რა სურვილი აისრულა ''პალიტრა TV''-ს ახალი გადაცემის წაყვანით გიორგი მეგრელიშვილმა

რა სურვილი აისრულა ''პალიტრა TV''-ს ახალი გადაცემის წაყვანით გიორგი მეგრელიშვილმა

გიორგი მეგრელიშვილი ''პალიტრა TV''-ს ეთერში ახალი პროექტით გამოჩნდა. ''გვეთამაშე ჩვენ'' შოუების წაყვანაში გამობრძმედილი მსახიობისთვის კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა ამასთანავე, როგორც გაგვანდო, ყველაზე სასურველიც, ვინაიდან შოუ ინტელექტუალურია და მიზნად წიგნისა და განათლების პოპულარიზაციას ისახავს.

ცნობილი ადამიანები ყოველ კვირა დღეს ესტუმრებიან გიორგის და 15 განსხვავებული სირთულის შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, სხვადასხვა სფეროდან. ყოველ ხუთ შეკითხვაზე სწორად გაცემული პასუხების შემდეგ სტუმარი თითო წიგნს მიიღებს. გადაცემის პარტნიორები არიან ''ბიბლუსი'' და ''პალიტრა L'', შესაბამისად, წიგნებსაც გამომცემლობა დააწესებს.

თავიდან შეკითხვებს სპეციალური ჯგუფი მოამზადებს, მოგვიანებით კი, რამდენიმე გადაცემის შემდეგ, მაყურებლებიც ჩაერთვებიან და ცნობილ მოთამაშეებს შეკითხვებს დაუსვამენ. თუკი მონაწილე მათ კითხვას ვერ უპასუხებს, დაწესებულ წიგნს შეკითხვის ავტორი მიიღებს.

- სხვადასხვა შოუს წაყვანის გამოცდილება მაქვს, მაგრამ დიდი ხანია მინდოდა, ასეთ სერიოზულ გადაცემას გავძღოლოდი. რატომღაც საქართველოში ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, ტელევიზიით რაც უფრო დიდ სისულელეს იტყვი, მით უფრო ეცინებათ. იუმორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც აცრილი ვარ ამაზე, მაგრამ ზოგადად ვაფასებ სიტუაციას. დღეს ხალხი უფრო მეტად სისულელეს აქცევს ყურადღებას, თუმცა მაინც მჯერა, რომ მაყურებელი არ არის სულელი და განათლებაც აქვს. უბრალოდ, ყველა ცდილობს თავის გაპიარებას მხოლოდ სისულელით. მე კი მომეცა შანსი, წავიყვანო კარგი გადაცემა, სადაც საუბარია წიგნებსა და ინტელექტზე. მომწონს ეს ტენდენცია, რომ ბოლო პერიოდში ამ ტიპის გადაცემებს უფრო დიდი ყურადღება ექცევა. ჩემი შვილი 11 წლისაა და ვცდილობთ, მას წიგნის სიყვარული ვასწავლოთ. ვინც ჩვენს გადაცემაში მოვა სათამაშოდ, დაამტკიცებს, რომ წიგნის სიყვარული მნიშვნელოვანია.

- ვინ იქნებიან თქვენი თამაშის მონაწილეები?

- ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. საჩუქრად ყოველ ხუთ კითხვაზე 15-დან თითო წიგნს მიიღებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ადვილი შეკითხვებია, ისტორიიდან, კულტურიდან, პოლიტიკიდან. იქნება დაახლოებით ასეთი ტიპის კითხვები: როგორ იწყება ''ვეფხისტყაოსანი'' ან ვინ გაფრინდა პირველი კოსმოსში. რასაკვირველია, არ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, მათ შორის, ჩვენც. თუკი რაიმე გაგვეპარება, მაყურებელს აუცილებლად დაველოდებით, გვექნება საკონტაქტო საშუალებები, რითაც მაყურებელს ჩვენთან დაკავშირება შეეძლება. ველოდებით მათ გამოხმაურებას. სპეციალური ჯგუფი მუშაობს შეკითხვების შედგენაზე, მეც ვმონაწილეობ ამ პროცესში. ვფიქრობ, ამ გადაცემით მაყურებელიც გაიხსენებს ბევრ რამეს, რაც დროის ფაქტორის გათვალისწინებით დაავიწყდა.

თითოეული შეკითხვისთვის ქვიშის საათი მუშაობს და ერთი წუთია გამოყოფილი. სხვათა შორის, პირველი გადაცემის ჩაწერისას დავაკვირდი, რომ ეს ერთწუთიანი სიჩუმე ქალებთან განსაკუთრებით ყოვლისმომცველია, თუკი ქალი მსახიობია, საერთოდ. ამას წინათ, ფილოსოფიისკენ წავედი და ბიბლიოთეკას ვესტუმრე. 15 წუთი გავატარე, უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორი გარემო დამხვდებოდა იქ. გამაყრუებელი სიჩუმე იყო, იქ ხომ არავინ ლაპარაკობს... გადაცემაში, რასაკვირველია, ასეთი სიჩუმე არ გვექნება (იღიმის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები