"ჩხუბია და წივილ-კივილი" - რას ჰყვება რუსა მორჩილაძე "ორი ვარსკვლავის " კულისებიდან

"ჩხუბია და წივილ-კივილი" - რას ჰყვება რუსა მორჩილაძე "ორი ვარსკვლავის " კულისებიდან

10 მარტს, "იმედის" ეთერში სტარტს მეგაშოუ "ორი ვარსკვლავი" აიღებს, სადაც 12 არაპროფესიონალი მომღერალი ერთმანეთს შეეჯიბრება.

ამ ადამიანებს "იმედის" მუსიკალური ხელმძღვანელი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ავარჯიშებს. რუსა მასწავლებელი, თუ საჭიროა, ხმასაც უწევს, თუმცა მეცადინეობის შემდეგ ყოჩაღებს შეაქებს ხოლმე და ეფერება კიდეც.

- რუსა, "ორი ვარსკვლავი" შენთვის ახალ პროექტია. არაპროფესიონალ მომღერლებთან მუშაობ. მათ საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენაში ეხმარები. რას გვეტყვი, ძნელია ამ ადამიანების ამღერება?

- ეს ჩემი საყვარელი საქმეა. საერთოდ, მუსიკალური ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს. თან, მუზიცირების საშუალება მაქვს, ძირითადად, ვერსიებს ვაკეთებ, აქ ხომ არაპროფესიონალები გვყავს. ერთი და იგივე სიმღერების ჩვეულებრივად გადამღერება არ მიყვარს. მოკლედ, ეს საქმიანობა ჩემთვის სასიამოვნო და სახალისოა. ექსპერიმენტი მომწონს და საბოლოოდ გამოდის კიდეც. ზოგიერთი ისეთი კონკურსანტიც გვყავს, რომ პირი არც "გაუღია" და მუსიკასთან საერთო არაფერი ჰქონია. როდესაც ისინი რეპეტიციებს გადიან, ამას უნდა უყურო, როგორია. არის "წივილ-კივილი", "ჩხუბი"... შემოქმედებითი პროცესის ბოლოს, როდესაც ბედნიერების განცდა ეუფლებათ, რომ რაღაც გამოუვიდათ, ყველანი ვდგებით და ახალნაჩხუბარზე ვცეკვავთ. მოკლედ, დიდი ემოციები და დიდი ამბებია. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.

- საერთოდ ვერ მღერისო, რომ თქვი, ვის გულისხმობდი?

- მაგალითად, მორაგბე გივიკო ბერიშვილს, სცენაზე არასდროს უმღერია... არაჩვეულებრივი ბიჭია, მაგარი სპორტსმენი.

- მისმა მეწყვილემ თქვა, რომ მღერის...

- კი, უმღერია, მაგრამ არაპროფესიონალურად. ახლა კი თავიდან "ვივარცხნებით".

- გივიკო ბერიშვილს "დავარცხნა" ნამდვილად სჭირდება ისეთი დრედები აქვს...

- გივიკოო! რომ დავუყვირებ, მეუბნება: აუ, რუსა ნუ მეჩხუბები... ისე, სულ მეშინია, რაგბის ბურთი არ გამომიქანოს და სადმე არ მომისროლოს (სიცილით ამბობს).

- გეშინია?

- ცოტა კი...

- ვახტანგ რჩეულიშვილმა ინტერვიუში მითხრა, რუსული სიმღერები უნდა ვიმღერო. ძალიან მომწონს ბარდების ნამუშევრებიო.

- მაგ თვალსაზრისით არ არსებობს შეზღუდვა. ჩემთან თანხმდება სიმღერები, მაგრამ ესა თუ ის ნამუშევარი, თუ უცხო ენაზეა ნამღერი (ამ შემთხვევაში რუსულ ენაზე), მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც მიმაჩნია, რომ ხელოვნებას ეროვნება არ აქვს. მით უმეტეს, თუ კულტურის ნიმუშია, მაგალითად, ბულატ ოკუჯავას სიმღერები. რა მნიშვნელობა აქვს, რა ენაზეა სიმღერა - რუსული, ინგლისური, უკრაინული თუ ფრანგული? კარგი ნამუშევარი კარგია! თან, საქმე არაპროფესიონალებთან გვაქვს, არაფერი უნდა დააძალო, რაც ემღერება და როგორც გამოსდის, ის უნდა იმღეროს...

- მუსიკალური ხელმძღვანელები ნომრებს თვითონ ურჩევთ, თუ ისინი მოდიან თავიანთი წინადადებებით?

- ორივენაირად ხდება. შეთანხმების საფუძველზე ვმუშაობთ, რასაც ვემხრობი. ზოგჯერ რომ მეუბნებიან, ეს სიმღერა მინდაო, ვუხსნი, არგუმენტებით, რატომ არ შეიძლება, რომ იმღეროს და ადვილად ესმით. ძალიან კარგი ჯგუფია, ყველას ერთად ყოფნა უხარია. მოკლედ, კარგი განწყობაა შოუს დაწყების წინ.

- მეწყვილეებზე რას იტყვი, რომლებმაც პარტნიორობა უნდა გაუწიონ არაპროფესიონალ მომღერლებს, ანუ ცნობილ მუსიკოსებზე. როგორც შევიტყვე, შენ შეგირჩევია ისინი...

- ისინი მეტნაკლებად ახალგაზრდა შემსრულებლები არიან, რომლებიც იმის მიხედვით ავარჩიეთ, თუ როგორი კონკურსანტებიც იყვნენ შერჩეულები. ძალიან ეხმარებიან. კარგად იქეცვიან, თვალი არ ეცეთ...

- რუსა მასწავლებელს არ გაბრაზებენ?

- რუსა ხომ იცით, როგორია? ერთ წუთში გაბრაზდება და მეორე წუთში მოეფერება...

- რა მოლოდინი გაქვს?

- ვნახოთ, მთავარია, რომ არავის მინდა, რომ დავემსგავსოთ, ძალიან მინდა, რომ ჩვენი შოუ რაღაც "ფრეში" იყოს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება