ლაშა ტუღუში - არ იქნებოდა სწორი, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის კრიტიკას დაიწყებდნენ

ლაშა ტუღუში - არ იქნებოდა სწორი, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის კრიტიკას დაიწყებდნენ

არ იქნებოდა სწორი, თუ ქვეყანაში წესად დავამკვიდრებდით და ხელისუფლების წარმომადგენლები დაიწყებდნენ მედიის კრიტიკას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, მედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა.

როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, კრიტიკა ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ შორის, მედიის კრიტიკაც ბუნებრივია. თუმცა, როგორც წესი, აღმასრულებელი თუ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკით დაკავებულები არ არიან.

"ეს არ არის მათი საქმე. რადგან მათ აქვთ საკუთარი განსხვავებული ამოცანა. ისინი არიან დაქირავებულები მოქალაქეების მიერ. მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან უხდიან მათ ხელფასებს. ბიძინა ივანიშვილი საუბრობს მინისტრებზე და მოყვანილი აქვს როგორც კარგი მაგალითები, რომ შეიძლება მათ გააკრიტიკონ მედია. ჩემი აზრით, არ იქნებოდა სწორი თუ წესად დავამკვიდრებდით ქვეყანაში და ხელისუფლების წარმომადგენლები დაიწყებდნენ მედიის კრიტიკას", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მან შესაძლოა სპეციალური გადაცემა და საათებიც მიუძღვნას ანალიზს, თუ როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები. ლაშა ტუღუშის მოსაზრებით, ძალიან საინტერესო იქნებოდა ასეთი ტიპის, ზოგადად ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, რადგან "ივანიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია და მას ბევრი სათქმელი ექნება".

მისივე თქმით, თუ გადაცემას ექნება სადისკუსიო ფორმატი და დისკუსია გაიმართება უშუალოდ მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, "პატიოსანი თამაშის წესებით", თანაბარი შესაძლებლობებითა და თანაბარი უფლებებით, ასეთ დისკუსიებში შესვლა ძალიან საინტერესო იქნებოდა.

როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, თავად დიდი სიამოვნებით ისაუბრებდა არამარტო მედიაზე, არამედ ხელისუფლების საქმიანობაზე, რეფორმებზე, რადგან "ბევრი სათქმელი დაგროვდა". მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო რესურსი ჩართული არ იქნება.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა

როგორც ივანიშვილი ამბობს, "ძალიან ხშირად შეეხება" ამ თემას და მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთმობს.

"ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რომ ვბედავდი და მედიას ვსაყვედურობდი, მაგრამ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები - საზოგადოების წევრები და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსა და, თუ გნებავთ, კრიტიკას. როგორც ჩემ დროს, როცა ვახერხებდი კრიტიკული აზრი გამომეთქვა, ისე დღეს, თუკი დღევანდელი მთავრობიდან ამას ვინმე მოახერხებს, მიდის საშინელი აჟიოტაჟი, რომ ხდება მედიაზე ძალადობა და ა.შ. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან (რადგან ყველაზე მეტად საშიშია, თუ ხელისუფლება ერევა და ძალადობს მედიაზე), მაგრამ ის, რომ ამ თემას ტაბუ დაადო - მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება. მე ძალიან ხშირად შევეხები ამ თემას - ახლავე ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები. ეს განწყობა ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება შეეშალოთ და იმ სურათს ნუ დახატავენ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ არის პოლიტიკურად დევნილი", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, მთავრობის წევრის მხრიდან მედიის მისამართით კრიტიკის გამოთქმა "მის სიძლიერედ შეიძლება ჩავთვალოთ".

"ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა მსახურობდეს და რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს, უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება. თუ ამას ბედავენ და ამ დროს მედიის თავისუფლებას თავს ვერავინ ესხმის, ეს არის იდეალური - თუ ამას მთავრობის წევრი ბედავს და ამავდროულად, არანაირი ნიშანი არაა, რომ მან შეიძლება მედიაზე ზეწოლა მოახდინოს ან მოახდინა, იდეალურია. ე.ი მას სუფთა ზურგი აქვს. ეს მის სიძლიერედ შეიძლება ჩავთვალოთ. ის იწვევს მედიას და უპასუხონ. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედიასაშუალებებს მთავრობის რომელიმე წევრის პასუხის უფლება არ აქვთ", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მედიას ტაბუ დაედო, ეს ყველაზე დიდი უბედურების მომტანი იქნება.

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ მედია გახდეს უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და მასზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ, კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვათ, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა – კრიტიკა არ სურდა ამ კაცს, მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და მივიღეთ შედეგი, კატასრტოფისკენ მიყავდა ჩვენი ქვეყანა", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ინტერვიუს სრული ვერსია ასევე 15 სექტემბერს, ორშაბათს, 19:30 საათზე იხილეთ "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიო ვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები