გიორგი კეკელიძის პირველი სიყვარული და ნინა წკრიალაშვილის პირველი პაემანი - ამბები წარსულიდან

გიორგი კეკელიძის პირველი სიყვარული და ნინა წკრიალაშვილის პირველი პაემანი - ამბები წარსულიდან

14 თებერვალი ვალენტინობაა. ვიღაცები ამას აღიარებენ, ვიღაცები - არა. ეს მათი ნებაა. ისე, კაცმა რომ თქვას, სიყვარულს ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული დღე ნამდვილად არ სჭირდება, - ვითომ მხოლოდ 14 თებერვალს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი?! სიყვარული ხომ საოცარი ძალაა, "ვერტიკალური და ბრუნვადი," მაგრამ როგორც ნოდარ დუმბაძის ცნობილი პერსონაჟი იტყოდა: "რას გოუგებ სიყვარულს, ჩემო ოლღა"...

ვალენტინობას თავისებურად ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძეც გამოეხმაურა, ადამიანი, რომელიც ხშირად საზოგადოებისა თუ პრესის თავდასხმის ობიექტი ხდება, მის პირველ სიყვარულს ასე იხსენებს:

- ჩემი პირველი შეყვარებული ბებიაჩემის მოსწავლე, სახელად თეონა იყო. გვარი არ მახსოვს. უჩვეულო ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა უხერხულობა, მე ხუთი წლის ვიყავი, ის - მერვეკლასელი. ცხადია, თეონას ბებიაჩემმა უთხრა "ესე საქმე დამალული". იმ თეონამ კი რატომ მოიგონა არ ვიცი, ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი (სახლში ჩემი დამტოვებელი არ ჰყავდა) - მითხრა: მე "შავი ბიჭები" მომწონსო. ვიფიქრე, რომ შავში დაუბანლობას გულისხმობდა და მთელი კვირა ვაპროტესტებდი. ამდენის მოთმენა შეუძლებელი იყო. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანვის მერე, ხმამაღლა ვყვიროდი, რომ როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ წყალში გადავხტები-მეთქი. მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს. ეს ბებიაჩემის ერთ-ერთი საყვარელი მოსაყოლი ამბავი გახლდათ და ამასთან, ჩემი პირველი ტრაგიკული სამიჯნურო საქმე...

ჩვენი მეორე რესპონდენტი მომღერალი ნინა წკრიალაშვილია. ეს ქალბატონი ასევე ვერასდროს ასცდა საზოგადოების რისხვას. ის ჩვენი თხოვნით, ამჯერად, პირველ პაემანს იხსენებს...

- ჩემი პირველი პაემანი ჩემი შვილის, სანდროს მამასთან მქონდა, მაშინ 13 წლის ვიყავი. იმ შეხვედრას მაშინვე ისეთი მიწისძვრა მოჰყვა, იმ წუთებში ვინ სად გარბოდა, აღარ მახსოვს და პრაქტიკულად, პაემანი ჩაიშალა (ეს იყო საჩხერის მიწისძვრა).

არადა, იმ პაემნისთვის მთელი ღამე ვემზადებოდი, არ მეძინა. მეორე დღეს 12 საათზე, გორში, სტალინის ბაღში გვქონდა შეხვედრა დათქმული... მისვლისას მხოლოდ გამარჯობის თქმა მოვასწარი და დაინგრა ქვეყანა. მე ჩემს კლასელებთან ერთად ვიყავი, ის - თავის კლასელებთან ერთად გახლდათ. ჩვენი მეგობრები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ...

- იმ დღის მერე რა მოხდა?

- ჩვენი ურთიერთობა ასე რომ დაიწყო, მაშინ ვერც კი მივხვდი, რომ აღარ გამეღვივებინა ის და იქვე დამემთავრებინა... მაგრამ მაგარია, იმ ურთიერთობის შედეგად სანდრო მყავს...

- მიწისძვრის შემდეგ როდის შეხვდით ერთმანეთს?

- იმის მერე დიდხანს არ შევხვედრივარ, ისე გაიქცა, უკან არ მოუხედავს, რაც მისგან მეწყინა... მერე რაღაცნაირად ნელ-ნელა ავაწყვეთ ურთიერთობა. ჩემი სახლის წინ მანქანით გამუდმებით დადიოდა... აუ, რეები გამახსენე...

14 წლის იყო და მანქანით რომ დადიოდა და ძალიან მაგარი ტიპი მეგონა... "08" ჰყავდა...

- შენი ტოლი იყო?

- 2 წლით უფროსი გახლდათ.

- იმ პირველი პაემნიდან რამდენ ხანში შექმენით ოჯახი?

- 4 წლის შემდეგ დავოჯახდით.

- ამდენი ხანი შეყვარებულები იყავით?

- ეგ თუ სიყვარული იყო, რა ვიცი... მაგ ურთიერთობას უფრო "საბავშვო ბაღი" ერქვა. რომ მირეკავდა, ხმას არ იღებდა...

- ალბათ, შენი ერიდებოდა...

- ალბათ, რა ვიცი... ეს ყველაფერი 23 წლის წინ იყო და რაღაცები უკვე ბუნდოვნად მახსოვს...

- იმ ყველაფერს რას დაარქმევდი, რა იყო შენს ცხოვრებაში?

- არც კი ვიცი. ეს ალბათ იმის აუცილებლობა იყო, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო სანდრო, ვისთვისაც ღირს ცხოვრება და წვალება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამებები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება