რადიო "პალიტრა" იუბილარია

რადიო "პალიტრა" იუბილარია

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული რადიო "პალიტრა" დღეს იუბილარია. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რადიოს (FM 103.9) საინფორმაციო მაუწყებლობის დაწყებიდან ექვსი წელი შეუსრულდა. რადიომ მაუწყებლობა 2008 წლის 17 აგვისტოს, დილის 08:00 საათზე დაიწყო. საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლა მძიმე მოვლენებს, კერძოდ კი, 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. მაშინ გაჩნდა საინფორმაციო გამოშვების სლოგანი – "ინფორმაცია რეალურ დროში", რადგან რადიო საომარი მოქმედებებისა და სხვა მოვლენათა ეპიცენტრიდან მსმენელს ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა. რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახური ყოველ ნახევარ საათში, 08:00 საათიდან - 22:00 საათამდე მაუწყებლობს, ხოლო საგანგებო ვითარებებში, მუშაობის შესაბამის რეჟიმზე გადადის. 18:00 საათზე კი, მსმენელებს საშუალება აქვთ, მოისმინონ შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც დღის მთავარ ამბებს ეთმობა. ახალი ამბების გარდა, რადიო "პალიტრა" მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. საზოგადოებრივი პროგრამების ხელმძღვანელის, თამარ ცაგარეიშვილის შეფასებით, რადიო "პალიტრამ" წარმატებით გაიარა ის რთული გზა, რასაც მედიაბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. "მაუწყებლობის დაწყებისას ჩვენ გვეძლეოდა ორი ამოცანა – არ გადაგვეხვია მორალური და პროფესიული პრინციპებიდან. ვფიქრობ, დღეს რადიო "პალიტრის" ძირითადი ხიბლი სწორედ ისაა, რომ ჩვენ ამ პრინციპებიდან არ გადაგვიხვევია. მინდა ამისთვის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც იმ უზარმაზარი პროდუქტის მომზადებაში იღებს მონაწილეობას, რასაც მსმენელს ჩვენი რადიო სთავაზობს, მადლობა გადავუხადო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამარ ცაგარეიშვილმა. რადიო "პალიტრა" თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს. მოსმენის პარალელურად, რადიოს გადაცემების ნახვა შესაძლებელია ონლაინრეჟიმშიც, ინტერნეტმისამართებზე www.radiopalitra.ge ან -www.palitratv.ge, ასევე საკაბელო მაუწყებლობით, ტელეკომპანია "პალიტრა.ტვ"-ზე. "დღემდე სიამაყით ვივსები, როცა წავაწყდები ჩემთვის უცნობი ადამიანები რომ სავაჭრო ცენტრში, ტრანსპორტსა თუ სხვადასხვა დაწესებულებაში უსმენს რადიო "პალიტრას". ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ეს ძალიან რთულ პერიოდში მოხდა, თუმცა ჩვენ მიგვიღო მსმენელმა, რადგან აქ მომუშავე ადამიანების მთავარი დევიზია თქვან სიმართლე და საზოგადოებას მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რადიო "პალიტრის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაია ცანავამ. რადიო "პალიტრა" "პალიტრა მედიის" ჰოლდინგში შედის.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები