. მეტი ყურადღება გამოიჩინონ და ამა თუ იმ პერსონის საქმიანობის მიმართ (ვინც კონცერტის ორგანიზატორად აცხადებს თავს), მეტად გაეცნონ მას და ფილარმონიაში ბილეთები ისე შეიძინონ. უკვე ნახსენებ მცხეთის ფესტივალ "ოაზისზე", რომელსაც იმავე ადამიანებმა გაუკეთეს ორგანიზება, ტექნიკური პერსონალი, მათ შორის ხმის რეჟისორი გენა მამედოვი, უჰონორაროდ დარჩა. ასეთი ბევრია.

- ორგანიზატორებმა განაცხადეს, ზემფირას კონცერტი მოგვიანებით (შემოდგომაზე) გაიმართებაო...

- ეგ ინფორმაცია ჩემთვის ჩინურივით არის...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება