ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივლისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივლისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივლისის ნომერი N67 (43), რომელშიც წაიკითხავთ:

უცნობი ფრესკა იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ყოფილ ქართულ მონასტერში

წარსულში არაერთი წმინდა სავანის მფლობელ ქართველობას, სამწუხაროდ, დღეს იქ არც ერთი მათგანი აღარ ეკუთვნის. ქართული ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა XVII საუკუნის მიწურულიდან უცხოთა ხელში გადავიდა. წმინდა მიწაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია ქართველთა ისტორიული ნაკვალევის ხილვა... ყოფილი ქართული წმინდა სავანეების რიგს ეკუთვნის იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის მონასტერიც. იგი მდებარეობს ძველი ქალაქის ქრისტიანულ უბანში, ბერძნული საპატრიარქოს მახლობლად. გადმოცემის თანახმად, სამლოცველო აქ უკვე V საუკუნეში გაჩენილა, თავის დროზე წმინდა მიწაზე მოსალოცავად ჩასული წმინდა ნიკოლოზის საცხოვრებელი სენაკის ადგილას. მონასტრის ოდინდელ ქართულობას ყველაზე ცხადად ტაძრის კედლებზე შემორჩენილი ძველი წარწერები მოწმობს.

რესტავრაციამ ტაძრის საკურთხევლის კედელზე გამოავლინა ძველი კედლის მხატვრობის საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტი, რომლის ძირითადი ნაწილი უჭირავს წმინდა ნიკოლოზის მოღვაწეობის ეპიზოდებს. ამ ფრესკის ფოტოგამოსახულება დღეს პირველად ქვეყნდება ქართულ ბეჭდვით სივრცეში.

სულგუნის ომი - ოსები და აფხაზები სულგუნის შექმნას ითვისებენ, ხოლო სომხები დავობენ, რომ ეს ყველი მხოლოდ ქართველებს აღარ ეკუთვნით(!)

მრავალფეროვანი და ორიგინალური კვებითი კულტურის შემქმნელი ქართული ეთნიკური ერთობა თავის თავში ჩაკეტილი და იზოლირებული არ ყოფილა. ქართველები შემოქმედებითად იზიარებდნენ სხვათა მიღწევებსაც, შორს რომ არ წავიდეთ, -მა-ზე დაბოლოებული კერძების სახელწოდებები (ყაურმა, ჩიხირთმა, ტოლმა, ბასტურმა...) თურქთაგან გვაქვს შეთვისებული. მაგრამ მხოლოდ ქართველი ხალხის წიაღშია წარმოქმნილი ბევრი "გასტრონომიული მოვლენა", მათ შორის, ყველის ნაირსახეობანი: თუშური გუდის ყველი, იმერული ყველი, სამცხური ყველი, ჩეჩილი, ტენილი და სულგუნი/სულუგუნი... სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, "სულუგუნი [არის] გარდაზელილი ბრტყელი ყველი".

სამწუხაროდ, ქართული ეთნიკური კულტურის ამ მიღწევას კარგა ხანია სხვები გვედავებიან. ოსი და აფხაზი ავტორები საქართველოს ისტორიას ქურდავენ და ახლა ჯერი ქართულ კულტურაზეც მიდგა... 2013 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია აქვთ სომხებს. ისინი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნებას ეჭვქვეშ აყენებენ და საჩივარში აღნიშნავენ, რომ "სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის იწარმოებოდა მთელ საბჭოთა კავშირში"(!).

ბოლშევიზმის მიერ ადამიანის სულის დამახინჯების ანატომია

სრულდება საქართველოში ლევილის არქივს "ჩამოყოლილი" გრიგოლ რობაქიძის ინტერვიუს გამოქვეყნება. ინტერვიუს ავტორი, კონსტანტინე სალია შემაჯამებელ მინაწერში ამბობს: "საჭიროდ მიმაჩნია გასაკუთრებით აღვნიშნო შემდეგი. ბევრი გამოკვლევები წამიკითხავს ბოლშევიზმზე, ბევრი მიფიქრია ამ მოვლენის ირგვლივ, მაგრამ ასეთი დახასიათება და გაგება, როგორიც ბატონი გრიგოლისგან მოვისმინე, არსად არ შემხვედრია. ღრმა ანალიზით გადამიშალა მან ქვაფენილი შინაარსი ბოლშევისტური სისტემისა და თანვე უაღრესად რთული, წინააღმდეგობებით სავსე სული "საბჭოური ადამიანისა"...

ჰიტლერული თამაშები - ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა და გახსნის პომპეზური ცერემონია თამაშებს სწორედ ნაცისტებმა "უსახსოვრეს"

გერმანიიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ კარლ დიმის იდეამ, ათენიდან ბერლინში 1936 წლის თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდანი ესტაფეტით ჩაებრძანებინათ, მოხიბლა გებელსი და თავად ფიურერიც. სწორედ ასე იშვა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ტრადიცია.

და კიდევ, თუკი მანამდე თამაშების გახსნა-დახურვისას მოკრძალებული ცერემონიით იფარგლებოდნენ, გებელსმა გერმანიაში თეატრალიზებული შოუს დადგმა გადაწყვიტა და ამით კიდევ ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.

პირველი სატელევიზიო ტრანსლაციაც ოლიმპიური თამაშებიდან სწორედ ბერლინიდან განხორციელდა. ქალაქში განთავსდა ტელესალონების ქსელი (33 ერთეული), თითოეულში 25X25 სმ ეკრანის მქონე ორი ტელევიზორითა და მომსახურე სპეციალისტით. ოლიმპიადის დროს სალონებს 160 ათასი ადამიანი სტუმრობდა და სხვათა შორის, ბილეთების მოპოვება იქ უფრო ჭირდა, ვიდრე სტადიონებზე...

"მასპინძლობა" ქართული კულტურითა და ხელოვნებით

ირლანდიაში ქართული კულტურის დღეები 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, მსოფლიოში ცნობილი გემების ფესტივალის დროს გაიმართა. ამ ფესტივალზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. ჩვენი დელეგაცია საკმაოდ დიდი იყო, პროგრამა კი მრავალფეროვანი. ანსამბლები "რუსთავი" და "სუხიშვილები", ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირი "შავფაროსნები", ხელოვნების სასახლე, ირლანდიაში არსებული ბავშვთა ქართული ანსამბლი "საბასეული" და მომღერალთა ჯგუფი "ზურმუხტი: ლუის მორონის ხელმძღვანელობით - თითოეული კოლექტივი ოთხი დღის განმავლობაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ამოცანას ემსახურებოდა.

საფრანგეთის "ძუ ლომების" სასახლე - ციხე-დარბაზი შენონსო

700 წლის ციხე-დარბაზი შენონსო საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან. მის აგება-გალამაზებაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის ისტორიაში ცნობილი ქალები, რომლებიც მხატვრული ლიტერატურისს წყალობთYმსოფლიოში ცნობილ პერსონაჟებად იქცნენ - დიანა დე დე პუატიე თუ ეკატერინა მედიჩი. ერთ-ერთი ოთახს კი ხუთი დედოფლისა ქვია - ეკატერინა მედიჩის ორი ასულისა (ერთ-ერთი დედოფალი მარგოა) და სამი რძლის (მათ შორის მარია სტიუარტის) პატივსაცემად.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

თბილისში მოჭრილი არაბული დირჰემები და მათი იმიტაციები / ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის მონეტაც არაბული დირჰემების მიბაძვით მოიჭრა

მეცნიერთა ბიოგრაფიიდან / ზურაბ ავალიშვილი. მშობლები, წინაპრები და ნათესავები

თამარ მეფე, ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო / "გელათში ერთიანი საქართველოს 11 და იმერეთის 12 მეფე განისვენებს"

როგორ "მოიპარეს" მუსოლინი / ოპერაცია "მუხა" იტალიის მთებში

ვახტანგ რურუას "მშვენიერი შუადღე"

"დაკარგული" საქართველოს ისტორია - მსოფლიო მკითხველისთვის

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები