ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი N11 (47), რომელშიც წაიკითხავთ:

"მოგვშორდი და შენი წითელი არმიაც წაიყვანეო" - როგორ შეხვდნენ სტალინს გასაბჭოებულ საქართველოში

სტალინის კულტის ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირსა და მათ შორის, გასაბჭოებულ საქართველოში 30-იანი წლებიდან დაიწყო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ იგი კიდევ უფრო განმტკიცდა. დესტალინიზაცია კი 1956 წლიდან, სკკპ XX ყრილობიდან დაიწყო, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების კულტი დაგმო. საქართველოში ეს პროცესი რეალურად 80-იან წლებში - ეროვნული მოძრაობის აღმავლობასა და შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად გააქტიურდა, მაგრამ ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილში სტალინისადმი სიმპათია დღესაც შეინიშნება. არადა, ჯერ კიდევ სტალინის კულტის შექმნამდე, საბჭოთა რუსეთის ეროვნებათა სახალხო კომისარსა და რუსეთის კომპარტიის ლიდერ იოსებ ჯუღაშვილს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის ერთ-ერთ ინიციატორს, დაპყრობილ საქართველოში ჩამოსვლისას ქართველმა მუშებმა არცთუ თბილი შეხვედრა მოუწყვეს. ამ ფაქტს საბჭოთა ისტორიოგრაფია განგებ უვლიდა გვერდს, მაგრამ ის, რასაც საბჭოთა ისტორიოგრაფია გვერდს უვლიდა, კარგად შემოინახა საარქივო დოკუმენტებმა.

ქართველთა უძველესი ნაკვალევი ნაზარეთსა და იერუსალიმის უდაბნოში

წმინდა მიწაზე ქართველები, თითქმის უწყვეტად, თოთხმეტი საუკუნის (IV-XVII სს.) განმავლობაში მოღვაწეობდნენ. სხვადასხვა დროს ჩვენი წინაპრები სრულად ან საზიაროდ ფლობდნენ არაერთ იქაურ ეკლესია-მონასტერს (მათი რიცხვი ლამის ოთხ ათეულამდე აღწევს). ამ წმინდა სავანეთა ნაწილი დღეს უკვე აღარ არსებობს, ზოგიერთის ზუსტი იდენტიფიცირება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მაგრამ გარდა იმ ეკლესია-მონასტრებისა, რომელთა შესახებაც ასე თუ ისე ვფლობთ ინფორმაციას, წმინდა მიწა, როგორც ჩანს, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ბევრ გამოუმზეურებელ ძეგლს ინახავს. ისრაელელი არქეოლოგები, ფაქტობრივად, ყოველწლიურად აკეთებენ ახალ-ახალ აღმოჩენებს, ზოგჯერ უბრალო შემთხვევითობის წყალობით. წინამდებარე წერილში ორ ასეთ აღმოჩენაზეა საუბარი. უამრავ საყურადღებო ნიუანსთან ერთად, ისინი წმინდა მიწაზე ქართველთა უადრესი ყოფნის ფაქტს ასაჩინოებენ.

ოპერაცია "კენტავრის" კრახი - როგორ დაამხეს პრეზიდენტი ალიენდე

1978 წელს საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ვიტაუტას ჟელკიავიჩუსის ფილმი "კენტავრი", რომელიც ჩილეში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სალვადორ ალიენდეს დამხობას მიეძღვნა. უკვე საბჭოთა იმპერიის კრახის შემდეგ ჟელკიავიჩუსმა ინტერვიუში განაცხადა: "ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც სუკ-ის პირველ განყოფილებაში (დაზვერვა) მუშაობდა, საიდუმლოდ გამიმხილა: ალიენდეს პრეზიდენტად არჩევა იყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ნაწილი, კოდური სახელწოდებით "კენტავრი". ამოცანა ასეთი გახლდათ: ალიენდეს გაპრეზიდენტების შედეგად ჩილეში ქაოსი უნდა დაწყებულიყო. რუსებიც გადატრიალებას განახორციელებდნენ და ქვეყანაში პრორუსული დიქტატურა დამყარდებოდა. ანუ განმეორდებოდა ის, რაც კუბაში მოხდა"...

ბუკინგემის სასახლე - ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი იმპერიის მთავარ სასახლეში 775 ოთახია

ბუკინგემის სასახლე ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნაგებობაა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის უმთავრეს კლასიკურ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. შენობა ბრიტანელი მონარქების ოფიციალურ ლონდონის რეზიდენციად გამოცხადდა 1837 წელს, ჰანოვერთა დინასტიის უკანასკნელი მონარქის, დედოფალ ვიქტორიას ტახტზე ასვლისას. დღეს სასახლე ამჟამინდელი მონარქის - უინძორების დინასტიის წარმომადგენლის, ელისაბედ მეორის ოფიციალური ლონდონის რეზიდენციაა და როცა დედოფალი იქ იმყოფება, შენობის თავზე სამეფო შტანდარტი ფრიალებს...

რას მოგვითხრობენ ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეები" შესახებ ჩვენი ჟურნალის წინა ნომერშიც მოვუთხრობდით მკითხველს. ოქტომბერში ამ პროექტის ფარგლებში მეორე ექსპედიცია მოეწყო ისტორიული ტაოს პროვინციაში. ჩატარებული სამუშაოს თაობაზე გვესაუბრება თსუ სრულ პროფესორი, პროექტ "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეების" ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია.

ალექსანდრე - აღმაშენებელი / წმინდა ილია მართლის წმინდა მოძღვარს, ილიას მსგავსად, მოკვლას უპირებდნენ

გასაოცარი და შეუცნობელია განგებულება ღვთისა. თუ ქართველ მირონცხებულ მეფეთაგან წმინდანად შერაცხილმა დავით IV ბაგრატიონმა დაიმკვიდრა ისტორიაში აღმაშენებლის სახელი, სასულიერო მოღვაწეთაგან ასეთი პატივი წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძეს ხვდა წილად. "ალექსანდრე აღმაშენებელი", "მამა ქართველთა", "შიო ახალი", "აფხაზეთის მეორე მოციქული", "XIX საუკუნის ცოცხალი მატიანე", "სკოლა სათნოებისა"... ეს ეპითეტები მან სიცოცხლეშივე დაიმსახურა თანამედროვეთაგან და რაც დრო გადის, შთამომავალთაგან მით მეტი პატივი მიეგება მღვდელმთავარს ქართული ეკლესიისა და სამშობლოს უანგარო და ფასდაუდებელი სამსახურისთვის.

***

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ლეგენდა და სინამდვილე ელენე დარიანისა - როგორ იკვეთება ტიციან ტაბიძისა და სხვათა წერილებში პოეტი ქალის რეალური სახე

რატომ აჯანყდნენ აფხაზები 1866 წელს? - ისტორიკოსები საბჭოური სტერეოტიპების ტყვეობაში

ფეოდალური წოდებები შუა საუკუნეების ევროპაში

"ცივი ომის" პირველი მსხვერპლი - იან მასარიკი

სად არის საცივის სამშობლო?

ვაჟა აზარაშვილი: მზე ჩემი მეგობარია...

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები