ცნობილთა პოლიტიკური და აპოლიტიკური სურვილები - ვინ რას ითხოვს თოვლის ბაბუისგან?

ცნობილთა პოლიტიკური და აპოლიტიკური სურვილები - ვინ რას ითხოვს თოვლის ბაბუისგან?

მსახიობი კოტე თოლორდავა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ჩემი განზრახვა გავუზიარე. იმედი მაქვს, თოვლის ბაბუ არ გამაწბილებსო, მითხრა და წერილის წერას შეუდგა: 

"ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, სხვადასხვა სახელებად წოდებულო! მიუხედავად უამრავი გაწბილებული ბავშვისა, საბოლოო ჯამში, მაინც კეთილო და მითურო თოვლის ბაბუ! მოგესალმები და პირდაპირ საქმეზე გადავალ. თუ რამე შეგიძლია, გააკეთე, ძალიან გთხოვ და ამ მართლა მძიმე წლის დასასრული უმტკივნეულოდ ჩაიბარე. ჯანმრთელობით სავსე ახალი წელი მოიყვანე, ძალიან გთხოვ.

პატივისცემით, კოტე თოლორდავა.

ვისაც შენი არსებობის სჯერა, თხოვნებით ისინი მოგმართავენ".

წერილის დაწერას რომ მორჩა, გამიმხილა:

- აზრობრივად ყოველთვის ვიცოდი, თოვლის ბაბუისთვის რა უნდა მეთხოვა, მაგრამ ჩემი სურვილები ფურცელზე პირველად გადავიტანე. ახლა, როგორც არასდროს, ისე მინდა, ეს ნატვრები შემისრულოს. თოვლის ბაბუის არსებობის დიდხანს მჯეროდა და დღესაც მჯერა.

- როგორი იყო ის შენს ბავშვურ წარმოდგენაში?

- ცხოვრებაში რეალური ბაბუები არ მყავდა და ჩემი თოვლის ბაბუა ვიზუალურად ძალიან ჰგავდა მამას. მამა გემის ნამდვილი კაპიტანი იყო. წელს ცოტათი დაძაბული პერიოდები მქონდა. იმედი მაქვს, ყველაფერი ცუდი 2013 წელს გაჰყვება და ახალი ბედნიერი წელი დაიწყება.

- სიურპრიზების დიდოსტატი ხარ, ამაზე არაერთხელ გისაუბრია, მაგრამ საახალწლო სიურპრიზებზე - არასდროს.

- არც მე და არც განოს ახალი წლის ზეიმი დიდად არ გვხიბლავს. ჩვენ დღესასწაულებისთვის თარიღები არ გვჭირდება. ამ ბოლო დროს, ყოველ ახალ წელს თოვლის ბაბუის როლში ვარ, ჩემი შვილებისთვის, ახლობლების ბავშვებისთვის და ამით, მათზე მეტად ვბედნიერდები.

- ვერ გცნობენ?

- ვერ მცნობენ. ბავშვებს ხომ დაჯერების დიდი ნიჭი აქვთ. მეკვლეობაც მიყვარს, წლის ბოლოს რამეს ცუდს თუ არ მომაძახებენ. განო მეუბნება, დაძაბული წელი იმიტომ გვქონდა, რომ წინა წელი ცუდად გავაცილეთო. 2013 წელს მართლა არეულად, არაორგანიზებულად შევხვდით. წვრილმანებმა და ყოფამ გვშთანთქა. მატერიალურადაც დიდად კარგად ვერ ვიყავით. მაგრამ ჩვენს ოჯახს ერთი დიდი კოზირი აქვს - ნებისმიერი პრობლემის დიდი სიყვარულით დაძლევა.

- როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ ბედნიერება დაგვებედოს?

- ოპტიმიზმი აუცილებელია. სამყაროში რა ენერგეტიკასაც გასცემ, უკანვე გიბრუნდება. განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ოჯახში დადებითი ენერგეტიკა ტრიალებს, იქ პრობლემებიც ადვილად გვარდება.

- სამზარეულოში შენს როლზე რას გვეტყვი?

- ო! ეს საინტერესოა, სამზარეულოში სასწაულებს ვაკეთებ.

- ხუმრობ?

- სიმართლეს გეუბნები, სამზარეულოს მეფე ვარ. მართალია, გოზინაყის გაკეთება არ ვიცი, მაგრამ უგემრიელეს კერძებს ვამზადებ. თავადაც გურმანი ვარ. მომწონს ევროპული კერძები, იმპროვიზაციის დიდ შესაძლებლობას მაძლევს.

- წელს "თოვლის ბაბუობა" ძვირი გიჯდება?

- ბავშვებმა თოვლის ბაბუას ისეთი წერილები მისწერეს, აღარ ვიცი, რა გავაკეთო. არითმეტიკაში ძალიან გავიწაფე, რომ დავითვალე, ჩემთვის ასტრონომიულ ციფრს მივუახლოვდი. ეგ არაფერია, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარი - მონდომებაა.

- შენს წერილს თოვლის ბაბუას აუცილებლად გადავცემ.

- მადლობა, რომ არ დამივიწყე.

- წერილებს იმ რესპონდენტებს ვაწერინებ, რომლებიც მთელი წლის მანძილზე კარგად იქცეოდნენ.

- (იცინის) დანარჩენებმა ისწავლონ, რატომ არ უნდა გააბრაზონ ჟურნალისტები. ახალ წელს ვულოცავ ჩემს ქვეყანას! მტერსაც და მოყვარესაც ვუსურვებ, რომ ეს წელი დიდი სიყვარულისა და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს!

მაია ასათიანი, ჟურნალისტი:

- ბავშვობიდან ახალ წელს სასწაულის მოლოდინით ველოდები, არათანამედროვე ბავშვი ვიყავი. თოვლის ბაბუის არსებობის გულწრფელად 10 წლამდე მჯეროდა. როცა გამიმხილეს, თოვლის ბაბუის მოტანილ საჩუქრებს დედა ყიდულობდა, ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს.

- მაშინ თოვლის ბაბუას რას სწერდი?

- არაფერს არ ვწერდი, მეგონა, რასაც ჩავიფიქრებდი, რაზეც ვოცნებობდი, თოვლის ბაბუა ყველაფერს უთქმელად ხვდებოდა და ის საჩუქარი მოჰქონდა, რომელიც გულით მინდოდა.

- ახლა რას მისწერ?

- ეს ჩემი პირველი წერილია.

"ძვირფასო თოვლის ბაბუა!

მაშინ, როცა მჯეროდა იმის, რისიც ახლა აღარ მჯერა, წერილს არასდროს გწერდი...

ეს ჩემი პირველი წერილია, უკვე დაღვინებული...

მინდა, რომ არსებობდე, მეტი არაფერი! მინდა, რომ სადღაც შორს არსებობდეს ვიღაც, ვინც წელიწადში ერთხელ მაინც მიხვდება, რა მინდა...

შეუძლებლად ჟღერს? ალბათ...

შენი მაია ასათიანი

2013 წლის დეკემბერი".

- სულ ეს არის?

- მენატრება ის პერიოდი, როცა არაპრაგმატული ვიყავი და საკუთარ თავს იმის უფლებას ვაძლევდი, რომ ცოტა მეფიქრა და ბევრი მეოცნება.

- შენი თოვლის ბაბუა როგორ გამოიყურებოდა?

- ჯადოსნური იყო, უხილავი, არ ჩანდა, მაგრამ მახარებდა. ხვდებოდა, როდის როგორ ხასიათზე ვიყავი. 12 საათზე, როცა გარეთ ფეიერვერკი იწყებოდა, ბაბუას გარეთ გავყავდი. შინ დაბრუნებულს, საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ მხვდებოდა. ბოლო წლებში (ალბათ ეს ჩემი პროფესიის თანამდევია) მაქვს განცდა, ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ჩემგან რაღაც უნდათ და არავინ არასდროს მეკითხება, მე როგორ ვარ და რა მინდა. ამის დეფიციტი მაქვს. იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უკითხავს, - მაია, როგორ ხარ? ჩემი სურვილია, არსებობდეს თოვლის ბაბუა, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც დაინტერესდება და გამახარებს.

- ახალი წლის ღამეს რა სურვილს ჩაუთქვამ?

- ჩემი შვილი ბედნიერი იყოს, მეტი არაფერი მინდა.

"კომედი გრუპის" მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი ამბობს, რომ თოვლის ბაბუას გაწბილებული არასდროს დაუტოვებია. ბავშვობაში ყველა სურვილს უსრულებდა. მანქანები და ველოსიპედები სწორედ თოვლის ბაბუის წყალობით ჰქონდა. ახალი წლის წინა დღეებში, ამ მითურ არსებას კიდევ ერთ უცნაურ ნატვრას ანდობდა:

- თოვლის ბაბუს ვთხოვდი, შუქი მოსულიყო და მოჰყავდა. ჩემს შვილთან ერთად თოვლის ბაბუის მოსვლას წელსაც მოუთმენლად დაველოდები, მანამდე კი მივწერ:

"მე ისევ ისე მიყვარხარ, კეთილო სანტა!!! დიდი ხანია, შენთვის არაფერი მითხოვია. გთხოვ, მე აღარ მინდა საჩუქარი და ჩემს ბიჭუნას - ანდრიას მოუტანე ზამთრის სასრიალო ციგა. იმიტომ, რომ კარგად დაისვენოს ბაკურიანში.

ვახო ბიჭიკაშვილი

კომედი შოუ და ღიმილის სმაილიკი".

- ხიფათიანი ადამიანი ვარ. ახალ წელს ხან ფეხი "მიფეთქდებოდა", ხან - ხელი. ბნელ წლებში ჩემი საახალწლო გასართობი "ასაფეთქებლები" იყო. ერთ წელს სროლა მეზობლის ბავშვებთან ერთად, 11 საათზე დავიწყეთ. მე მალე გამომელია, მაგრამ გამოსავალი ვიპოვე, ისინი რომ მომეტყუებინა, აივნიდან ანთებულ ასანთს ვაგდებდი, ვითომ ასაფეთქებელი იყო.

- ახალ წელს სად ხვდები?

- რუსთავში კონცერტი მიმყავს. სახლში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ...

- საახალწლო სამზადისში ერთვები?

- ნაძვის ხის მორთვა ყველაზე მეტად მე მიხარია. ნამდვილად სასიამოვნოა. სახლში ვეებერთელა ნაძვის ხე გვაქვს, ახალ წლამდე 3 კვირით ადრე მოვრთე. სათამაშოებს შორის 2 ვარსკვლავი გვაქვს, ერთს "სოფო" აწერია, მეორეს - "ვახო", ახლა ვეძებთ მესამე ვარსკვლავს, რომელსაც ჩვენი შვილის სახელი - "ანდრია" ეწერება.

- სამზარეულოში რამე გაგეგება?

- რას მელაპარაკები, პროფესიონალი ვარ. სუპერმარკეტში რამდენიმე დღით ადრე მივდივარ და მერე დიდი ამბები იწყება. ხორცეულს თავად ვამუშავებ. სოკოსგან უამრავი სახეობის სალათასა და კერძს ვამზადებ. თეორიულად გოზინაყის გაკეთებაც ვიცი, მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს მომიმზადებია.

- ელისო, თქვენთვის 2013 წელი როგორი იყო?

ელისო ჩაფიძე, პარლამენტის წევრი:

- 2013 კარგი წელი იყო. მართალია, სირთულეებით დაიწყო იმ ოლქში, რომლის წარმომადგენელიც პარლამენტში ვარ, მაგრამ სადაზღვევო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მდგომარეობა ცოტათი შემსუბუქდა. წელს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში 67 შეხვედრა გავმართე. "ქართულმა ოცნებამ" მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და ამაში ქართველი საზოგადოება მალე დარწმუნდება. ეს წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი და წარმატებული, რომ დავოჯახდი. 2014 წელს თითოეული ჩვენგანის გულებში, ოჯახებში დიდი სითბო, სიკეთე და სიხარული შემოეტანოს!

- თოვლის ბაბუის არსებობის რა ასაკამდე გჯეროდათ?

- (იცინის) დღესაც მჯერა. ჩემს ბავშვობაში, თოვლის ბაბუა ნამდვილ ბაბუასთან - ალექსანდრე ჩაფიძესთან ასოცირდებოდა. ბაბუა უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ახალი წლის დადგომას ყველას განსაკუთრებულად და თავისებურად გვილოცავდა. მის პიჯაკს იმდენი ჯიბე ჰქონდა, რამდენი შვილიშვილიც ვყავდით. როცა ჩემი ძმა დაიბადა, პიჯაკს კიდევ ერთი ჯიბე დაამატა. ყველამ ვიცოდით, რომელი რომლის ჯიბე იყო და ტკბილეულსა და საჩუქრებს იმ ჯიბეში ვეძებდით.

- ბაბუა როგორ გილოცავდათ?

- ჩვენთან ბარბარობას, ახლით და ძველით ახალ წელს მეფეხურობის ანუ მეკვლეობის ტრადიციას იცავდნენ. ბაბუამ ფოლკლორიდან ბევრი რამ იცოდა. ახალი წლის ღამეს შინ ბზის ტოტი შემოჰქონდა, ბუხარში ატრიალებდა და ილოცებოდა.

- ბზის ტოტს რა დატვირთვა აქვს?

- როცა ბზა იწვის, ნაპერწკლებს ყრის. ბაბუა ილოცებოდა, ღმერთმა ოჯახს ბარაქა მისცეს, სიყვარული, სიკეთე, კეთილდღეობა არ მოაკლოსო!

- წელს საკუთარ ოჯახში ახალ წელს პირველად ხვდები, ალბათ განწყობაც განსხვავებული გაქვთ.

- დიახ. ძალიან გვინდა, ოჯახის წევრებმა ახალი წლის საღამო ერთად გავატაროთ. შარშან ამ დღეს ტყიბულში ვიყავი, სადაც კონცერტი იყო, მერე დედასთან, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად შევხვდი. წელს შეიძლება, ტყიბულში შევხვდეთ და დათოს მშობლები ჩამოვიყვანოთ, ან თბილისში მათთან ჩამოვიდეთ და ყველანი ერთად შევხვდეთ. სიმართლე გითხრა, თბილისი და ჩემი ოჯახის წევრები ძალიან მომენატრნენ.

- წინასაახალწლო სამზადისში რამდენად აქტიურად ერთვებით?

- ოჯახში, საახალწლო სამზადისში ჩემი ჩარევის აუცილებლობა საჭირო არასდროს იყო, მაგრამ მცირედ წვლილს მაინც შევიტანდი ხოლმე. ჩემს მოვალეობაში გოზინაყის მომზადება შედიოდა. ეს ტრადიციული ფუსფუსი სიამოვნებას მანიჭებს.

- თოვლის ბაბუას რას მისწერთ?

- "საქვეყნო სათხოვრები" უფრო მაქვს, ვიდრე - პირადი. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ არც თოვლის ბაბუა და არც უფალი პირადი თხოვნებით არასდროს შემიწუხებია. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ქრისტეს საფლავზე თუ გოდების კედელთან, უფალს პირველ რიგში, საქართველოს კეთილდღეობას შევთხოვდი.

"ძვირფასო თოვლის ბაბუ"

2014 წლისგან ყველაფერს საუკეთესოს ველოდები. მინდა, საქართველოში აღარ იყვნენ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ადამიანები. შიმშილით, ექიმთან მიუსვლელობითა და ყინვით ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ დაიღუპოს და ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის გაერთიანების წელი დამდგარიყოს. რაც შეეხება ჩემს პირად სათხოვარს: ვნატრობ, ჩემს ოჯახში მატება იყოს. მინდა, ამითაც გამოვადგე საქართველოს.

გწერ დიდი სიყვარულით და პატივისცემით

ელისო ჩაფიძე".

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ წელს ტრადიცულად, მშობლების სახლში ხვდება.

- ეს საოჯახო დღესასწაულია. დედა ყველას ლამაზად მორთულ, გემრიელ სუფრასთან გვეპატიჟება. ახალ წელს ერთად ვხვდებით და მერე ვიშლებით. მეგობრებთან ერთად გასართობად ყოველთვის სადღაც მივდივარ.

- 2014 წლის შეხვედრასაც ასე აპირებ?

- წელს საქართველოში არ ვიქნები. ახალ წელს ლონდონში ან პარიზში ირაკლისთან ერთად შევხვდები.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუას რას სთხოვდი?

- დედა მიყვება, არასდროს თოვლის ბაბუის არსებობის არ გჯეროდა და სულ აპროტესტებდიო. როცა რამე მინდოდა, მამასთან მივდიოდი და ვეუბნებოდი, ეს და ეს მომიტანე-მეთქი. არარომანტიკული ადამიანი ვარ. ბავშვობაში სასწაულების დიდად არ მჯეროდა. დღესაც მიწაზე მყარად ვდგავარ და მგონია, რომ ჩვენ გვერდით თოვლის ბაბუები არ დადიან. ეს მე მგონია ასე, სინამდვილეში - რა იცი, რა ხდება. შანსს ხელიდან არ გავუშვებ და ამ მითურ არსებას ერთ წერილს მეც გავუგზავნი:

"თოვლის ბაბუ!

წერილს პირველად გწერ, შენთვის არასდროს არაფერი მითხოვია. თუ მართლა არსებობ, 2014 წელს ჩემი სურვილი შემისრულე: ოპრა უინფრისთან ექსკლუზიური ინტერვიუ მინდა. თუ ამ სურვილის შესრულებას შეძლებ, ამბავი ჩემს ჩიტს გამოატანე.

ნანუკა ჟორჟოლიანი"

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება