"ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ" - "ინტერპრესნიუსის" "დიქტატორი" რედაქტორი

"ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ" - "ინტერპრესნიუსის" "დიქტატორი" რედაქტორი

ის საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" პასუხისმგებელი რედაქტორია, სადაც წლების წინ შემთხვევით მოხვდა. - უბრალოდ, რედაქტორის ვაკანსია იყო. მოვიდა, მოეწონათ და დატოვეს... თუმცა, ირინა დეკანოიძეს მანამდე პრესაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

- ოჯახში ისეთი გარემო მქონდა, რომ ყველას გაუკვირდებოდა, ჟურნალისტი არ გამოვსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მამა ისტორიკოსია და ძალიან კარგად წერს. არის პროზაული და პოეტური კრებულების ავტორი. წლების განმავლობაში რაიონული გაზეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მისგან ვისწავლე, -ყველაფრისთვის ისე შემეხედა და დამეწერა, რომ სხვისთვისაც საინტერესო წასაკითხი ყოფილიყო. მესამე-მეოთხე კლასიდან საჩხერის გაზეთში ჩემი ჩანახატები, წერილები იბეჭდებოდა და ჰონორარიც მქონდა, რასაც ჩემი ძმა პენსიას ეძახდა, რადგანაც ის ფოსტალიონს ბებიაჩემის პენსიასთან ერთად მოჰქონდა. სტუდენტობისას ვმუშაობდი გაზეთში -"თბილისის უნივერსიტეტი". მოკლედ, არც ჩემი ჟურნალისტობა ყოფილა შემთხვევითი და არც -ფილოსოფოსობა. ორივე ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება იყო.

-ახლა როგორ არის საქმე, - ფილოსოფოსი ჟურნალისტი ხარ,  თუ პირიქით?

-ჩემს თავს ფილოსოფოსობას მხოლოდ იმაზე ვატყობ, რომ ხანდახან მიჭირს აზრის მოკლედ ჩამოყალიბება. ფილოსოფიაში მიჩვეული ვიყავი: კითხვის დასმისას ჯერ უნდა ჩამოაყალიბო წანამძღვრები და ბოლოს გააკეთო დანასკვი. ჟურნალისტიკაში კი ჯერ ახალი ამბავია და თემას მერე შლი... ამიტომ, როდესაც ჟურნალისტებს დავალებაზე ვუშვებ, ჩამოვაყალიბებ ხოლმე წანამძღვრებს და ბოლოში ვაკეთებ დანასკვს ანუ რას ვითხოვ ჟურნალისტისგან. მგონი, არ არის ცუდი. ჯობია, ნათლად აუხსნა, რა გინდა. მთავარია, მანაც კარგად მოგისმინოს. ფილოსოფიის ფაკულტეტმა კი მოსმენის კულტურა ნამდილად ჩამომიყალიბა და მასწავლა. ამიტომ, როცა ვლაპარაკობ, მინდა, სხვამაც მომისმინოს.

-ახალბედა ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

-როდესაც "ინტერპრესნიუსში" რაიმე ვაკანსია ჩნდება და მიდის მსჯელობა, -ვინ შეიძლება სამუშაოდ ავიყვანოთ, სულ ვერიდები ახალბედებთან კონტაქტს.

-გასაგებია, რომ მათ გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ ისინიც ხომ უნდა გაიზარდონ?

-კი, უნდა გაიზარდონ და ახლა რაც ვთქვი, ეს შეიძლება ჩემი მინუსიც არის, მაგრამ მუშაობა მაინც გამოცდილ ჟურნალისტებთან მირჩევნია. რა ვქნა, მიმაჩნია, რომ იმ ახალბედას მუშაობის მცირედი გამოცდილება, საფუძველი, გარკვეული ბაზა მაინც უნდა ჰქონდეს.

-თითქმის ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ხშირად "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით იწყებს გამოშვებას... ეს შენთვის რას ნიშნავს?

-ეს რომ ასეა, სწორედ ამიტომ ვითხოვ ჩვენი ჟურნალისტებისგან ამის კარგად გაცნობიერებას... ზოგჯერ ისინი ხუმრობით ამბობენ, რომ ირინა დიქტატორი და მკაცრია... თანამშრომლებთან არასდროს მექნება თუნდაც ოდნავ ხმააწეული საუბარი ვთქვათ, ვინმეს თმის ფერზე ან ჩაცმის სტილზე. ხმის ტონს მხოლოდ იმიტომ ავუწევ, რომ მე ვიცი და ვგრძნობ, რას ითხოვს ჩვენგან მკითხველი, რა უნდა! თუ მკაცრი ვარ და ზედმეტად მომთხოვნი, მხოლოდ ეს არის ამის მიზეზი. ამიტომ, მომხმარებლისთვის ობიექტური, ოპერატიული და გამართული ქართულით დაწერილი ინფორმაციის მისაწოდებლად, თავსაც მოვიკლავ. ძალიან გამიჭირდება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც იტყვის, რომ სამსახურში საცობის გამო დააგვიანდა ან სამსახურში მოსვლისას, დილას, მისი პირველი მოქმედება იქნება ყავის მოდუღება და სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ახალ ამბავს მეორე დილით "ფეისბუკიდან" გაიგებს. მოკლედ, პასუხისმგებლობის ტვირთს არ ეყოფა მხოლოდ ჩემი მაქსიმალიზმი და ამიტომაც არის ხოლმე, რომ ადამიანური თვალსაზრისითაც და პროფესიულადაც ძალიან განვიციდი, როდესაც ჩვენგან მიდის ჟურნალისტი. სულ ვცდილობ, რომ ეს იყოს პირველ რიგში გუნდი. რასაც პირობითად აკეთებს ერთი, იმის გულშემატკივარი იყოს მეორე და არავინ უნდა თქვას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. მოკლედ, ეს ჩვენი საქმეა!

იხილეთ სტატია სრულად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები