ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აპრილის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აპრილის ნომერი N4 (40), რომელშიც წაიკითხავთ:

საქართველოს ოკუპაცია თვითმხილველის თვალით

ცნობილი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და მწერალი გიორგი ალექსანდრეს ძე ნადირაძე (1902-1960) ხელნაწერ მემუარებში მოგვითხრობს საკუთარი თვალით დანახულ უმძიმეს მონაკვეთს საქართველოს უახლესი ისტორიიდან - საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელებულ ოკუპაციას, იძულებით გასაბჭოებასა და მის თანამდევ მოვლენებს. ტექსტი დათარიღებულია 1960 წლის თებერვალ-მარტით. ეს მოგონებები ავტორს დაუსრულებელი დარჩა, ვინაიდან იმავე წლის ივნისში გარდაიცვალა. ავტორი წერდა, რომ თუ ჩანაწერში მოყვანილი ფაქტების სიმართლის გამო ვერ შეძლო მისი გამოქვეყნება, "დაე, ეგდოს იგი ჩემს უჯრაში. სიკვდილის წინ არ შემიძლია არ ვთქვა აღსარება".

"თეთრი გემი" - XII საუკუნის "ტიტანიკი"

საზღვაო კატასტროფების ისტორიაში დღემდე ყველაზე დასამახსოვრებელ და მასშტაბურ მოვლენად 1912 წლის 15 აპრილს ბრიტანული სამგზავრო ლაინერის, "ტიტანიკის" ჩაძირვა მიიჩნევა. მასთან შედარებით XII საუკუნის პირველ ნახევარში "თეთრი გემის" სახელით ცნობილი ხომალდის ჩაძირვა შესაძლოა "მსუბუქად" მოგეჩვენოთ. თუმცა ერთი გარემოება ამ საზღვაო კატასტროფას ერთიორად ტრაგიკულს ხდის. გემზე იმყოფებოდა ინგლისის პრინცი, მეფის ერთადერთი ვაჟი. ამასთან ერთად, სამეფოს ნორმან ბარონთა უმრავლესობამ ნათესავები დაკარგა. პრინცის დაღუპვა პირდაპირი გამომწვევი მიზეზი გახდა სამოქალაქო ომისა, რომელიც თითქმის ოც წელიწადს გრძელდებოდა და ინგლისის ისტორიაში ფეოდალური ანარქიის სახელით შევიდა.

ქართული სამოსელი

როგორ იცვამდნენ ქართველები ადრე - სამეფო ოჯახის წევრები, ზეპური ერი თუ უაზნონი? ქართული ტანსაცმლის ნაირსახეობათა შესახებ ცნობებს გვაწვდის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი წყაროები, მოგზაურთა ჩანაწერები... სამეფო ტანისამოსის შესახებ საინტერესო მასალებია დაცული ივანე ჯავახიშვილის ნაშრომში "მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიიდან". ქართველთა შესამოსელის შესახებ საინტერესო ცნობებია დამოწმებული ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". ბატონიშვილმა ყურადღება მიაქცია ქართლისა და კახეთის ტანსაცმლის მსგავსებას. ქართული ტანისამოსის ვრცელი აღწერილობა შემოგვინახა XIX საუკუნეში მცხოვრებმა დავით ფანასკერტელ-ციციშვილმა ნაშრომში "შემოკლებული მოთხრობა ქცევათა და ჩვეულებათათვის ქართველთა".

რა შეემთხვათ ტამპლიერ რაინდებს? - ტამპლიერები, მასონები და მსოფლიო ისტორია

ორდენის არსებობის 200 წლის განმავლობაში ტამპლიერმა რაინდებმა განუზომელ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოუყარეს თავი. მერე კი, XIV საუკუნეში ისინი დაუნდობლად გაანადგურეს. მართლაც ეშმაკის თაყვანისმცემლები იყვნენ, როგორც გამოცხადდა, თუ ულმობელი მტრების უდანაშაულო მსხვერპლნი? მართლაც გადაურჩნენ განადგურებას სხვა საძმოს სახით, დიდ განძს დაეპატრონნენ და საუკუნეების შემდეგ ახალი დროშით გამოვიდნენ ასპარეზზე? ამ იდუმალი საძმოს გადარჩენა-დაღუპვის შესახებ ათასგვარი ვარაუდი გამოთქმულა, თუმცა ტამპლიერთა ხვედრი დღემდე აღძრავს ინტერესს.

გურჯაანის ყველაწმინდა

საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია გურჯაანის ყველაწმინდას - ერთადერთ ორგუმბათიან ეკლესიას ქართულ ეკლესიებს შორის. ეს ტაძარი გამორჩეულია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაშიც.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

თხუთმეტსაუკუნოვანი მოზაიკა იესოს სიმბოლოს გამოსახულებით

საქართველოს "ისტორიის მამა" - ივანე ჯავახიშვილი

მონეტები დიდი ომების ეპოქიდან - ძვ.წ. II-I საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე მოჭრილი ფული

ეპიზოდები გრიგოლ I-ის ცხოვრებიდან

აბესალომ ვეკუა - გამომშვიდობება დიდ მეცნიერთან

აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი

ჩინგიზ ხანს დაპყრობებში კლიმატი დაეხმარა

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები