ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომერი N8 (44), რომელშიც წაიკითხავთ:

კურული - ძველი ქართული "კორიდა"?! - ხარების ფალავნობის ქართული ტრადიცია, კავკასორის ფესტივალის სახით, დღეს მხოლოდ ტაო-კლარჯეთში, ართვინშია შემორჩენილი

ეს უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელიც ისტორიული საქართველოს ტერიტორიებიდან მხოლოდ ართვინის ვილაიეთის მთიანეთში შემორჩენილა. ტრადიციას ხარების შერკინება, ანუ როგორც აქაური ჩვენებურები იტყვიან, ხარების დაჭედვა ჰქვია. მამა-პაპათა ამ წეს-ჩვეულების შესახებ ზეიმზე სტამბოლიდან საგანგებოდ ჩამოსული, ცნობილი ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე გვიყვება: "ეს ტრადიცია ტაო-კლარჯეთისთვინ, ართვინისთვინ ძაან ძველია და მე მგონია, რომ ეს წესი საქართველოში უკვე აღარ შემორჩენილა! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, აქაურმა ქართველებმა ეს ადათი სხვისგან გადმოვიღეთ, არა! ეს აქ, ქართველებიდან დაწყებული წესია და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ".

300 ძეგლის ზღაპრები - ტაო-კლარჯეთის ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს კვლავაც სომხურად იჩემებენ

მკითხველისთვის სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სომეხი მეცნიერები მათთვის არასასურველი ისტორიული ძეგლების ფალსიფიკაციასა და განადგურებას არ სჯერდებიან და სისტემატურად აყალბებდნენ და აყალბებენ წერილობით წყაროებსა და დოკუმენტებს. ამ ისტორიული სენისგან, სამწუხაროდ, თანამედროვე სომეხი სწავლულნი დღესაც ვერ განკურნებულან და თავიანთ წინაპართა გზას განაგრძობენ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ინტერნეტში, საიტ Aრმენია ტოდაყ-ზე წლეულს, 26 მარტს განთავსებული სტატია, რომელსაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ეწოდება: "თურქეთმა გადაწყვიტა საქართველოს საჩუქრად გადასცეს ტაოში მდებარე დასავლეთ სომხეთის კუთვნილი 300 ისტორიული ძეგლი". ეს განცხადება ეკუთვნის სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს დიასპორის, რელიგიისა და საერთაშორისო ინტეგრაციის საკითხების კომისიის წევრებს - ვაჰან ტერ-ლაზარიანს, აშოტ მანუჩარიანსა და ჟასმინ ასარიანს.

სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს კომისიის წევრების ნათქვამი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. აშოტ მანუჩარიანი წერს: "დღეს თურქეთი აცხადებს, რომ ჰაიკ დიდის დროინდელი სომხური ძეგლები საქართველოს ისტორიული ძეგლებიაო". კარგი, თურქეთის წარმომადგენელმა ეს განაცხადა, მას სომხეთის ისტორიისა და არქიტექტურის ღრმა ცოდნას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ სომეხმა სწავლულმა აშოტ მანუჩარიანმა მშობლიური ქვეყნის ისტორია საშუალო სკოლის მოსწავლის დონეზე ხომ მაინც უნდა იცოდეს. ქრისტეს დაბადების შემდეგ სომხეთს ასეთი მეფე - ჰაიკ დიდი - არ ჰყოლია და ამ "მეფისდროინდელ" სომხურ ძეგლებს საქართველოს კუთვნილად როგორ გამოაცხადებს თურქეთი. ჰაიკი, როგორც სომეხთა წინაპარი-ეთნარქი - მოვსეს ხორენაცის გამონაგონია, შეთხზულია.

გოლოდომორი - უკრაინაში ხელოვნურად ორგანიზებულ მასობრივ შიმშილს 1932-33 წლებში 4 მილიონამდე ადამიანი შეეწირა

საბჭოეთში დაუშვეს ფართომასშტაბიანი "უკრაინიზაცია" - შეიქმნა უკრაინული უნივერსიტეტი, სკოლები, გამომცემლობები, ფართო გასაქანი მიეცა 1919 წელს შექმნილ უკრაინის მეცნიერებათა აკადემიას. ლენინი დათანხმდა 1919 წელს შექმნილი უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის ხელუხლებლად დატოვებასაც. ამდენად, 1917 წელს, ცარიზმის დანგრევის შემდეგ დაწყებული ეროვნული აღორძინების პროცესი გაგრძელდა, ოღონდ აქცენტი არა უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობაზე, არამედ უკრაინული კულტურის განვითარებაზე კეთდებოდა. უკრაინელი ეროვნული ინტელიგენცია სწრაფად ამაღლდა ევროპულ დონემდე, მძლავრი ეროვნული ინტელიგენცია კი ხელს უწყობს ნაციონალური გრძნობების გაღვივებას. 1927 წლისთვის უკრაინის დამოუკიდებლობის იდეას მხარს უკვე უკრაინის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტშიც კი უჭერდნენ... სტალინს იმპერიის შენარჩუნებისათვის რამე უნდა ეღონა. მანაც უკრაინული პატრიოტიზმის განადგურების გეგმა შეიმუშავა...

ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები და ქართული საფორტეპიანო და საორკესტრო მუსიკის პირველი ნიმუშები

პირველი ქართველი კომპოზიტორისა და საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტის, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის - ალოიზ მიზანდარის (1837-1912) პირადი საარქივო ფონდი დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში. კომპოზიტორი ლევან მიზანდარი მის პირად საარქივო ფონდზე მუშაობისას ოთხ ხელნაწერს გაეცნო და მათი გაშიფვრისას მიხვდა, რომ მის წინ იყო ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები და ქართული საფორტეპიანო და საორკესტრო მუსიკის პირველი ნიმუშები!

სიგიზმუნდ III-ის მონეტები კახეთიდან

ცოტა ხნის წინ კახეთში, სოფელ წინანდალში, ადგილობრივმა მცხოვრებმა, საკუთარ ნაკვეთში საგაზაფხულო სამუშაოების დროს, აღმოაჩინა ევროპული ვერცხლის მონეტების განძი. ეს მონეტები მოჭრილია რეჩპოსპოლიტის ანუ პოლონეთისა და ლიტვის მონარქის, სიგიზმუნდ III-ის მეფობის ხანაში. ოთხიოდე საუკუნის წინ რეჩპოსპოლიტა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო იყო, რომლის ფულის ნიშნები ინტენსიურად მიმოიქცეოდა სხვა ქვეყნებში, ხოლო XVII საუკუნის პირველ მესამედში - საქართველოშიც...

ხაზარებს იუდაიზმი არ მიუღიათ?!

დიდი ხნის განმავლობაში ხაზარებს, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდან იყვნენ, იუდაიზმის მიმდევრებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თანამედროვე კვლევათა საფუძველზე ჩანს, რომ ისინი არასდროს მოქცეულან ამ რელიგიაზე.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

დიდი სახელები - "ღარიბი მილიონერი" ჯორჯ ბალანჩინი;

სად გაქრა პეტრე იბერის წარწერა?! - ქართული მონასტერი იერუსალიმში და მუზეუმში თავდაყირა დაკიდებული უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლი;

დიდი პოლიტიკა ბანოვანთა სალონებში - ეკატერინა სკავრონსკაია-ბაგრატიონი და ევროპის გადანაწილება

მანგლისის სიონი - გამორჩეული ძეგლი როგორც ქართული ქრისტიანობის ისტორიისთვის, აგრეთვე ქართული ხელოვნების ისტორიისთვისაც;

ცივი ომის თამაშები - რით დაამახსოვრდა მსოფლიოს მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადა

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები