"მანდარინები" - ქართული კინო, რომელმაც ფრანგები, ამერიკელები და კორეელები აატირა

"მანდარინები" - ქართული კინო, რომელმაც  ფრანგები, ამერიკელები და კორეელები აატირა

ქართული ფილმი "მანდარინები" ვარშავის "ა კლასის" კინოფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა: ერთი საუკეთესო რეჟისურა გახლავთ, მეორე - მაყურებლის პრიზი...

რეჟისორ ზაზა ურუშაძის წარმატებული ნამუშევარი, სადაც სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და ჟანრობრივად დრამაა, აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს: ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი, დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი მეომრის დამოკიდებულებამ, ანუ მტრების ერთ ჭერქვეშ ურთიერთობამ, მათი დაპირისპირებისა და შერიგების დაძაბულმა ამბავმა, რომელსაც რეჟისორი საოცარი ოსტატობით გვთავაზობს, არა მარტო ქართველები, სხვა ქვეყნის შვილებიც ააღელვა.  

ასე რომ, პირველი ქართულ-ესტონური პროექტი ურიგო არ გამოსულა, რომელშიც ქართველ მსახიობებთან ერთად, ესტონელები შესანიშნავად თამაშობენ...

- ზაზა, ალბათ ელოდით კიდეც გამარჯვებას, რომ ფილმი ჟიურის უყურადღებოდ არ დარჩებოდა, არა?

- ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ სულ არ ველოდი-მეთქი. იმედი მქონდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან მთელი მსოფლიოდან ბევრი კარგი ფილმი იყო წარმოდგენილი. მაგრამ ორი პრიზის აღება - საუკეთესო რეჟისურა და მაყურებლის პრიზი - უკვე სერიოზული რამ არის...

- სულ რამდენი ფილმიდან შეირჩა თქვენი ნამუშევარი?

- თავიდან 2000 ფილმამდე იყო და მერე სხვადასხვა ეტაპი გაიარა...…

- ჟიურიში ვინ იყვნენ?

- ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი არავინ გახლდათ, მაგრამ პროფესიონალებისთვის სოლიდური ჟიური იყო, მთელი მსოფლიოდან კინოს სერიოზული სპეციალისტები იყვნენ. ეს იყო ვარშავის "ა კლასის" ფესტივალი და რა თქმა უნდა, კარგია, რომ სწორედ იქ მოხვდა ჩვენი ფილმი და უყურადღებოდ არ დარჩა. ხანდახან ხდება ხოლმე გულისწყვეტა იმის გამო, რომ ჟიური მაინც სუბიექტურია...

- დარბაზში ბევრი ხალხი დაესწრო ჩვენებას?

- სამი ჩვენება გაიმართა და სრული ანშლაგები იყო. ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა. ადგილები არ იყო, იატაკზეც ისხდნენ და ფეხზეც იდგნენ. მოკლედ, სერიოზული დასწრება გახლდათ, რომ ვაკვირდებოდი, ყველა გულწრფელად რეაგირებდა... წარმოიდგინეთ, ერთად რომ სხედან - ამერიკელი, კორეელი, ფარნგი და ყველას ერთნაირი რეაქცია რომ აქვს... ბევრი ტიროდა. გარდა იმისა, რომ ჟიურიმ საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი გასცა, მთელმა ფესტივალმა ხმა მისცა როგორც საუკეთესო ფილმს.

- ფილადი ჯილდო მიიღეთ?

- კი, "რეჟისურა" ფულადი ჯილდოთი აღინიშნა, მაყურებლის სიმპათია - არა. კარგი რეცენზიები და რევიუები დაიბეჭდა... ეს ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის უდიდესი სიხარულია და ამასთან, ქვეყნისთვისაც კარგია: "ა კლასის" ფესტივალზე ასეთი პრიზები არც ისე ბევრი გვაქვს მიღებული...

- როგორც გავიგე, მორიგ ფესტივალზე ისევ მიემგზავრებით. რას ელით?

- 2 ნოემბერს მანჰერ ჰელდერბერგში მივემგზავრებით. წინასწარ ძნელია ლაპარაკი, რა მოხდება, მაგრამ მსოფლიო საზოგადოებამ "მანდარინები" ისე მიიღო, რომ უკვე იქაც გამარჯვებას ველოდები...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება