რა აკავშირებთ ერთმანეთთან ნინი ბადურაშვილსა და ქართველ ბოდიბილდერს

რა აკავშირებთ ერთმანეთთან ნინი ბადურაშვილსა და ქართველ ბოდიბილდერს

ზაზა ურუშაძის "მანდარინებში" რუსი ჯარისკაცი იყო, თორნიკე ბზიავას "აპრილის სუსხშიც" ეპიზოდურ როლში გადაიღეს, შოთა კალანდაძის "ტრილოგიაში" კი ლიკა ქავჟარაძის სექსუალური პარტნიორი ითამაშა. გარდა ამისა, ის არაერთ მუსიკალურ თუ სარეკლამო კლიპშიც არის გადაღებული და ქართველ გოგონებში პოპულარობით სარგებლობს. 28 წლის ბოდიბილდერი - ვიქტორ გეგეშიძე დიდი ხანია, სპორტის ამ სახეობით არის გატაცებული და საკუთარი სხეულის ფორმების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად ძალ-ღონესა და ფინანსებს არ ზოგავს. ბოდიბილდინგი - საკუთარი სხეულის შენება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია და როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, საქართველოში ეს სახეობა ჯერჯერობით, დაუფასებელია. ვიქტორს თავისი მენეჯერის - ზაზა ბააზოვის თანდასწრებით ვესაუბრე.

-  ვიქტორ, არაერთ ფილმში მონაწილეობთ. თამამ სცენაში ისეთ ცნობილ ქალბატონთან ერთად გადაგიღეს, როგორიც ლიკა ქავჟარაძეა. ამას სხვა პერსონაჟებიც მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდნენ თქვენით?

-  თავიდან, რა თქმა უნდა, ჩემმა ფიზიკურმა მონაცემებმა მიიქცია მათი ყურადღება, მაგრამ მერე ნახეს, რომ იმის შესრულებას, რასაც ჩემგან მოითხოვდნენ, კარგად ვახერხებდი. საერთოდ, ბოდიბილდერების შეჯიბრებებზე გარკვეულწილად მსახიობობაც გვიწევს: მუსიკის ფონზე სხვადასხვა ილეთი უნდა შეასრულო, რიტმში ჩაჯდე და შენი ფიზიკური მონაცემები სწორად წარმოაჩინო, ამიტომ ჩემთვის "მსახიობობა" უცხო ხილი არ იყო.

ზაზა:

-  როგორც კლიპების რეჟისორი, გეტყვით, რომ ვიქტორს მსახიობური მონაცემებიც აქვს.

-  სპორტის ეს სახეობა - ბოდიბილდინგი საქართველოში ახლა იდგამს ფეხს. ვიქტორ, თქვენ როდის დაიწყეთ ვარჯიში?

-  ბავშვობისას ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, რთული ოპერაციების გაკეთება დამჭირდა, ამიტომ ვერ ვვარჯიშობდი. 16 წლიდან ვარჯიში გასართობად დავიწყე და სპორტის ამ სახეობამ იმდენად ჩამითრია, რომ შემდგომ უკვე შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობდი. 19 წლის ვიყავი, როცა საქართველოსა და ამიერკავკასიის შეჯიბრებაში ვიასპარეზე, ამას ევროპის ჩემპიონატი და რამდენიმე კონკურსიც მოჰყვა. 2008 წელს "მისტერ სპორტული საქართველო" გავხდი, გარდა ამისა, ვიყავი - "მისტერ ფოტოგენურობა", "მისტერ ფიტნესი" და ა.შ. მიყვარს ეპატაჟური რაღაცები (იცინის) და ვცდილობ, სადაც საჭიროა, ხალხს იქ მოვევლინო. სასიამოვნოა, როცა შენ მიმართ დადებითად არიან განწყობილი, როცა შენი გარეგნობა, ფიზიკური მონაცემები უკვირთ და თავისებურად, მათ სტიმულს აძლევ, რომ ვარჯიში დაიწყონ და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდიონ.

-  საქართველოში კონ­კურსები რა სიხშირით ტარდება?

-  აქ ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატი ტარდება... ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მომზადებას დიდი ხარჯი სჭირდება. საჭიროა, როგორც სპორტული დანამატები, ასევე, სპეციალური რეჟიმით კვება, ეს კი ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ამის საშუალება ყველას არ აქვს. საქართველოში ამ სპორტს არანაირი დაფინანსება არ აქვს და ბოდიბილდერი ცდილობს, საკუთარი ხარჯებით მოემზადოს.

-  ფედერაცია თუ არსებობს?

-  კი, მაგრამ ვინაიდან ბოდიბილდინგი ოლიმპიური სპორტის სახეობას არ განეკუთვნება, სახელმწიფო არ აფინანსებს. ფედერაციის პრეზიდენტი კოტე მაცაბერიძე გახლავთ. გარდა საქართველოს ჩემპიონატისა, ტარდება ამიერკავკასიის თასის გათამაშება და აზერბაიჯანელები, სომხები ჩამოდიან ხოლმე.

-  თურქებსა და რუსებს შეჯიბრებიხართ?

-  არასდროს. თუმცა, ქართველი ბოდიბილდერი - პაატა პეტრიაშვილი, რომელიც ამჟამად თბილისშია, რუსეთში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი გახლავთ. ის სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და შეჯიბრებებზე მათი სახელით გამოდის. ტიტულიც აქვს - ყველაზე დიდი ბოდიბილდერია მთელ რუსეთში. თუ არ ვცდები, მისი სიმაღლე 192 სმ-ია. ჩემი მონაცემები კი სიმაღლე - 186 სმ და წონა - 112 კგ გახლავთ.

-  ვარჯიში რომ დაიწყეთ, რამდენს იწონიდით?

-  48 კილოგრამს. ძალიან სუსტი, გამხდარი, ავადმყოფი ბავშვი ვიყავი და მეუბნებოდნენ, - შენგან რა უნდა დადგესო? მაგრამ მოვინდომე და ყველას დავუმტკიცე, რომ ბევრი რამ შემიძლია! მთავარი მონდომება და საქმის სიყვარულია! ბოდიბილდინგში ვარჯიშსა და კვების რეჟიმის დაცვას დიდი ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა სჭირდება. კვირაში 5-6-ჯერ, დაახლოებით 3 საათს ვვარჯიშობ. საათობრივად უნდა იკვებო, თანაც - ზუსტად განსაზღვრული საჭმელი უნდა მიირთვა, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები უნდა დაითვალო. აუცილებლად უნდა იცოდე, რომელი პროდუქტი რა ნივთიერებას შეიცავს. კუნთოვანი მასის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ცილოვანი პროდუქტი: ხაჭო, თევზი, ხორცი, კვერცხი და ა.შ. არსებობს სპორტული დანამატები, რომლებსაც ინტერნეტით ვიწერთ. მაგალითად, ე.წ. პროტეინი, ამინომჟავა, კრეატინი, ბრუტამინი - ისეთი პრეპარატები, რომლებიც კუნთისთვის აუცილებელია.

ზაზა:

-  ბოდიბილდერები გარკვეულწილად საკუთარი თავის დიეტოლოგებიც არიან და ფარმაცევტებიც. იციან, როგორ უნდა გახდნენ ან მოიმატონ წონაში. ვიქტორი ამას სხვებსაც ასწავლის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მასთან სავარჯიშოდ ერთი პუტკუნა გოგონა მოვიდა. სწორი კვებისა და ვარჯიშის წყალობით ის ძალიან მალე კარგ ფორმაში ჩადგა.

ვიქტორი:

-  სხვადასხვა სახის ვარჯიში სხვადასხვა ორგანოსთვის არის სასარგებლო. და კიდევ, ვარჯიშის დაწყების მსურველები აუცილებლად, სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ამ ეტაპზე ოთხ ადამიანს ვავარჯიშებ. ჩვენთან უფრო ხშირად გოგონები მოდიან და კარგი შედეგებიც აქვთ. მათი ძირითადი მიზანი წონის დაკლება და ლამაზი, მრგვალი ფორმების დაყენებაა. შეჯიბრებები არ აინტერესებთ.

-  როგორც ვიცი, შვედეთში ცხოვრობდით. პროფესიული თვალსაზრისით რა შეგძინათ იქ ყოფნამ?

-  შვედეთში ორი წელი ვიყავი, ვვარჯიშობდი და ძირითადად, წონის მომატებაზე ვიყავი ორიენტირებული. ბოლოს, 130 კილოგრამამდე ავედი. მერე საბუთების გამო პრობლემა შემექმნა და საქართველოში დავბრუნდი. იქ შეჯიბრებებში არ ვმონაწილეობდი. სამაგიეროდ, პროფესიონალი ბოდიბილდერები გავიცანი და მათგან კარგი ცოდნა მივიღე.

-  როგორია თქვენი უახლოესი პროფესიული გეგმები?

-  მაისის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, სადაც რა თქმა უნდა, გამოვალ. გარდა ამისა, პაატა პეტრიაშვილი ატარებს ტურნირს, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მონაწილეობას. ვინც ნორმალურად მოემზადება, საკუთარ თავში ბევრ ფულსა და შრომას ჩადებს, ის გაიმარჯვებს. კომერციული შეჯიბრება საქართველოში პირველად ტარდება...

-  თქვენი "ფეისბუკის" გვერდზე ნინი ბადურაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ვნახე. მეგობრობთ?

-  ეს 2008 წელს გადაღებული ფოტოებია. ნინიმ დაბადების დღეზე დამპატიჟა და წავედი, კარგი დრო გავატარეთ... დიდი ხანია, მას აღარ შევხვედრივარ.

-  ამბობენ: ადრე ნინის ვიქტორი მოსწონდა, მეგობრებმა კი დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს და მიუყვანესო...

-  ამაზე ვერაფერს გეტყვით (იღიმის).

ზაზა:

-  სხვათა შორის, ვიქტორი მკაცრი ტრენერია და თუ გოგონას შეატყობს, რომ ვარჯიშისთვის არ არის მოსული, მას აუცილებლად დაემშვიდობება. რაც შეეხება მის გეგმებს: უახლოეს მომავალში სამოტივაციო კლიპების გადაღებას ვგეგმავთ, რომლებშიც ვიქტორი მიიღებს მონაწილეობას და ახალგაზრდობას უფრო მეტი ვარჯიშისკენ, ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს. სხვათა შორის, გიტარაზე უკრავს, მღერის და კლიპში მისი ეს ნიჭიც წარმოჩინდება. უნდა დავამტკიცოთ, რომ ყველა "კუნთმაგარი" გონებაჩლუნგი არ არის.

-  რას ურჩევთ ახალგაზრდებს და დამწყებ ბოდიბილდერებს?

ვიქტორი:

-  პირველ რიგში, არ ვურჩევ, თვითნებურად ჩაატარონ ექსპერიმენტები და რთული ვარჯიშები დაიწყონ. კარგი იქნება, თუ რჩევას ვიღაცას დაეკითხებიან, შესაბამის ლიტერატურას წაიკითხავენ და ცოდნას გაიღრმავებენ. ბევრს მოუწერია ჩემთვის: ვვარჯიშობ, ვწვალობ და შედეგი მაინც არ მაქვსო. ასე იმიტომ ემართებათ, რომ არასწორად ვარჯიშობენ და ამის წყალობით შესაძლოა, ტრავმაც მიიღონ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება