ჟურნალმა "... და ქალი" და "ტიფანი ბარმა" ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გამართეს

ჟურნალმა "... და ქალი" და "ტიფანი ბარმა" ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გამართეს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სასტუმრო" რივერ საიდის" პირველ სართულზე დღეს "ტიფანი ბარი" გაიხსნა, სადაც ჟურნალმა "...და ქალი" წლის შემაჯამებელი ღონისძიება მოაწყო. ლენტი საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მეუღლესთან და ბარის მმართველთან ერთად გაჭრა. საღამოს მიწვეული სტუმრები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ბარის დიზაინი ფილმ "საუზმე ტიფანისთან" თანხვედრაშია. ინტერიერი ოდრი ჰეპბერნის ფოტოებით არის გაწყობილი. სწორედ ამიტომ, სასურველი იყო დრეს კოდის დაცვა, რომლის თანახმად, სტუმრებს ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან" რაიმე დეტალი უნდა ჰქონოდათ. დამსწრე საზოგადოების დიდ ნაწილს მარგალიტის მძივი და გვირგვინი ამშვენებდა.

ჟურნალ "და ქალი"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის მარიკა დარჩიას ცნობით, ჟურნალი 3 წელია გამოდის და 35 ნომერია გამოცემული. მისივე თქმით, გამოცემამ გადაწყვიტა, რომ ერთგულ მკითხველთან ანგარიშით წარმდგარიყო.

".და ქალი", ქალებს ამ ღონისძიებით ეუბნება, რომ იყვნენ მოხდენილები, ხალისიანები. ძალიან ბევრი ტვირთის მიუხედავად, ჰქონდეთ შესაძლებლობა ყოველდღიურობას გამოსტაცონ რაღაც წუთები, რომლებიც მათ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და მისცემს საშუალებას, იყვნენ ქალები", - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

"..ტიფანი ბარის" მმართველის, "მირა ჯგუფის" დირექტორის მოადგილის ნუგზარ შველიძის თქმით, "მირა ჯგუფს" თბილისში ექსკლუზიური ბარის გაკეთების იდეა ერთი წლის წინ გაუჩნდა. მისივე თქმით, ბარი დიზაინით, მომსახურებითა თუ სამზარეულოთი ყველა სხვა დაწესებულებისგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო.

"ადგილი უნიკალურია, როგორც ბიზნეს ლანჩისთვის, ასევე რომანტიული და კორპორატიული საღამოს მოსაწყობად. ბარი განსაკუთრებით გოგონებზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ მოეწყო "და ქალის" ღონისძიება აღნიშნულ სივრცეში", - განაცხადა ნუგზარ შველიძემ.

ბარის მმართველ შველიძეების ოჯახს, "პალიტრა მედიასა" და ამერიკის სავაჭრო პალატას დღევანდელი დღე მიულოცა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რამდენიმე გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.

"პირველი გზავნილია, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფერო. საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ძალზე ბევრი შესაძლებლობები არსებობს. მეორე გზავნილია, რომ მეწარმეობა ეს არის საკვანძო თემა. ეს არის ძალზე კარგი გზავნილი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელიც გამოიხატება შემდეგში: თუ ბევრს მუშაობ, ინვესტიციას ახორციელებ გონივრულად, წარმატება წინ დაგხვდება. მესამე გზავნილი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და სასიხარულოა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ამერიკული კულტურის ნაწილს. შესრულდა კომპოზიცია "მოონ რივერ", რომელიც ძალზე ცნობილი კომპოზიციაა. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ აქ ვდგავართ, სადაც მშრალი ხიდი გადმოგვყურებს, ადგილი, სადაც ოდესღაც მდინარე გადიოდა. ეს არის კულტურული კომპონენტი, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანასაც აკავშირებს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ღონისძიებაზე არაერთი გათამაშება მოეწყო. მაგალითად, ქალბატონები, რომლებსაც ჩანთაში, წითელი პომადა, სარკე, სავარცხელი და სხვადასხვა ნივთები აღმოაჩნდათ, საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე პრიზი მამაკაცებმაც მოიგეს, რაზეც მარიკა დარჩიამ აღნიშნა, რომ როგორც აღმოჩდა, ჟურნალს "და ქალი", მამაკაცებიც სიამოვნებით კითხულობენ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები