"ჟურნალისტიკა პრინციპების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა, სხვა შემთხვევაში ის ჟურნალისტიკა არ არის"

"ჟურნალისტიკა პრინციპების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა, სხვა შემთხვევაში ის ჟურნალისტიკა არ არის"

ჯეი როზენმა დაწერა მახვილგონივრული ტექსტი, რომელშიც ჟურნალისტიკა ორ მიმართულებად გაყო: ჟურნალისტიკა პოლიტიკური პოზიციის გარეშე (მაგალითად, ტრადიციული ამერიკული ჟურნალისტიკა, რომელიც თავს ობიექტურად მიიჩნევს) და პოლიტიკური პოზიციით (გლენ გრინვალდის და Guardian-ის მაგალითი). ჯეი ასახელებს ამ მიდგომების წინაპირობებს და უპირატესობებს. New York Times-ის მარგარეტ სალივანის მსგავსად, ის აღნიშნავს, რომ ედუარდ სნოუდენმა საკუთარი მასალები გლენ გრინვალდს და Guardian-ს იმიტომ გადასცა, რომ ისინი პოლიტიკური პოზიციის მქონე ჟურნალისტიკას განასახიერებენ.

მე კიდევ უფრო შორს წავალ და შევეცდები დავამტკიცო ის, რომ, პირველ რიგში, ის, რასაც გრინვალდი და Guardian-ი აკეთებენ - ეს არის არა იმდენად პოლიტიკა, რამდენადაც საზოგადოებრივი საქმიანობა, და მეორეც, რომ ნებისმიერი ჟურნალისტიკა - ეს ან არის საზოგადოებრივი საქმიანობა, ან საერთოდ არ არის ჟურნალისტიკა.

პირველი პუნქტი: უსაფრთხოების ნაციონალურ სააგენტოსთან (CIA) დაკავშირებულ ისტორიაში, გრინვალდი და Guardian-ი არ განამტკიცებდნენ საკუთარი პოლიტიკური ბანაკის პოზიციებს. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ გრინვალდიც და Guardian-იც პოლიტიკაში თავს ლიბერალთა ბანაკს მიაკუთვნებენ (მეტიც, Guardian-ს აქვს პრეტენზია, რომ ის, არც მეტი არც ნაკლები, "მსოფლიოს წამყვანი ლიბერალური ხმაა"), ისინი თავს დაესხნენ პროგრამას, რომელსაც აწარმოებს და ამართლებს ამერიკის ლიბერალური ადმინისტრაცია, და აშკარაა, რომ, ყველაზე ცოტა ამ ადმინისტრაციას გარკვეული პრობლემები შეუქმნეს. ასეთი ქმედებით, გრინვალდმა და Guardian-მა აჩვენეს ჟურნალისტიკის უდიდესი ღირებულება: ინტელექტუალური პატიოსნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მიუკერძოებლები არიან. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ სიმართლის გულისთვის ისინი მზად არიან ზიანი მიაყენონ საკუთარ მხარეს. გრინვალდი და Guardian-ი იცავენ არა საკუთარი მოკავშირეების პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ პრინციპებს: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მთავრობის პასუხისმგებლობას და გამჭვირვალეობას, ძალაუფლების ბალანსს და ხალხის უფლებას იცოდეს.

მეორე პუნქტი: თუკი ამ თვალსაზრისით მივუდგებით, ხომ არ დაემსგავსება ნებისმიერი ჟურნალისტიკა საზოაგდოებრივ საქმიანობას? და ხომ არ იქნება მისი ხარისხის რეალური საზომი პრინციპების და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის მზადყოფნა? როდესაც ჩვენ ვირჩევთ იმას, თუ რა და როგორ უნდა დავიცვათ და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ჩვენ ხომ მიგვაჩნია, რომ სწორედ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ? როგორც ჯეიმს ქერიმ აღნიშნა: "ჟურნალისტიკისათვის საკვანძო სიტყვა, მისი ალფა და ომეგა, სიტყვა, რომლის გარეშეც ამ საქმიანობას აზრი ეკარგება - ეს არის სიტყვა "საზოგადოება".

როდესაც Washington Post (რომლის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი, როგორც ცნობილია, არჩევნებში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობდა, რათა არ დაერღვია პოლიტიკური პოზიციის არქონის ეთიკა) გადაწყვეტს დაწეროს მთავრობის გაუმჭვირვალეობაზე ან საჯარო კლინიკაში ვეტერანებისადმი ცუდი მოპყრობის შესახებ ან პრეზიდენტის მხრიდან დარღვევებზე, ის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ინტერესებს იცავს. როდესაც რედაქტორი უშვებს ჟურნალისტს გამოიძიოს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, უოლ-სთრითის აფიორა ან სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა. როდესაც გაზეთი დგება ღარიბების, დევნილების, დაჩაგრულების, მიტოვებულების ან უბრალოდ სისტემასთან დაპირისპირებული პატარა ადამიანის მხარეს - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა. მეტიც, როდესაც სამედიცინო ჟურნალისტიკა გვიამბობს, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კიბო (ან, თუნდაც როგორ უნდა დავიკლოთ წონაში) - ეს საზოგადოებრივი ჟურნალისტიკაა, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. ჩემი აზრით, კრიტიკოსიც კი, რომელიც ფილმებზე რეცენზიებს წერს, იმისათვის, რომ ტყუილად ფული არ დავხარჯოთ, ნაწილობრივ ჩვენს ინტერესებს იცავს (თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ასეთ პრობლემებს კრიტიკოსების გარეშეც შეგვიძლია გავართვათ თავი).

მაგრამ, თუკი ტელეკომპანია აგზავნის გადამღებ ჯგუფს ან ვერტმფრენს მორიგი ხანძრის, ტრაგედიის, გადასაღებად, საიდანაც ჩვენ ვერანაირ გაკვეთილს ვერ ვისწავლით - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არა. ხოლო, როდესაც ტელევიზია (არ იფიქროთ, რომ ვერჩი) საათობით არჩევს ჯოდი არიასის დანაშაულის მსუყე დეტალებს, რასაც ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არა. როდესაც საიტი აგროვებს ზღვის თევზების ფოტოებს - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არ მგონია. როდესაც გაზეთი აშუქებს საფეხბურთო მატჩებს, ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არა. მაგრამ არის კი ეს ყველაფერი ჟურნალისტიკა? ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმით - არა.

მაგრამ, მაშინ რაა ის, რასაც ჩვენ ჟურნალისტიკას ვეძახით, მაგრამ რაც არ იცავს არც ადამიანებს, არც პრინციპებს და არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს? უარეს შემთხვევაში ეს არის ექსპლუატაცია (სატყუარა აუდიტორიისათვის, რეკლამის გასაღება, რეიტინგების გაბერვა, მნახველთა რაოდენობის გაზრდა) უკეთეს შემთხვევაში - გართობა. პირველი - ცუდი რამ არის, მეორე - ყოველთვის არა, რადგან გასართობ მასალას (არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სტატია, წიგნი, გადაცემა თუ კინო) შეუძლია ადამიანების ინფორმირება და მათთვის ცოდნის გადაცემა. მაგრამ თუკი ის არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ადამიანებს უკეთ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება ან საკუთარი საზოგადოება, ის ჟურნალისტიკის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ჟურნალისტიკა, როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა გასართობ ჟურნალისტიკასთან, ეკონომიკური მიზეზების გამო გაერთიანდა: გასართობი მასალები აუდიტორიას იზიდავს და ჟურნალისტური საქმიანობის ხარჯების დაფარვას ეხმარება. თუმცა, მათი გაერთიანება ერთი ტერმინის ქვეშ, შეცდომა იქნებოდა. თითქოს, თუკი გაზეთი ჟურნალისტიკით არის დაკავებული, ყველაფერი, რასაც ჟურნალისტები ამ გაზეთში წერენ ჟურნალისტიკაა? არა. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი იყო ჟურნალისტი იმისთვის, რომ იმას რასაც შენ აკეთებ, ჟურნალისტიკა ერქვას. ეს მუშაობის შედეგია, და არა პოზიციის სახელწოდება. (მოგვიანებით, დავწერ იმ პარადოქსზე, რომელიც ამგვარი სიტუაციით წარმოქმნილ ანაზღაურებას უკავშირდება).

მაგრამ, რატომ აქვს ამგვარ დეტალებს მნიშვნელობა? იმიტომ, რომ, მაშინ, როდესაც კარზე ინფორმაციის წყარო მოგიკაკუნებს, შენ უნდა გადაწყვიტო არა ის, თუ ვის მხარეს ხარ შენ, არამედ ის, თუ რა პრინციპებს ემსახურები. სინამდვილეში, პრესაში მიმდინარე დავა იმის თაობაზე, სნოუდენი გმირია თუ მოღალატე, არასწორი შეკითხვის ირგვლივ მიმდინარეობს. Guardian-ს, როგორც ჟურნალისტურ ორგანიზაციას საკუთარი თავისთვის მხოლოდ ის უნდა ეკითხა, აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება იცოდეს იმ ცნობების შესახებ, რომელიც მას ინფორმატორმა მიუტანა - იმისგან დამოუკიდებლად, რომელმა მხარემ მოიგო ამით (ერთადერთი შეზღუდვაა აქ - არ ავნო საზოგადოების ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით).

გარდა ამისა, Guardian-ს უნდა გადაეწყვიტა, საჭიროა თუ არა ამ მასალების გადამუშავება, და თუ საჭიროა როგორ. ესეც, რა თქმა უნდა, ჟურნალისტური საქმიანობის ხარისხის კიდევ ერთი კრიტერიუმია. ედუარდ სნოუდენმა, ისევე როგორც Wikileaks-მა, პრესას უამრავი "ნედლი" საიდუმლო დოკუმენტები მიაწოდა. ორივე შემთხვევაში მედიამ (1) მოაცილა მას ის, რასაც შეიძლება ზიანი მოჰყოლოდა, (2) აცნობა მის შესახებ საზოგადოებას, და რაც ყველაზე მთავარია, (3) ნედლ ცნობებს დაურთო საკუთარი კომენტარები, რომელიც მას განმარტავდა და მის ნამდვილობას ადასტურებდა.

Guardian-ის მკითხველების შეკითხვებზე სნოუდენის პასუხების გაცნობისას, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რიტორიკასთან, ისევე როგორც პირად სიმამაცესთან დაკავშირებით მას ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვს კონკრეტიკასთან დაკავშირებით. მე დღემდე არ ვარ დარწმუნებული, აქვს თუ არა მას ცნობები პირველწყაროდან - თუ მას, ისევე როგორც ბრედლი მენინგს, უბრალოდ ხელი მიუწვდებოდა დოკუმენტებზე. ამიტომ აქ საჭიროა ბევრი ჟურნალისტური მუშაობა. ახლახან, Associated Press-ში გამოქვეყნებული მასალა იყო კარგი მცდელობა იმისა, რომ თემას ახალი ცნობები დამატებოდა, კონტექსტი დაზუსტებულიყო და განმარტებულიყო სნოუდენის კვლავინდებურად საეჭვო და სადავო დოკუმენტების ბურუსით მოცული ადგილები.

Associated Press და Guardian წყვეტენ თუ რა უნდა გააშუქონ და გამოაქვეყნონ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ეფუძნებიან საკუთარ რწმენას იმაში, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ და ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ. სწორედ ეს არის ჟურნალისტიკა. და ეს არის საზოგადოებრივი საქმიანობაც.

ჯეფ ჯარვისი

Buzz Machine

წყარო: foreignpress.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები