ქართული სატელევიზიო სივრცის 3 სიახლე, რომლის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ

ქართული სატელევიზიო სივრცის 3 სიახლე, რომლის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ

ახალი სატელევიზიო სეზონი უკვე დაიწყო. სხვადასხვა არხზე უკვე გამოჩნდა ახალი, თუ განახლებული ტელეშოუები, თუმცა არის პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ მზადების ეტაპზეა და რომელთა შესახებ ჯერ კიდევ არ გაცხადებულა. AMBEBI.GE წარმოგიდგენთ ქართული სატელევიზიო სივრცის 3 სიახლეს, რომლის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ.

15 ოქტომბრიდან "პირველ არხზე" ჟურნალისტი თეა გვასალია ბრუნდება მისი ცნობილი ტელე-პროექტით - "ამბობენ", რომელიც წლების წინ ძალიან პოპულარული იყო, თუმცა ამჯერად გადაცემას თამუნა მუსერიძე წაიყვანს.

თამუნა მუსერიძე (ტელეწამყვანი):

- 15 ოქტომბრიდან დაიწყება "პირველ არხზე" დილის გადაცემის ახალი სეზონი. უამრავი სიახლე გვაქვს. დაემატება ახალი რუბრიკები, მოვიწვევთ საინტერესო სტუმრებს. ასევე, გვეყოლება ახალი წამყვანები, მათი წინასწარ დასახელებისგან თავს შევიკავებ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს ბიჭები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობენ და ძალიან უყვართ.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თეა გვასალიას გადაცემა "ამბობენ" ბრუნდება ეთერში, რომლის წამყვანიც შენ იქნები...

თამუნა მუსერიძე (ტელეწამყვანი):

- ნამდვილად ასეა, დილის გადაცემით ჩავერთვები ამ რუბრიკით. თეა გვასალიას გადაცემას ვუყურებდი მთელი ბავშვობა, მერე სარკესთან ვჯდებოდი და ვამბობდი, ეს არის გადაცემა "ამბობენ", მე ვარ თამუნა მუსერიძე, გვიყურეთ ჩვენ. თეა საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს, რომელსაც 15 ოქტომრიდან წარმოგიდგენთ. გადაცემის მსვლელობის დროს რამდენჯერმე ჩავერთვები ჩემი რუბრიკით ეთერში. ძირითადად გავაშუქებთ იმას, რაზეც წერს Ambebi.ge, შევეცდებით, განსაკუთრებით მძიმე და სკანდალური თემები არ ვაჩვენოთ ეთერში. სამწუხაროდ, ქართულ შოუ-ბიზნესში არაფერი ხდება, მაგრამ ჩვენი მომღერლები თუ მსახიობები დიდ წარმატებებს აღწევენ სხვა ქვეყნის შოუებში, ამის შესახებ ტელევიზია არაფერს აჩვენებს, ძირითადად მხოლოდ თქვენგან ვიგებთ ქართულ შოუ-ბიზნესში მიმდინარე სიახლეების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების შესახებ სიახლეებს. თუ ჩატარდება კონცერტები და სხვა კულტურული ღონისძიებები, ბუნებრივია, ამასაც გავაშუქებთ.

სატელევიზიო სივრცეში სიახლეებით უკვე რიგით მესამე სეზონს იწყებს "პალიტრა TV". არხმა, სექტემბერში, ახალი პროექტების ნაწილი უკვე ჩაუშვა საეთერო ბადეში, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მაყურებელს ოქტომბრიდანაც სიახლეებს პირდებიან. ამ ყველაფერზე TV-რადიო "პალიტრის" დირექტორი ინგა დადიანი გვესაუბრა.

- "პალიტრა TV" სექტემბრიდან რამდენიმე განახლებული და რამდენიმე ახალი პროექტით დაბრუნდა. მაყურებელმა უკვე იხილა განახლებული "განო და კოტეს შოუ შუადღის ამბებით". პროექტი ახლა უფრო სოციალური გახდა; განო და კოტე ცდილობენ პირდაპირ ეთერში მოისმინონ მოსახლეობის პრობლემები და დაეხმარონ მათ.

ეთერში დაბრუნდა თამარ ცაგარეიშვილიც, თუმცა ამჯერად ახალი პროექტით - "არამექანიკური ფორთოხალი". ეს არის შემეცნებითი გადაცემა, რომელშიც წამყვანი სტუმართან და აუდიტორიასთან ერთად  საკულტო წიგნებსა თუ გმირებზე საუბრობს. გარდა წიგნის მოყვარულებისა, ჩვენ სიახლე გვაქვს კინო-გურმანებისთვისაც გადაცემა "ლუპის" სახით, რომელსაც გიორგი მეგრელიშვილი უძღვება.

რაც შეეხება სიახლეს, რომლის შესახებ მაყურებლისთვის ჯერ არაფერი გვითქვამს, ისტორიული სერიალის მოყვარულებს გაახარებს. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ "პალიტრა TV" იყო პირველი ქართული ტელევიზია, რომელმაც თურქული სერიალის ჩვენება დაიწყო ორი წლის წინ, რომლის შემდეგ ჩვენს ნოვაციას სხვა ტელეარხებმაც მიბაძეს. ამჯერად ჩვენ კიდევ ერთ ექსპერიმენტზე მივდივართ და სრულიად ახალ პროდუქტს ვთავაზობთ მაყურებელს, - პირველად ქართულ ტელესივრცეში კორეული სერიალების ჩვენებას ვიწყებთ. უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოში კორეული სერიალის მიმართ მოლოდინი უკვე ძალიან მაღალია, რაზეც მოწმობს ფორუმებზე გახსნილი პოპულარული თემები, რომელშიც ქართველი ინტერნეტმომხმარებლები კორეული სერიალების მიმართ დიდ სიმპატიას აფიქსირებენ. სერიალი, სახელწოდებით "იმპერატორის მეუღლე", 2014 წლის ყველაზე წარმატებული ისტორიული სერიალია.

რაც შეეხება სიუჟეტს, სერიალის გმირია უბრალო კორეელი გოგო, რომელიც ჯერ მონღოლეთის იმპერატორის მეუღლე ხდება, შემდეგ კი თავად ადის ტახტზე. მისი გულის დასაპყრობად ყველაზე ძლევამოსილი მართველები ებრძვიან ერთმანეთს. ასე რომ მე-14 სააუკუნის მონღოლეთისა და ჩინეთის იმპერიების სამეფო კარის ინტრიგები, სიყვარული, ერთგულება, ღალატი და ბრძოლა პირველობისთვის, რომელსაც სისხლისმღვრელი ომები მოჰყვა... და რაც მთავარია, ეს ყველაფერი რეალურ, ისტორიული ფაქტებსა და ისტორიულ პერსონაჟებზეა აგებული. ბრაზილიური სერიალისგან განსხვავებით, რომელსაც ყოველდღიურად, 19:30-ზე იხილავს მაყურებელი, "იმპერატორის მეუღლე" "პალიტრა TV"-ზე შაბათ-კვირა, 21:00-ზე გავა.

"რუსთავი 2" ახალ სატელევიზიო სეზონს ორი მეგა პროექტით იწყებს. ეთერში დაბრუნდება გადაცემა "ბრავო" და სახალხო პროექტი "ნიჭიერი".

- როდიდან დაბრუნდება რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა "ბრავო" და რა სიახლეებს შემოგვთავაზებთ?

გიორგი ხაბურძანია (პროდუსერი):

- "ბრავოს" ეყოლება ძალიან მაგარი წამყვანები - სტეფანე და თინა მახარაძე. ახლა გავდივართ რეპეტიციებს და ძალიან შეიყვარებს მათ მაყურებელი. ამ ამპლუაში მათი ნახვა მგონი ყველას გაუხარდება. მონაწილეები შევარჩიეთ იმ პროექტებიდან, რომლებიც "რუსთავი 2"-ის პროექტებიდან შეიყვარა მაყურებელმა, - მარიკო ლეჟავა, ოთო ნემსაძე, მეგი გოგიტიძე და სხვები. "ბრავო" ეთერში 3 ოქტომბრიდან გავა.

- "ნიჭიერი" რა სიახლეებს გვთავაზობს ამ სეზონზე? ამბობდნენ, რომ უგო ბაგრატიონი და მაკა ჩიჩუა იქნებოდნენ ჟიურის წევრები, მართალია?

- ბევრი ჭორი გავრცელდა, მაგრამ ჟიური ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. ია ფარულავა და ნიკა გვარამია ყველა ვარიანტში იქნებიან ჟიურის წევრები. გეგა ფალავანდიშვილი სულ სხვა მიმართულებით მიდის და ჟიურის წევრი არ იქნება. როგორც კი ოფიციალურად გვეცოდინება ჟიურის შემადგენლობა, შეგატყობინებთ. შეიცვალა წამყვანები, გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი წაიყვანენ გადაცემას 27 ოქტომბრიდან.

თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები