როგორ მოხვდა ჟურნალისტი გურამ როგავა ''ნაციონალების'' შავ სიაში

როგორ მოხვდა ჟურნალისტი გურამ როგავა ''ნაციონალების'' შავ სიაში

გურამ როგავა ერთ-ერთია იმ ქართველ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც რეპორტაჟის მომზადებისას ხშირად აღმოჩენილა საშიში მოვლენების ეპიცენტრში. კარიერა წლების წინ დაიწყო და ბავშვობის ოცნება რადიოში მუშაობისას აისრულა, თუმცა ცხოვრების გზამ ტელევიზიამდე მიიყვანა. თავიდან უარზე იყო, მაგრამ დღეს ტელეკომპანია ''იმედში'' ყველაზე მძიმე ჩართვებს აკეთებს.

- ბავშვობიდან რადიოს მიმართ მქონდა განსაკუთრებული ინტერესი, არასდროს მიოცნებია ტელევიზიაში მუშაობაზე. იმ პერიოდში რადიო ტელევიზიაზე ბევრად პოპულარული იყო და მეც უშუქობის დროს ხშირად ვუსმენდი საყვარელ გადაცემებს. ჩემმა მეგობარმა, ახალგაზრდა გამომგონებელმა ლაშა ქირიამ, კუსტარული რადიოგადამცემიც კი დამიმზადა, რომლის დაფარვის ზონა ჩვენს უბანს არ სცდებოდა, მაგრამ მსმენელების მოსაზიდად საკმაოდ ეფექტური მეთოდი გვქონდა. მივდიოდით მეზობლებთან, ვურთავდით ჩვენს სიხშირეს და ძალით ვასმენინებდით ''მეკობრულ რადიოს''. ''ოფისი'' ჩემი სახლის სხვენში გვქონდა. გადამცემი მალევე გადაიწვა და ჩვენი ''პროექტიც'' ჩავარდა, მაგრამ ოცნება არ შემიწყვეტია.

მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ზუგდიდის ერთ-ერთ რადიოში მუსიკალური წამყვანების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. გადავწყვიტე, ოცნება რეალობად მექცია. გასაუბრებაზე მისულს რადიოს დირექტორმა მითხრა, ბავშვური ხმა გაქვს, იქნებ, სკოლას რომ დაამთავრებ, მერე მოხვიდეო, მაგრამ შევძელი დამერწმუნებინა, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებოდი და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი რადიოს თანამშრომელი გავხდი.

- პარალელურად სკოლაში სწავლობდი?

- დიახ, გაკვეთილების შემდეგ რადიოში მივდიოდი და ჩემს საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი, შოუბიზნესის ამბებს ვაცნობდი მსმენელს. სწორედ რადიო ''ევრაზიაში'' მუშაობის დროს გადავწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. ჩემი მთავარი ოცნება მაშინ რადიო ''ფორტუნა'' იყო. ამ მიზანს სტუდენტობის პირველივე წელს მივაღწიე, როცა რეპორტიორის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა. განცხადებები ჯგუფელებმა ერთად შევიტანეთ, რამდენიმე დღეში კი მე და ნოდარ მელაძეს დაგვირეკეს და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს. ასე აღმოვჩნდი რადიო ''ფორტუნას'' საინფორმაციო სამსახურში, სადაც მოგვიანებით ახალი ამბების წამყვანის ფუნქციაც შევითავსე და დღემდე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი.

- პირველი რესპონდენტი, რეპორტაჟი...

- პირველი რესპონდენტი, თუ არ ვცდები, აჩიკო მეფარიძე იყო. მაშინ მისი სიმღერა ''მითხარი'' რადიოში დღეში, სულ მცირე, 20-ჯერ მაინც გადიოდა. ზუგდიდში მისი კონცერტი ტარდებოდა და რადიოში სტუმრად გვეწვია ვერიკო ტურაშვილთან ერთად.

რაც შეეხება პირველ რადიორეპორტაჟს, კონკრეტულს ვერაფერს ვიხსენებ. პირველი სრულყოფილი სატელევიზიო რეპორტაჟი კი ''პალიტრა ტვ''-სთვის მოვამზადე. ''დროზე ადრე დაწერილი ისტორია'', - ასეთი სახელწოდება ჰქონდა ჩემს პირველ ნამუშევარს, რომელიც მზია სურგულაძის წიგნს ეხებოდა. ისტორიის წიგნი ბავშვებისთვის დაიწერა და მასში ''ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობის პერიოდი მხოლოდ დადებით კონტექსტში იყო მოხსენიებული, თითქოს პოლიტიკური რეკლამიდან ამოკრიფეს ფრაზებიო, ფაქტების უმეტესობა კი რეალობას აცდენილი და გაზვიადებული იყო.

იხილეთ გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები