"მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი"

"მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი"

მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გამოდგება მის კვალიფიციურ კრიტიკოსად ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, მედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა განუცხადა.

მეტრეველის შეფასებით, კრიტიკა იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ ის კვალიფიციური იქნება.

"პირველ რიგში, თუ ბატონი ბიძინა გააქტიურდება, იქნება ძალიან კარგი, რადგან მოსაწყენია მის გარეშე – ადრე, მისი აქტიურობის დროს, უფრო მხიარულება იყო ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ვეთანხმები აბსოლუტურად იმაში, რომ მედიას სჭირდება კრიტიკა, მაგრამ ეს კრიტიკაც უნდა იყოს კვალიფიციური. ბატონი ბიძინა რამდენად გამოდგება მედიის კვალიფიციურ კრიტიკოსად, ეს უკვე მეორე საკითხია, რატომ არის ის მედიაექსპერტი?! ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი მედიაზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. კი ბატონო, გვაკრიტიკონ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ კრიტიკის არ უნდა შეგვეშინდეს. ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც მოქალაქეს აქვს უფლება გვაკრიტიკოს რამდენიც უნდა. თუ კრიტიკა იქნება კვალიფიციური - გავითვალისწინებთ, თუ არ იქნება, არ გავიზიარებთ, ესეც ჩვენი უფლებაა", - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. როგორც ივანიშვილი ამბობს, "ძალიან ხშირად შეეხება" ამ თემას და მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთმობს.

"ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რომ ვბედავდი და მედიას ვსაყვედურობდი, მაგრამ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები - საზოგადოების წევრები და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლს და, თუ გნებავთ, კრიტიკას. როგორც ჩემ დროს, როცა ვახერხებდი კრიტიკული აზრი გამომეთქვა, ისე დღეს, თუკი დღევანდელი მთავრობიდან ამას ვინმე მოახერხებს, მიდის საშინელი აჟიოტაჟი, რომ ხდება მედიაზე ძალადობა და ა.შ. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან (რადგან ყველაზე მეტად საშიშია, თუ ხელისუფლება ერევა და ძალადობს მედიაზე), მაგრამ ის, რომ ამ თემას ტაბუ დაადო - მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება. მე ძალიან ხშირად შევეხები ამ თემას - ახლავე ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები. ეს განწყობა ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება შეეშალოთ და იმ სურათს ნუ დახატავენ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ არის პოლიტიკურად დევნილი", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ინტერვიუს სრული ვერსია ასევე 15 სექტემბერს, ორშაბათს, 19:30 საათზე იხილეთ "პალიტრა თV"-ს ეთერში, აუდიო ვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები