შეეწირება თუ არა მარინა ბერიძე მომღერლების აგრესიას და მისი კომენტარი შოუბიზნესურ აჟიოტაჟზე

შეეწირება თუ არა მარინა ბერიძე მომღერლების აგრესიას და მისი კომენტარი შოუბიზნესურ აჟიოტაჟზე

შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის, მარინა ბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" დამფუძნებელი ნანა თხელიძე აცხადებს, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროში განაცხადების შეტანის თაობაზე.

მომღერლები აცხადებენ, რომ მარინა ბერიძემ მათ უნიჭოები უწოდა და ამით ახსნა მათი კონცერტებზე მიუწვევლობა. ჯემალ სეფიაშვილი აცხადებს, რომ მარინა ბერიძეზე საუბარი მისდამი დიდი პატივისცემის გამოხატულება იქნება.

"მე ვთვლი, რომ ამ პიროვნებაზე საუბარი იქნება ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულება მის მიმართ. მაგრამ ერთი რამ ცხადია, განსჯის საგანი უნდა გახდეს მისი ქმედებები დაწყებული არტ-იმედიდან, განსაკუთრებით ამ ქმედებების მორალური მხარე", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილი.

მომღერალი კახა კუხიანიძე მარინა ბერიძეს დაკვრის სწავლას ურჩევს და ამბობს, რომ დროა მისი ეპოქა დასრულდეს.

"მოვითხოვთ მარინა ბერიძის გადაყენებას, იმიტომ რომ, ეს ადამიანი კვლავ იმ ქმედებებს აგრძელებს, რაც აქამდე იყო, კვლავ მოქმედებს შავი სიები, თავისი გემოვნებით ამორჩეული მომღერლები და რამდენიმე მომღერალს უნიჭოს გვიწოდებს. მე ასე არ ვფიქრობ და მაქვს იმის ამბიცია, რომ ვიდგე სცენაზე. მე მაქვს ნიჭი, განსხვავებული ტემბრი და შემიძლია ვიყო განსხვავებული და ინდივიადუალური. რადგან მარინა ბერიძეს არ მოვწონვარ, ველოდო კიდევ მას 10 წელი? არცერთ გალა-კონცერტში არ მიმიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ მარინა ბერიძეს არ მოვწონვარ", - აცხადებს კუხიანიძე.

მისივე თქმით, მარინა ბერიძემ აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი.

"მე ვცადე მასთან სატელეფონო საუბარი, მაგრამ ტელეფონში კიოდა. ჩემი აზრით, ეს არა მარტო მომღერლების, არამედ ბევრი ადამიანის მოთხოვნაა.", - აღნიშნა კუხიანიძემ.

მისივე თქმით, მარინა ბერიძეს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული. "აღარ გვინდა, შეგვეშვას, გვინდა ვიცხოვროთ და ვიმღეროთ სცენაზე. პროფესიით არის აკომპანიატორი და დაკვრა არ იცის. ჯობია ისწვლოს დაკვრა და თუ რამე, მერე დამკვრელად დავუძახებთ, არ არის პრობლება. მაგრამ მაგის დაკრულზე არ ვივლით."

"ამბები.გე" მარინა ბერიძესაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ამ ადამიანების მოთხოვნა არის ის, რომ მარინა ბერიძე არ არსებობდეს.

"სამინისტროდან კი არ უნდათ ჩემი წასვლა, არამედ არ უნდათ ჩემი არსებობა. რა გავაკეთო? ყველა მთავრობის დროს ვმუშაობდი, მართლა ქვეყნის დამბლოკავი ვყოფილვარ ეს ერთი ქალი. მე 8 წელი "ჯეოსტარის" მეტი არაფერი გამიკეთებია. ყველა საბუთი რომ ამოიღოთ, არცერთი გალა კონცერტი მე არ გამიკეთებია. თუ რეგიონიდან ჩამოყვანილი ბავშვების გაზრდა არის დასჯა, დაე დამსაჯონ", - განაცხადა ბერიძემ.

იგი ასევე უარყოფს მომღერლების უნიჭოდ მოხსენიების ფაქტს და აცხადებს, რომ ნანა თხელიძე, რომელიც მის წინააღმდეგ სხვადასხვა მოთხოვნით გამოდიოდა, სასამართლოში ჩივილს იმსახურებს.

"თხელიძე ამბობდა, რომ ხელებს მოვაჭრი, ფეხებს მოვაჭრიო, თავს გადავხოტრავო, მე წესით სასამართლოში უნდა მივდიოდე. ეს არის მუქარა. ერთი კი ვიცი, რომ ნიჭიერ ადამიანს არსად ჩასმა არ ჭირდება."

ბერიძე მიიჩნევს, რომ მომღერლების მოთხოვნა მის გადაყენებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დაკმაყოფილდეს.

"თუ უნდათ მიტინგი მოაწყონ, ეგეც არ არის ჩემთვის პრობლემა. სულ ვიძახი, წავალ, კლუბში არტ-მენეჯერად, მაგრამ არ ჩავირეცხები, იმიტომ რომ, ჩარეცხვა როცა გინდა, მაშინ გრეცხავენ", - აღნიშნა ბერიძემ.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ამავე თემაზე |  ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება