ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომერი N9 (45), რომელშიც წაიკითხავთ:

რატომ გარიცხეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახალხო გვარდიიდან

საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწერილ ისტორიულ ნაშრომებსა თუ თანამებრძოლთა მოგონებებში ძირითადი აქცენტი კეთდება მასზე, როგორც "შეფიცულთა რაზმის" მეთაურსა და ანტისაბჭოთა აჯანყებების ერთ-ერთ გამორჩეულ სამხედრო ლიდერზე. ასევე, მკითხველისთვის ცნობილია მისი მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში, სტრატეგიული სიმაღლის - "არწივის ბუდის" გმირული დაცვა კავკასიის ფრონტზე და მონაწილეობა ქართველ ცხენოსანთა ათასეულის მანევრში სპარსეთის ფრონტზე. მაგრამ ძალიან ცოტა იწერება მისი სამსახურის შესახებ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. ამჯერად საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით შევეცდებით, თვალი გადავავლოთ ქაქუცას სამსახურს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში და ვისაუბროთ 1920 წლის გაზაფხულზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ანექსიის "ტექნოლოგია" - ლიტვის ექსპრემიერის სახიფათო "თამაში" ბერიასა და სტალინთან

1939 წელი. I მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვე რჩება. იდება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გრდემლსა და უროს შორის აღმოჩნდნენ. ამ დროს დამოუკიდებელი ლიტვის პირველი მთავრობის (1918 წ.) ხელმძღვანელთან, ყოფილ ექსპრემიერ აუგუსტინას ვოლდემარასთან იოსებ სტალინმა და ლავრენტი ბერიამ ჩახლართული თამაში წამოიწყეს. ბერიამ მზვერავებისგან იცის, რომ "ვოლდემარასი ავადაა, მას აეკვიატა იდეფიქსი, რომ ლიტვის დიქტატორი უნდა გახდეს". ბალტიისპირეთის ბედი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა მათი სსრკ-სთან შეერთება, იძულების მიუხედავად, განსაზღვრული "პოლიტიკური ტექნიკის" დაცვით უნდა მოხდეს. დიდი თამაშიც იწყება...

ხალხთა ომი კატალაუნის ველზე - "უკანასკნელი რომაელი" ჰუნთა მეფე ატილას წინააღმდეგ

რომის იმპერიის აღსასრული ახლოვდებოდა, თუმცა სარდალმა ფლავიუს აეციუსმა კიდევ რამდენიმე ათწლეულით მოახერხა მისი გადავადება. მომდევნო თაობებმა აეციუსს უკანასკნელი რომაელი უწოდეს - ეპიგონი სციპიონის, მარიუსის, სულას, პომპეუსისა და კეისრისა.

ხალხთა ომში მაშინდელი ევროპის თითქმის ყველა ხალხი დაუპირისპირდა ერთმანეთს. კატალაუნის ველზე ბრძოლა რომის იმპერიის ბოლო დიდი გაბრძოლება და "უკანასკნელი რომაელის" გაბრწყინება იყო. იმ დროისთვის უკვე გამოვლინდა იმპერიის სისუსტეები - მოკავშირეთა გარეშე ომის წარმოების შეუძლებლობა, ეკონომიკური კრიზისი, უმწეო პოლიტიკა, უნიჭო იმპერატორთა მოქმედებები. ამას დაერთო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობლის, ატილა მუნძუკის ძის შემოსევები. ჰუნთა ურდოები მისი მეთაურობით მთელ აღმოსავლეთ ევროპას, ბალკანეთს და შემდეგ დასავლეთ რომის იმპერიას დაესხნენ თავს. ატილამ დიდი სახელმწიფო ჩამოაყალიბა და აეციუსის არმიის განადგურებასაც გეგმავდა...

კრონბორგი - ჰამლეტის ციხე-დარბაზი

კრონბორგი დანიის ყველაზე სახელგანთქმული ციხე-დარბაზია ქალაქ ელსინორის (იგივე ჰელსინგერის) მახლობლად, კუნძულ ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ადგილზე დანიისა და შვედეთის გამყოფი ერესუნის სრუტის სიგანე სულ რაღაც 4 კილომეტრია, რაც დიდხანს ანიჭებდა ციხე-დარბაზს დიდ სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას. იგი იუნესკოს მიერ შეტანილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც ჩრდილოეთ ევროპაში აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე-დარბაზი.

იესო ქრისტე კინოეკრანზე

იესო ქრისტესა და ბიბლიურ თემაზე მსოფლიო კინემატოგრაფში უამრავი ფილმია შექმნილი. ჟურნალში გაეცნობით ამ ფილმების ამომწურავ ნუსხას და სახეებს, რომლებიც რეჟისორებმა და მსახიობებმა შემქნეს.

ჟაკ ლე გოფი - ფრანგი "ისტორიის მამა"

ამ გაზაფხულზე საფრანგეთისა და მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება გამოეთხოვა მსოფლიო მედიევისტიკის (შუა საუკუნის ისტორიის) უდიდეს წარმომადგენელს, ჟაკ ლე გოფს, როგორც ფრანგ ისტორიკოსებს უყვართ თქმა, "მხეც ისტორიკოსს". უხუცესი მეცნიერის (იგი 90 წლის იყო) გარდაცვალებას გამოეხმაურა არა მარტო ფრანგული, არამედ საერთაშორისო საზოგადოება...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

გრიგოლ ორბელიანის საყურადღებო წერილი - როგორ უწყობდა ხელს სახელგანთქმული გენერალი ქართული საეკლესიო გალობის დამკვიდრებას

გერმანელი მხატვრის "ფერადი საგანძური" - როგორ გამოიყურებოდა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული ძეგლები გასული საუკუნის 70-80-იან წლებში

ბიზანტიის იმპერატორის ოქროს მონეტა - ახალი აღმოჩენა მცხეთაში

დიდი მწერლის თვალით დანახული საქართველო. ალექსანდრე დიუმა - "კავკასია"

ირაკლი ოჩიაურის ცხოვრების გზა - "მე ვარ ხევსური, რომელსაც შურისძიების გრძნობა არ აქვს..."

ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები