რა პირობების გამო მიიღეს ჟურნალიტების ნაწილმა "მაესტროზე" დარჩენის გადაწყვეტილება

რა პირობების გამო მიიღეს ჟურნალიტების ნაწილმა "მაესტროზე" დარჩენის გადაწყვეტილება

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები, რომლებმაც არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს, განცხადებას ავრცელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "მაესტროში" დარჩენილმა ჟურნალისტებმა აცნობეს, დღეს მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები უცვლელი დარჩება.

"ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელმაც მიიღო არხზე დარჩენის გადაწყვეტილება, ადასტურებენ, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა, გუშინდელ თათბირზე განაცხადა, რომ გადაცემა "ცხრიანი" ბადიდან მოიხსნებოდა და, დიდი ალბათობით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება, არხზე გავიდოდა შვიდ საათზე. თათბირზე ბაია გადაბაძემ თქვა ისიც, რომ კოკა ყანდიაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება მის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც ბადეში პრაიმ-ტაიმის დროს დაიკავებდა. თათბირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. დღეს სამსახურში მისულ ჟურნალისტებს გვესაუბრა არხის მენეჯმენტი და მივიღეთ გარანტია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება "ცხრიანი" ეთერში უცვლელ დროს გავა, კოკა ყანდიაშვილის არხზე მოსვლა კი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი. იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაცემა მაინც გავა "მაესტროს" ეთერით, ის მომზადდება დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელსაც არხთან არანაირი შეხება არ ექნება. დღეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები დარჩება უცვლელი. ესაა პირობები, რომლის გამოც ამ ეტაპზე ჩვენ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ", - ნათქვამია "მაესტროს" ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლებმაც არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.

"მაესტროზე" სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა. "მაესტროს" თანამშრომლების ინფორმაციით, მათ გუშინ გამართულ თათბირზე ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლა იგეგმება.

როგორც კოკა ყანდიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არასდროს ყოფილა მოლაპარაკებები "მაესტროზე" მუშაობის დაწყების თაობაზე, მოლაპარაკებები უკვე ნახევარ წელზე მეტი მიმდინარეობს მისი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით, კერძოდ, "მაესტრო" დაინტერესებულია ორი ტელე-პროდუქტით, რეალითი-შოუ ფეხბურთზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, რომლის წამყვანადაც თავად კოკა ყანდიაშვილი მოიაზრება. "რა ჟიჟილაშვილის ადგილზე, რა "მაესტროში" მუშაობა, მართლა ძალიან შევწუხდი უკვე", - ასე გამოეხმაურა კოკა ყანდიაშვილი "მაესტროს" უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციას, რომ არხზე მიმდინარე რეორაგიზაციის ფარგლებში "მაესტროს ცხრიანი" ეთერში აღარ გავა, ხოლო ნინი ჟიჟილაშვილის კოკა ყანდიაშვილით ჩანაცვლება იგეგმება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები